სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების პროცესი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული აგრო-საკონსულტაციო სერვისების არსებობაზე. ამ სახის სერვისები ფერმერებისათვის უზრუნველყოფს მათი მეურნეობების ეფექტური ფუნქციონირებისათვის საჭირო თანამედროვე ცოდნის და ინფორმაციის მიწოდებას. შესაბამისად, აგრო-საკონსულტაციო სერვისებზე წვდომის არასებობა, ან არაობიექტური და უხარისხო აგრო-საკონსულტაციო სერვისები წარმოადგენს ქვეყნის აგრარული სექტორის განვითარების შემაფერხებელ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს.

მოცემულ ეტაპზე ქართველ ფერმერებს გააჩნიათ აგრო-საკონსულტაციო სერვისების მიღების ორი უმთავრესი საშუალება:

  1. ტექნოლოგიების რეალიზატორი კომპანიები;
  2. პრესა და ინტერნეტი;
  3. საჯარო აგრო-საკონსულტაციო სამსახურები.

აგრო-საკონსულტაციო სერვისების წარმოებისას ტექნოლოგიების რეალიზატორი კომპანიების უმთავრეს მოტივაციას წარმოადგენს საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია. აქედან გამომდინარე კერძო სექტორი აწარმოებს მხოლოდ მისი პროდუქტების მოხმარებასთან დაკავშირებულ საკონსულტაციო სერვისებს მხოლოდ მისი კლიენტი ფერმერებისათვის.

აგრარული მიმართულების პრესა ქვეყანაში გამოიცემა ნაკლები რაოდენობით და ვერ უზრუნველყოფს საკონსულტაციო სერვისებსა და ინფორმაციაზე ფერმერთა თემებში არსებული მოთხოვნის დაფარვას. ხოლო ინტერნეტით ან სხვა გადაუმოწმებელი საშუალებით კი ფერმერები ხშირად იღებენ მცდარ ინფორმაციას.

ამჟამად საქართველოში შექმნილია და ვითარდება აგრო-საკონსულტაციო სევრისების წარმოებაზე ორიენტირებული სახელმწიფო სამსახური (გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები).

აღნიშნული სამსახურები წარმოდგენილია საქართველოს ყველა ტერიტორიულ ერთეულში - რეგიონალურ და მუნიციპალურ დონეებზე. მათი უმთავრესი ამოცანაა ობიექტური აგრო-საკონსულტაციო სერვისების წარმოება და საჭირო ცოდნის გავრცელება.

სოფლების დიდი რაოდენობის და ფერმერულ მეურნეობათა მრავალფეროვნების გამო  მოცემულ ეტაპზე აგრო-საკონსულტაციო მიმართულებით მომუშავე საჯარო სტრუქტურები საჭიროებენ დამხმარე მექანიზმებს, რათა მაქსიმალურად იქნას უზრუნველყოფილი ფერმერებისათვის საჭირო ინფორმაციის და საკონსულტაციო სერვისების სისტემატური მიწოდება. ამ მიმართულებით საჭიროა არსებობდეს აგრარული პროფილის საინფორმაციო-საკონსულტაციო მასალების ერთიანი ცენტრალიზებული ბაზა, რომელიც ერთის მხრივ უზრუნველყოფს საჭირო საკონსულტაციო-საცნობარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ფერმერებისათვის და მეორეს მხრივ მისი ფუნქციონირება არ იქნება დაკავშირებული დიდ ფინანსურ დანახარჯებთან.

აგრო-საკონსულტაციო სფეროში არსებული სიტუაციის შესწავლის და შესაბამისი კვლევების განხორციელების შედეგად, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობის“ მიერ შეიქმნა ცოდნის და ინფორმაციის გავრცელებაზე ორიენტირებული ინოვაციური პლატფორმა - აგროპედია.

აგროპედია წარმოადგენს თანამედროვე და მუდმივად განახლებად აგრო-ბიბლიოთეკას, რომელიც მოთავსებულია სპეციალურ აპარატში - აგროპედიას კიოსკში, რომელიც თავის მხრივ განთავსებულია მუნიციპალეტეტებში, ისეთ საჯარო დაწესებულებებში, სადაც ხშირად დადიან ადგილობრივი ფერმერები. ასეთი დაწესებულებებია: გამგეობები, მუნიციპალიტეტის მერია, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადგილობრივი სამსახურები და სხვ. კიოსკით სარგებლობა უფასოა, საჭირო ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მარტივად – ეკრანზე ხელის შეხებით.

