მუხუდო – აგრობიოლოგიური დახასიათება
15 / 01 / 2019

მუხუდო (ლათ. Cicer arietinum) ძვირფასი სასურსათე მცენარეა. მისი მარცვალი მდიდარია ცილებით და აქვს კარგი გემური თვისებები. იგი ისტორიულად საქართველოში ითესებოდა და გამოიყენებოდა როგორც სამარხვო საჭმელი. ყველაზე მეტად იგი შიდა ქართლში ყოფილა გავრცელებული. არსებობს მუხუდოს თეთრმარცვლოვანი და მუქად შეფერილი ჯიშები. თეთრმარცვლოვანი ჯიშები ადამიანის საკვებად გამოიყენება, ხოლო მუქად შეფერილი კი მოიხმარება პირუტყვისათვის. მუხუდოს მარცვალი შეიცავს 31%-მდე ცილებს, 47-60%მდე ნახშირწყლებს და 4-7%-მდე ცხიმებს.

ლობიოსთან შედარებით მუხუდოს უპირატესობა გამოიხატება იმაში, რომ ლობიოზე უფრო მეტად გვალვაამტანია, ნაკლებად ზიანდება მემარცვლიათი და ლობიოსაგან განსხვავებით არ ახასიათებს პარკების დასკდომა მომწიფებისას.

დამოკიდებულება აგროკლიმატური პირობებისადმი. მუხუდო სითბოს მოყვარული მცენარეა, მისი თესლი გაღივებას იწყებს 2-5°C ტემპერატურაზე. კარგად იტანს ზაფხულის სიცხეებს. ამავე დროს იგი უძლებს -11°C-მდე წაყინვებსაც. მცენარე სითბოს საჭიროებს ყვავილობის და პარკების ჩასახვის პერიოდებში. მისი ზრდა-განვითარებისათვის ოპტიმალური ტემპერატურა არის 24-28°C. ნიადაგის ოპტიმალური ტენიანობა 70-75%-ია, ნიადაგის არეს ოპტიმალური რეაქცია (pH) კი მუხუდოსათვის იდეალურია 7,5-8.0-ის ფარგლებში.
სავეგეტაციო პერიოდი (დრო დათესვიდან მოსავლის მიღებამდე) 75-80 დღეა.

მსგავსი სიახლეები