სალათი - აღწერილობა, თესვა მოვლა-მოყვანა
15 / 01 / 2019

ბოტანიკური დახასიათება. სალათი ერთწლიანი კულტურაა, ეკუთვნის რთულყვავილოვანთა ოჯახს. მისი ფესვი ღერძაა, უხვად განვითარებული გვერდითი ფესვებით. ფოთლები მსხვილია, მჯდომარე, სხვადასხვა ფორმის. ქვედა ფოთლები შეკრებილია ფესვთან როზეტში, ზოგიერთი ჯიშის სალათს უვითარდება თავები.

ფოთლების შეფერვა ჯიშების მიხედვით სხვადასხვაა, გვხვდება მუქი-მწვანე, ღია-მწვანე, მოიისფრო და ა.შ.

სიცოცხლის პირველ წელს მცენარე ივითარებს საყვავილე ღეროს, რომელიც სიმაღლით 60-დან 120-სმ – მდეა. საყვავილე ღერო ზედა ნაწილში ძლიერად იტოტება და ყვავილედების დიდ რაოდენობას ივითარებს.

დამოკიდებულება გარემო პირობებთანსალათი ყინვაგამძლე მცენარეა – ღივის ფაზაში დაუზიანებლად იტანს -3 -4⁰C ტემპერატურას. მოზრდილი მცენარეების ყინვაგამძლეობა გაცილებით მეტია. სალათს შეუძლია განაგრძოს ზრდა სითბოს მცირე რაოდენობის პირობებში. მაგალითად სალათს შეუძლია განაგრძოს ზრდა +5⁰C – ის პირობებში, ხოლო +10⁰C ის პირობებში მას შეუძლია განვითარდეს სასურსათე გამოყენების ფაზამდე. თესლი გაღივებას იწყებს 2-3⁰C ტემპერატურის პირობებში.

მიუხედავად სალათის ყინვაგამძლეობისა, მისი განვითარებისათვის ოპტიმალური ტემპერატურა არის 18±7⁰C.

სინათლისადმი სალათი საკმაოდ მომთხოვნ მცენარედ ითვლება და მისი უკმარობისას სალათის თავიანი ჯიშები არ ივითარებენ თავებს და მცირდება მცენარის მოსავლიანობა.

სალათი გრძელი დღის მცენარეა და ზაფხულის გრძელი დღის პირობებში სინათლის სტადიის გავლის შემდეგ, სწრაფად ივითარებს ღეროს.  მოკლე დღის პირობებში კი (გაზაფხულსა და შემოდგომაზე) სალათი გაძლიერებით იზრდის ვეგეტატიურ ნაწილებს და დიდი ხნის განმავლობაში არ გამოდის როზეტის მდგომარეობიდან.

ტენიანობისადმი სალათი ზომიერი მოთხოვნილებით ხასიათდება და მისი უკმარობის შემთხვევაში მოსავლის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები კლებულობს. ასეთ პირობებში მცენარე ივითარებს რამდენიმე პატარა ფოთოლს და სწრაფად გამოაქვს ღერო. მაღალი ტენიანობის (ჰაერის და ნიადაგის) შემთხვევაში, ან დატბორვისას, შესაძლოა დაიწყოს ფოთლების ლპობა.

სალათს შედარებით მოკლე სავეგეტაციო პერიოდი აქვს და კარგი მოსავლის მისაღებად აუცილებელია ძლიერ ნოყიერი, სტრუქტურიანი და ტენით უზრუნველყოფილი ნიადაგი. მშრალ და ცუდი ფიზიკური თვისებების მქონე ნიადაგებზე სალათი ნელა იზრდება და როზეტზე რამდენიმე ფოთლის განვითარების შემდეგ სწრაფად ამოიღებს ღეროს. ნიადაგის არის რეაქციის მხრივ სალათი კარგად ვითარდება ნეიტრალური, ან ოდნავ მჟავე რეაქციის მქონე ნიადაგებზე.

რაც შეეხება კულტურათა მონაცვლეობის სქემას (ამ შემთხვევაში ბოსტნის თესლბრუნვებს გაზაფხულზე), სალათი უმჯობესია მოთავსდეს პირველ ან მეორე მინდორზე, წინამორბედი შემამჭიდროებელი კულტურის სახით, პომიდორის, ბადრიჯნის, კიტრის და საგვიანო კომბოსტოს დარგვამდე. შემოდგომაზე კი შესაძლებელია წარმოებული იქნას შემამჭიდროებელი კულტურის სახით, კიტრის, საადრეო კარტოფილის, საადრეო კომბოსტოს, საპარკე ლობიოს და ხახვის აღების შემდეგ. გაზაფხულზე წინამორბედი შემამჭიდროებელი კულტურის სახით სალათის მოყვანის შემთხვევაში მისი მოთხოვნილება სასუქებზე გათვალისწინებული უნდა იქნას ძირითადი კულტურისათვის განოყიერების სისტემის დაგეგმვისას.