კიოსკის დიზაინი და მოხმარების წესი მაქსიმალურად ადაპტირებულია ფერმერთა საჭიროებებზე. პროგრამის მართვა კიოსკებში ინფორმაციის განახლება - ახალი აგრო-საკონსულტაციო პროფილის მასალების სისტემატური დამატება წარმოებს ცენტრალიზებულად, „საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობის“ ექსპერტების მიერ, საჯარო სექტორში მომუშავე სპეციალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

ამ დროისათვის აგროპედიას კიოსკებში მოცემულია 2000-ზე მეტი სტატია და მასალა სხვადასხვა აგრო-ღონისძიებისა თუ სერვისის შესახებ.

აგროპედიას შექმნის და მისი გავრცელების უმთავრეს მიზანს წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიების და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით საინფორმაციო-საკონსულტაციო და შემეცნებითი სივრცის შექმნა საქართველოში მცხოვრები ფერმერებისათვის და ფერმერთა წვდომის უზრუნველყოფა მათი მეურნეობებისათვის საჭირო ინფორმაციასა და მასალებზე.  გარდა ამისა, აგროპედია არის დამხმარე მექანიზმი აგრო-საკონსულტაციო სფეროში მომუშავე საჯარო მოხელეებისთვის: აგროპედიას გამოყენებით მათ საშუალება ეძლევათ ეფექტურად და უდანახარჯოდ გაავრცელონ საჭირო ინფორმაცია და რეკომენდაციები ფერმერთა თემებში და სრულად ხელმისაწვდომი გახადონ საკონსულტაციო სერვისები ყველა ფერმერისათვის.

აგრო-საექსტენციო/საკონსულტაციო სერვისების მიწოდების მსგავსი მექანიზმი შეიქმნა და ინერგება მხოლოდ საქართველოში. იდეა ეკუთვნის ორგანიზაციას. თავდაპირველად, ორგანიზაციის მიერ ჩატარდა კვლევა, რათა მომხდარიყო მსგავსი მოწყობილობების იდენტიფიცირება, რაც გაამარტივებდა ქართული ანალოგის შექმნას. კვლევის პროცესში ჩართული იქნა როგორც ადგილობრივი დონორი ორგანიზაციები, ასევე აგრო-საექსტენციო მიმართულებით მნიშვნელოვანი რესურსების მქონე საგანმანათლებლო ინსტიტუტები (ტეხასის და ილინოისის უნივერსიტეტები).

კვლევის შედეგად აგრო-მიმართულებით მომუშავე მსგავსი მოწყობილობის ანალოგის იდენტიფიცირება ვერ განხორციელდა. შესაბამისად, მოწყობილობის დიზაინი და ტექნიკური შესაძლებლობები განისაზღვრა საქართველოში და დამზადდა ელექტრონული პროგრამა ქართულენოვანი პროფესიული შიგთავსით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლებელია ითქვას რომ პროექტი ინოვაციურია და მისი დანერგვა ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხოლოდ საქართველოში, თუმცა მას გააჩნია საერთაშორისო/რეგიონალურ დონეზე გავრცელების პოტენციალი პოსტ-საბჭოთა ქვეყნებსა და სხვა, განვითარებად სახელმწიფოებში, სადაც სოფლის მეურნეობით დაკავებულია მოსახლეობის დიდი ნაწილი და ნაკლებია წვდომა თანამედროვე აგრარულ ლიტერატურასა და აგრო-საკონსულტაციო სერვისებზე.

თავდაპირველად აგროპედიას იდეის პრაქტიკაში დანერგვის მიზნით ორგანიზაცია ანხორციელებს პროექტს, რომელიც შედგება სამი ძირითადი ეტაპისაგან:

I ეტაპი - აგროპედიას პროექტის პილოტირება მუნიციპალურ დონეზე.

II ეტაპი - მუნიციპალურ დონეზე პილოტირებული პროექტის შედეგების გათვალისწინებით აგროპედიას გავრცელება-ადაპტირება რეგიონალურ დონეზე.

III ეტაპი - აგროპედიას პროექტის გავრცელება ეროვნულ დონეზე.

მუნიციპალურ დონეზე აგროპედიას პროექტის პილოტირება განხორციელდა 2017 წელს, აჭარის ა/რ-ში, სადაც ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის მხარდაჭერით, აგროპედიას კიოსკი გადაეცა აჭარის ა(ა)იპ „აგროსერვისცენტრს“ და განთავსდა ქედის მუნიციპალიტეტში. შემდგომი პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა:

  • აგროპედიას კიოსკის მოხმარების დინამიკაზე დაკვირვებას და აღრიცხვას;
  • მასალების მუდმივად განახლებას;
  • პროგრამის ტექნიკურ ადაპტირებას კვლევის ფარგლებში იდენტიფიცირებული საჭიროებების შესაბამისად.

