მუხუდოს მოვლა-მოყვანის აგროტექნოლოგია
15 / 01 / 2019

მუხუდო კარგად ეგუება თითქმის ყველა ტიპის ნიადაგს, მათ შორის ქვიშნარ, კირიან და ბიცობ ნიადაგებსაც კი. მისთვის იდეალურია ნიადაგი, რომელიც გაზაფხულზე ადრე და კარგად თბება, კარგად ატარებს ჰაერს, აქვს კარგი, ფხვიერი სტრუქტურა და მდიდარია საკვები ელემენტებით.
ნიადაგის დამუშავების წესები ისეთივეა როგორც ლობიოსათვის: დასათესად განკუთვნილი ნიადაგი აღმოსავლეთ საქართველოში, ნაწვერალის აჩეჩვის ან წინამორბედი კულტურის აღების შემდეგ, შემოდგომაზე 25-30 სმ სიღრმეზე უნდა მოიხნას. დასავლეთ საქართველოში მოხვნა შესაძლებელია როგორც გვიან შემოდგომაზე, ასევე ზამთარში და ადრე გაზაფხულზე. გაზაფხულზე საჭიროა მზრალის თესვისწინა დამუშავება: დათესვამდე უნდა ჩატარდეს 2 კულტივაცია 10-12 სმ სიღრმეზე, თანმიყოლებული დაფარცხვით.

თესლის ჩათესვის სიღრმე 4-5 სმ-ია. მუხუდო ითესება ფართო მწკრივად. მანძილები მწკრივებს შორის 45 სმ-ია. დათესვა ასევე შესაძლებელია ზოლებრივადაც – ზოლებს შორის 45 სმ-ის, ხოლო ზოლში მწკრივებს შორის 15 სმ-ის დაშორებით.

კვების არეს (მანძილი მცენარეთა შორის) და სათესლე მასალის სიმსხოს მიხედვით, ერთ ჰა-ზე 80-დან 200 კგ-მდე თესლი ითესება, ანუ ერთ ჰა-ზე. დაახლოებით 500-700 ათასი მცენარე ეტევა. დათესვის შემდეგ ნიადაგის მსუბუქი მოტკეპნა აჩქარებს აღმოცენებას.

სავეგეტაციო პერიოდში ნათესებს დასჭირდება 2-3 კულტივაცია. ტენიანი გარემო მუხუდოს ყველაზე მეტად სჭირდება გაღივების, აღმოცენების, მარცვლების ფორმირების სტადიებზე. ამიტომ თუ ამ პერიოდს გვალვები დაემთხვა, საჭიროა მორწყვა, მინიმუმ ორჯერ. თითოეული მორწყვის ნორმა 350-500 მ3-ს შეადგენს ერთ ჰა-ზე.

მუხუდოს მოსავლიანობას მნიშვნელოვნად ზრდის ნიადაგის განოყიერება მინერალური სასუქებით: ყოველი ერთი ტონა მოსავლის მისაღებად შეთვისების კოეფიციენტის გათვალისწინებით საჭიროა ნიადაგში შეტანილი იქნას აზოტი 36,0 კგ, ფოსფორი 36,0 კგ, კალიუმი 32,0 კგ. სუფთა ნივთიერებები. საშუალოდ, მუხუდო ჰექტარზე 2 ტონამდე მოსავალს იძლევა და შესაბამისად თუ მიზნად დავისახავთ 2 ტონა მოსავლის მიღებას, ნიადაგში საჭირო იქნება 36 კგ აზოტის, 72,0 კგ. ფოსფორის და 64,0 კგ. კალიუმის შეტანა. მზრალად მოხვნის წინ 1 ჰა-ზე 20 ტონა გადამწვარი ნაკელის შეტანის შემთხვევაში კი საჭირო იქნება მხოლოდ 22 კგ. ფოსფორის შეტანა. (სუფთა ნივთიერება).

მავნე ორგანიზმებიდან მუხუდოს მთავარ საფრთხეს უქმნის სარეველების გავრცელება. ძლიერი დასარევლიანების შემთხვევაში ტოტალური ჰერბიციდებიდან შესაძლებელია გამოყენებული იქნას გლიფოსატის ბაზაზე დამზადებული პრეპარატები კულტურის დათესვამდე, ორლებნიანი სარეველების წინააღმდეგ კულტურის აღმოცენებამდე შესაძლებელია პრომეტრინის ბაზაზე დამზადებული ჰერბიციდის გამოყენება, ხოლო მარცვლოვანი სარეველების წინააღმდეგ კი კულტურის ვეგეტაციის პროცესში რეკომენდებულია ფენოქსაპროპ-პ-ეთილის ბაზაზე დამზადებული ჰერბიციდები.

მოსავლის აღება. როგორც ზემოთ აღინიშნა, მუხუდო თანაბრად შემოდის პარკები ადვილად არ სკდება და ეს საშუალებას იძლევა მუხუდო აღებული იქნას უშუალოდ კომბაინით, დაბალ ჭრაზე. თუ მუხუდოს პარკების დიდი ნაწილი გაყვითლებულია და მცენარე ისევ მწვანეა, ამ დროს შესაძლებელია გამოყენებული იქნას დესიკანტი ფოთლების გასაცვენად ან მოსავალი აღებული იქნას გაყოფით – ორ ფაზად: ჯერ მოიჭრება მცენარეები, გაშრება და გაშრობის შემდეგ კი გაილეწება.

მსგავსი სიახლეები