სალათის შემოდგომაზე თანმიმდევარი შემამჭიდროებელი კულტურის სახით მოყვანისას, თუ ნიადაგი ძირითადი კულტურის აღების შემდეგ საკმაოდ გაღარიბებული დარჩა, საჭიროა მაკროელემენტების (აზოტი, ფოსფორი, კალიუმი) შეტანა, თითოეული 40-40 კგ, სუფთა ნივთიერებაზე გადაანგარიშებით.

სალათის ძირითადი აგროტექნიკასალათისათვის ნიადაგის დამუშავების წესები ჩვეულებრივია, იგი ითესება იმავე ვადებში, როგორც ისპანახი. სალათის წარმოება შესაძლებელია როგორც პირდაპირ ღია გრუნტში თესვით, ასევე ჩითილის მეთოდით.

სალათს თესავენ მწკრივებად, ზოლში მწკრივებს შორის საჭიროა 5-დან 10 სმ-მდე მანძილი. ხუთმწკრივიან ზოლებად თესვისას სქემა ასეთია: 20,5X4 (ზოლებს შორის 52 სმ, მცენარეებს შორის – 4 სმ).  ათმწკრივიან ზოლად თესვისას სქემა ასეთია: 15 X 9 (ზოლებს შორის 15 სმ, მცენარეებს შორის – 9). ამ დროს მწკრივებს შორის თავიანი ჯიშის შემთხვევაში მცენარეებს შორის მანძილი საჭიროა იყოს 20 სმ, ხოლო ფოთლოვანი ჯიშებისათვის – 10 სმ.

ჩათესვის სიღრმე არის 1-1,5 სმ.

თესვის ნორმა ფოთლოვანი ჯიშებისათვის 4-5 კგ-ია ერთ ჰაზე, ხოლო თავიანი ჯიშებისათვის – 2-3 სმ/ჰა-ზე. დათესვიდან 10-15 დღის შემდეგ წარმოებს მწკრივთაშორის პირველი თოხნა, მწკრივში მცენარეთა გამეჩხერებით და ზოლებს შორის კულტივაციით.

ამ დროს მწკრივში მცენარეთა შორის მანძილებს აძლევენ 3-4 სმ-ს. დათესვიდან 25-30 დღის შემდეგ აწარმოებენ მეორე გამეჩხერებას და გაფხვიერებას. ამ დროს მცენარეს 4-5 ნამდვილი ფოთოლი აქვს, ამიტომ გამეჩხერების შედეგად აღებული პროდუქცია შესაძლოა გამოყენებული იქნას.

მეორე გამეჩხერების დროს მცენარეებს შორის მანძილებს აძლევენ 8-10 სმ-ს. სალათის სტანდარტული მოვლა ამით მთავრდება.

ბარის რაიონებში, გვალვიანი სეზონის პირობებში, სალათი საჭიროებს რამდენჯერმე მორწყვას.

სალათის ჩითილით წარმოებისას ჩითილი კვალსათბურში ან ღია საჩითილე კვლებში გამოჰყავთ და ზრდიან 30 დღის განმავლობაში. დასარგავად მომზადებულ ჩითილებს რგავენ ხუთმწკრივიან ზოლებად. ამ დროს ზოლებს შორის საჭიროა 50 სმ მანძილი, მწკრივებს შორის – 25 სმ, მცენარეებს შორის 20 სმ. (50X25X20). ამ წესის დაცვის შემთხვევაში ერთ ჰა-ზე ირგვება 150-160 ათასი მცენარე. ჩითილების გადარგვისთანავე საჭიროა ნაკვეთის მორწყვა. შემდგომი მოვლა კი გულისხმობს ნიადაგის გაფხვიერებას, თოხნას და საჭიროების შემთხვევაში მორწყვას.

მოსავლის აღებაფოთლოვანი სალათის ჯიშებს გადარგვიდან 40-50 დღის შემდეგ იღებენ. მოსავლის აღებისას შემსაძლებელია მთლიანი როზეტის მოჭრა, ან მცენარის მიწიდან ამოთხრა ფესვიანად. სალათის მოსავლის აღებისას აუცილებელია მცენარის ფოთლები იყოს მშრალი.

თავიან სალათს იღებენ იგივე ვადებში, როგორც ფოთლოვანს (40-55 დღე გადარგვიდან) ამ დროს მცენარეს ჭრიან როზეტთან ერთად.

მსგავსი სიახლეები