ცერეცო - აღწერილობა და მოვლა-მოყვანის აგროწესები
15 / 01 / 2019

ცერეცო (Anethum qraveolens L.) კულტურაში დიდი ხნიდან დანერგილი სურნელოვანი ბოსტნეულია.  მის მწვანე ფოთლებს იყენებენ, როგორც საკაზმ საშუალებას სხვადასხვა საჭმლის შესაკაზმად. იგი ახალგაზრდა მდგომარეობაში გამოიყენება  მწვანილადაც, ხოლო მოზრდილ აყვავებულ მცენარეებს ხმარობენ როგორც არომატულ მასალას მწნილების დამზადებისას.

ცერეცო თავისი ქიმიური შედგენილობით მაღალი კვებითი ღირებულების მქონე  ბოსტნეულად ითვლება. იგი საშუალოდ შეიცავს: 83,8% წყალს, 3,5% აზოტოვან ნივთიერებებს, 7,3% ნახშირწყლებს ცერეცო, მათ შორის  2,1% უჯრედისს და 2,4% ნაცარს.   ცერეცო შეიცავს აგრეთვე A და C ვიტამინს.

ბოტანიკური და ბიოლოგიური დახასიათება. ცერეცო ეკუთვნის ქოლგოსანთა ოჯახს. ერთწლიანი მცენარეა, გარეული სახით გვხვდება სამხრეთ ევროპაში. ცერეცოს თესლი შედარებით მსხვილია, ბრტყელი, მაგრამ მსუბუქი. თესლი შეიცავს 2,5% ცერეცოს ეთერის ზეთს და მაგარი გარეკანი აქვს, რის გამოც ნელა ღივდება. დათესვის შემდეგ ღივები  16-20 დღეში ამოდიან. არახელსაყრელ პირობებში აღმოცენდება 25-35 დღეში და ზოგჯერ კი მთელი წლით შეჩერდება, დაღუპვით კი არ დაიღუპება და შესაფერისი პირობების დადგომისას აუცილებლად აღმოცენდება. ცერეცოს ხშირად კამას უწოდებენ, რაც სწორი არ არის. ისინი ერთ ოჯახში არიან გაერთიანებული, მაგრამ სხვადასხვა გვარისაა. კამა მრავალწლიანი მცენარეა, ის წააგავს ცერეცოს, მაგრამ იზრდება და დიდი ფოთლები აქვს.

დამოკიდებულება გარემო პირობებთან. ცერეცო სიცივისამტანი, ყინვაგამძლე მცენარეა. ღივები უძლებს -5 -60-ს, რის გამოც ბარის რაიონებში იგი კარგად ზამთრობს. ოპტიმალური ტემპერატურა ცერეცოს  ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის 16±70-ია.

ცერეცო განათების მიმართ მომთხოვნია. ცერეცო  ისე, როგორც სალათა, გრძელი დღის მცენარეა. გრძელი დღის ხანგრძლივი განათების პირობებში ის სწრაფად ღეროიანდება. შესუსტებული განათების პირობებში ცერეცოს მოყვანისას საერთო მოსავალიც მცირდება და პროდუქციის ხარისხიც, განსაკუთრებით მისი არომატულობაა დაბალი. ამიტომ შესუსტებული განათების პირობებში მისი მოყვანა არასასურველია.

ცერეცო ტენის მიმართ ნაკლებად მომთხოვნია. ნიადაგში ტენის ნაკლებობა მას ძლიერ ზიანს არ აყენებს. იგი მოითხოვს აგრეთვე ჰაერის შემცირებულ შეფარდებით ტენიანობას 60-70%-ის ფარგლებში. სწორედ ასეთი ცერეცო ნაკლებ მომთხოვნია ნიადაგის ნაყოფიერებისადმი. ცერეცო დიდ მოთხოვნებს არ უყენებს  ნიადაგსა და სასუქს.

ცერეცოს აგროტექნიკა. ცერეცოს თესავენ სხვა კულტურებთან ერთად კვლებში ან ბაზოებზე. დიდ ფართობებში თესავენ მწკრივად და ზოლებრივად. მწკრივებს შორის მანძილი 10-15 სმ-ია. ზოლებშორის მანძილი 50 სმ-ია. თესვის ნორმა 10 კგ-ჰა-ზე. თუმცა მეორდება წლის განმავლობაში რამდენჯერმე 15-20 დღის დროგამოშვებით.

მოვლის ძირითადი ღონისძიებაა სარეველებთან ბრძოლა, ნიადაგის გაფხვიერება და საჭიროების მიხედვით მორწყვა.

მწვანილად ცერეცოს იღებენ დათესვიდან 40-50 დღეში, როდესაც მცენარე მიაღწევს 10 სმ სიმაღლეს. მწნილების დასამზადებლად კი ცერეცოს იღებენ დათესვიდან 85-90 დღის შემდეგ, როდესაც მცენარე ყვავილობს ან დაყვავილებულია.

იღებენ მთელ მცენარეს ძირზე შეჭრით ან ფოთლების მოკრეფით. კრავენ პატარა კონებად და ისე აგზავნიან დანიშნულებისამებრ. მწნილების დასამზადებლად იღებენ დათესვიდან 85-90 დღის შემდეგ, როდესაც მცენარეები უკვე ყვავილობენ ან დაყვავილებული არიან.

ცერეცოს მოყვანა შეიძლება კვალსათბურებშიც. ერთი ჩარჩოს ქვეშ თესავენ 20-30 გ თესლს. თესლს ასველებენ 4-5 დღით ადრე. ნათესის მოვლა გამოიხატება ნიადაგის გაფხვიერებით და მორწყვით, რადგან მცენარე აგროვებს ნაკლებ ეთერის ზეთს შესუსტებული განათების გამო.

მსგავსი სიახლეები