კვლევის შედეგებმა წარმოაჩინა რომ ერთი სავეგეტაციო სეზონის განმავლობაში (მარტიდან-ნოემბრამდე) ქედის მუნიციპალიტეტში წაკითხული იქნა  აგროპედიას კიოსკში არსებული ყველა მასალა (1500 სტატია). ხოლო წაკითხული მასალების ჯერადობამ კი გადააჭარბა 10 000-ს.

აღნიშნული შედეგი წარმოაჩენს იდეის ეფექტურობას, გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ სხვა ნებისმიერი არსებული საშუალებით ანალოგიური შედეგის მიღწევა საჭიროებს გაცილებით მეტ ფინანსურ დანახარჯებს. მაგალითად, იგივე რაოდენობის მასალის დაბეჭდილი სახით გავრცელების ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება აგროპედიას ერთი კიოსკის ღირებულებას და უმნიშვნელო ხარჯებს, რომელიც დაკავშირებულია კიოსკის მიერ ელექტროენერგიის მოხმარებასთან. ხოლო 1500 ერთეული სტატიის სატელევიზიო ფორმატით გავრცელება კი ტექნიკური თვალსაზრისით გაცილებით რთული და ასევე ძვირადღირებული პროცესია.

ინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობის თვალსაზრისით აგროპედიას კიოსკების ერთადერთ პოტენციურ ალტერნატივას წარმოადგენს ინტერნეტი, მაგრამ ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ერთის მხრივ საქართველოს სოფლებში ინტერნეტის მიწოდება ჯერჯერობით შეზღუდულია და მეორეს მხრივ შუახნის და ასაკოვანი ფერმერები ნაკლებად ფლობენ ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციის მოძიებისათვის საჭირო ცოდნას. აგროპედიას კიოსკით სარგებლობა კი მარტივი პროცესია. ამიტომ აგროპედიას პროექტი უმთავრესად ორიენტირებულია წვრილი და საშუალო ფერმერული მეურნეობების მქონე ფერმერთა საჭიროებებზე. საქართველოს აგრარულ სექტორში დასაქმებული ადამიანების უმრავლესობა კი ფლობს წვრილ და საშუალო ფერმერულ მეურნეობებს.    

პროექტის პირველი ეტაპის განხორციელების და მიღებული შედეგების გაცნობის შემდეგ დაიწყო პროექტის მეორე ეტაპი - აგროპედიას კიოსკების რეგიონალურ დონეზე გავრცელების პროცესი. შედეგად, აგროპედიას კიოსკები განთავსდა აჭარის ა/რ-ის ყველა მუნიციპალიტეტში და ქალაქ ბათუმში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენობაში.

კიოსკების ტექნიკური ინსტალაციის პარალელურად, გაგრძელდა პროგრამის მოხმარების აღრიცხვის და მასალების დამატების პროცესი. ამ დროისათვის ყოველთვიურად ფერმერების მიერ თითოეული კიოსკიდან წაკითხული მასალების რაოდენობა 600-დან 900-მდეა, ხოლო ჯერადობა კი საშუალოდ 1000-1200-ის ფარგლებშია. ჯამურად, აჭარის ა/რ-ის ტერიტორიაზე განთავსებული აგროპედიას კიოსკებში განთავსებული მასალის წაკითხვის ჯერადობა თვეში საშუალოდ 6000-მდე აღწევს.

აჭარის ა/რ-ის მუნიციპალიტეტებში განთავსებული აგროპედიას კიოსკების მართვის პარალელურად, მიმდინარეობს პროექტის მესამე ეტაპის მოსამზადებელი პროცესი. როგორც უკვე აღინიშნა, პროექტის მესამე ეტაპი გულისხმობს აგროპედიას კიოსკების გავრცელებას ეროვნულ დონეზე. ამ დროისათვის პროექტის მესამე ეტაპის თავდაპირველ სამიზნე არეალად შერჩეული იქნა რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის  რეგიონი, სადაც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) პროექტის („პროფესიული განათლებისა და ექსტენციის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“) მხარდაჭერით განხორციელდა აგროპედიას კიოსკის ინსტალაცია და მიმდინარეობს სამუშაოები კიოსკების შემდგომი რეპლიკაციის მიმართულებით. გარდა ამისა, პროექტის მესამე ეტაპის ფარგლებში აგროპედიას კიოსკის განთავსება განხორციელდა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, სადაც კიოსკის საშუალებით აგრარული პროფილის სტუდენტები იღებენ საჭირო ცოდნას და ინფორმაციას როგორც დარგობრივი მიმართულებებით, ასევე სასწავლო პროცესის შესახებ.

მოცემულ ეტაპზე აგროპედიას პროექტის ძირითადი პარტნიორები არიან:

  • სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD).
  • გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) პროექტი („პროფესიული განათლებისა და ექსტენციის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“).
  • ჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი.
  • საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი.
  • საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
  • სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.
  • USAID-REAP პროექტი საქართველოში.