ბატატი - ჩითილის გამოყვანის, გადარგვის და მოვლა-მოყვანის წესები
15 / 01 / 2019

ბატატის (ლათ. Ipomea batatas) პროდუქციული ნაწილი ფესვური წარმოშობის ტუბერია, რომელიც გამოირჩევა ნახშირწყლების, კერძოდ შაქრების უფრო დიდი შემცველობით, ვიდრე კარტოფილი. ამის გამო მას „ტკბილ კარტოფილსაც“ უწოდებენ.

ბატატი ხასიათდება აგრეთვე კარგი გემური თვისებებით. გემო ჯიშების მიხედვით შეიძლება ქონდეს კარტოფილის, წაბლის, გოგრისა და ხილის.

ბატატი გამოიყენება შემწვარი ან მოხარშული სახით, ტკბილი სუპების, ხილფაფის და სხვა საჭმელების დასამზადებლად.იგი აგრეთვე გამოიყენება საკონსერვო და საკონდიტრო წარმოებაში. ბატატის მიწისზედა ნაწილები (ღერო და ფოთოლი) საუკეთესო საკვებს წარმოადგენს პირუტყვისათვის, როგორც მწვანე, ისე დასილოსებული ან თივად გამხმარი სახით.

ამრიგად ბატატს მრავალმხრივი გამოყენება აქვს და ძვირფას კულტურად ითვლება. საქართველოში ამ კულტურისათვის შესაფერისი ხელსაყრელი პირობები (როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში) სუბტროპიკულ ზონებშია, მით უმეტეს, რომ ამ ზონებში გაზაფხულზე ნათესი საგვიანო კარტოფილის მოსავალი მეტად მცირეა ხოლმე და ბატატს თავისუფლად შეუძლია შეცვალოს იგი.
ბიოლოგიური დახასიათება. ბატატი მიეკუთვნება ხვირთქლისებრთა ოჯახს. იგი ტროპიკული ამერიკიდანაა წარმოშობილი. იქიდან ის მოხვდა წყნარი ოკეანის კუნძულებზე და გავრცელდა შორეული აღმოსავლეთის ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყნებში. ჩინეთში ბატატი ცნობილი იყო ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში. ამერიკის მცხოვრებლები მას იცნობდნენ და საჭმელად ხმარობდნენ რამდენიმე ათასი წლის წინათ, ქრისტეფორე კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენამდე. ამერიკის აღმოჩენის დროისთვის იქ უკვე ცნობილი იყო ბატატის რამდენიმე ჯიში.

ბატატი მრავალწლიანი მცენარეა. მისი ღერო ჩვეულებრივ წვრილია, მხოხავი და სიგრძით რამდენიმე მეტრს აღწევს. ფოთოლი ღრმად დასერილია. მუქი წითელი ლაქებით ფირფიტის ფუძესთან ან უამისოდ, გრძელი ან მოკლე ყუნწით. ფესვები, რომლებიც ნიადაგში ღრმად არ მიდის, მსხვილდება და ვეგეტაციის დასასრულს განივითარებს ტუბერისმაგვარ ფესურებს. ბატატის ღერო და ძირი შიცავს რძისებრ წვენს. ბატატის ყვავილები თეთრი ან ლილიფერია. მცენარე საქართველოში იშვიათად ყვავის და თესლს არასოდეს არ ივითარებს (ვერ ასწრებს).

დამოკიდებულება გარემო პირობებთან. ბატატი სითბოსმოყვარული მცენარეა, ადვილად ზიანდება და იღუპება მცირე წაყინვების პირობებში. მისი ზრდა-განვითარებისათვის საჭირო ოპტიმალურ ტემპერატურას წარმოადგენს 30±7C⁰.

ტენიანობის მიმართ ბატატი შედარებით ნაკლებად მომთხოვნია. შესაბამისად, კარგად უძლებს გვალვას. მაგრამ გასათვალისწინებელ ფაქტორს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ტენის ნაკლებობის შემთხვევაში ბატატის ფესვები ღრმად მიდიან ნიადაგში, რის გამოც ტუბერები (ფესვური გამსხვილებები) წვრილი გამოდის. ამიტომ აუცილებელია ბატატის მორწყვა გვალვიანი სეზონის შემთხვევაში.
საკვები ელემენტების მიმართ ბატატი საკმაოდ მომთხოვნია. ორგანული სასუქებიდან იგი საჭიროებს 20-25 ტონა ნაკელს ჰა-ზე.

ნაკელის უქონლობის შემთხვევაში, ბატატი მოითხოვს მინერალური სასუქების შემდეგ დოზებს სუფთა ნივთიერებაზე გადაანგარიშებით:

N – 30-40კგ.

P – 60-90კგ.

K – 90-20კგ.

ბატატის გამრავლება და მოვლა-მოყვანის აგროწესები. არსებობს ბატატის გამრავლების სხვადასხვა წესი, საიდანაც საქართველოს პირობებში ყველაზე ოპტიმალურია გამრავლება ჩითილით, რომელსაც ზრდიან კვალსათბურებში ტუბერის გაღივების გზით. ამისთვის დარგვამდე ორი თვით ადრე აწყობენ კვალსათბურებს ჩვეულებრივი წესით, მხოლოდ მიწის ნაცვლად შიგ ყრიან ჩვეულებრივ სუფთა ქვიშას 10 სმ-ის სისქეზე. ქვიშაზე ხელით აწყობენ ტუბერებს ახლოს ერთიმეორესთან, მხოლოდ ისე, რომ ერთმანეთს არ ეხებოდნენ და აყრიან ქვიშას, იმ ანგარიშით, რომ ამოივსოს ტუბერთა შორის დარჩენილი ადგილები და ზემოდანაც დაეყაროს 2-3 სმ სისქით. შემდეგ კვალსათბურს სისტემატურად რწყავენ ნელთბილი წყლით და ანიავებენ იმგვარად, რომ კვალსათბურში 20-25⁰C ტემპერატურა იყოს.

როდესაც ტუბერები ამოიყრის 4-5 სმ სიგრძის ყლორტებს, ფესვთა სისტემის უკეთ განვითარების მიზნით, კიდევ აყრიან ქვიშას 2-3 სმ სისქით. როცა ყლორტები 12-15 სმ სიმაღლეს მიაღწევენ და ფესვებსაც გამოიტანენ, ისინი უკვე მზად არიან გადასარგავად. ნორმალურ პირობებში ამისთვის საჭიროა 6 კვირა. თუ სადედე ტუბერები საკმარისი არ არის, მაშინ მიმართავენ კალმებით გამრავლებას. ამისათვის კვალსათბურები უფრო ადრე უნდა გაიმართოს და ჩაიწყოს ტუბერები იმავე წესით, როგორც პირველ შემთხვევაში. როდესაც ყლორტები მიაღწევენ 15 სმ სიმაღლეს, ჭრიან 3-5 სმ-ის ზევით. მოჭრილ კალმებს დასაფესვიანებლად სხვა კვალსათბურებში ჩარგავენ 5-5 სმ-ის დაშორებით ერთმანეთისაგან, მორწყავენ და ოდნავ დაჩრდილავენ. მოჭრილი კალმების დასაფესვიანებლად ჩარგვა ასევე შესაძლებელია ტორფ-ნეშომპალიან ქოთნებშიც. კალმების მოჭრას იმეორებენ 3-4 ჯერ და იმგვარადვე რგავენ კვალსათბურებში, როგორც პირველი მოჭრისას. მცენარეების კარგად დაფესვიანებისა და ოდნავ ზრდაში შესვლის შემდეგ – ჩითილი მზად იქნება. ამის შემდეგ მას აკაჟებენ და გადარგავენ მუდმივ ადგილას. კალმების დაფესვიანების წესით ჩითილის აღსაზრდელად 1 ჰექტარისათვის საკმარისია 200-300 კგ. ტუბერები.

დარგვა. შემოდგომიდან მზრალად მოხნულ ნიადაგს ადრე გაზაფხულზე ფარცხავენ კბილებიანი ფარცხით და დარგვის წინ დაამუშავებენ თათებიანი კულტივატორით (10-12 სმ-ის სიღრმეზე კულტივაცია) ან საოშით (12-15 სმ-ზე აოშვა) და იმავე დროს დაფარცხვით. სასუქი შეიტანება კულტივაციის ან აოშვის წინ.
იმ შემთხვევაში თუ ნაკვეთი ირწყვება, იგი უნდა დაიკვალოს მიწის შემომყრელით და დამზადდეს შემაღლებული ბაძოკვლები, მორწყვის უკეთ ჩატარებისათვის, რადგან ბატატზე ცუდად მოქმედებს ნიადაგის ზედაპირზე წყლის დადგომა.

ბატატის დარგვას იწყებენ დილის წაყინვების საშიშროების გავლის შემდეგ. დარგვა ხდება მწკრივების სახით. მწკრივებს შორის მანძილი უნდა იყოს 100 სმ, ხოლო მცენარეებს შორის მანძილი 40-45 სმ.
დარგვა შესაძლებელია კვადრატულ-ბუდობრივადაც 70X70 ან 80X80 სმ-ზე. იმ შემთხვევაში თუ ნაკვეთი ირწყვება და გაკეთებულია ბაძოკვლები, დარგვა ხდება ბაძოკვლის ნაზურგზე გაკეთებულ სპეციალურ ბუდნებში. ჩითილის ჩარგვის სიღრმეა 7-10 სმ. დარგვის შემდეგ საჭიროა მორწყვა.
დარგვიდან 10-12 დღის შემდეგ უნდა ჩატარდეს გამორგვა.

ბატატის შემდეგი მოვლა გამოიხატება სარეველების მოცილებაში, ნიადაგის გაფხვიერებასა და მორწყვაში. სარეველების მოცილებისას თავიდან უნდა იქნას აცილებული კულტურის ბარდის გადანაცვლება, რადგან ეს იწვევს მოსავლიანობის შემცირებას.

მოსავლის აღება. იმ შემთხვევაში თუ ბატატი განკუთვნილია შენახვის გარეშე მოხმარებისათვის, მოსავლის აღება იწყება მაშინვე, როგორც კი ტუბერების მაგვარი ფესვურები მიაღწევენ სათანადო ზომებს. ხოლო შენახვისატვის განკუთვნილი ბატატის მოსავლის აღება უნდა მოხდეს მხოლოდ სრული მომწიფების შემდეგ. სიმწიფის დასადგენად ტუბერს სერავენ დანით. თუ გადანაჭერი მალე გაშრა, ე.ი. ტუბერი მომწიფებულია. ხოლო თუ არ გაშრა და გაშავდა კიდეც, ეს იმას ნიშნავს რომ ტუბერი მოუმწიფებელია.
მოსავლის აღებამდე 1-2 დღით ადრე საჭიროა მიწისზედა მასის მოთიბვა და გატანა ნაკვეთიდან. მიწიდან ამოღებულ ბატატს ნაკვეთზევე ტოვებენ 1-2 საათის განმავლობაში, გასაშრობად. გაშრობის შემდეგ მოსავალს ინახავენ სპეციალურ საწყობებში.

მსგავსი სიახლეები