ჩაი – გადამწვარი პლანტაციის რეაბილიტაცია
15 / 01 / 2019

საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების ეფექტურად გამოყენების მიზნით სახელმწიფო თანადაფინანსების პროგრამით „ქართული ჩაი“ უკვე მიმდინარეობს გაველურებული და დაბალმოსავლიანი ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია მეცნიერულად შედგენილი და დასაბუთებული აგროტექნოლოგიური გეგმის მიხედვით. რეაბილიტაციის პროცესში ჩაის პლანტაციების გადაწვა დაუშვებელია, მაგრამ თუ დაუდევრობის გამო გაჩენილი ხანძრით მოხდა არსებული სარეველების და ჩაის ბუჩქის შემმოსავი წვრილი ღერო-ტოტების დაწვა, ეს სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ არ შეიძლება ასეთი პლანტაციების რეაბილიტაცია. პრაქტიკამ აჩვენა რომ პლანტაციების გადაწვისას, რომელიც ძირითადად ადრე გაზაფხულზე მიმდინარეობს, წვის პროცესში მთლიანად ნადგურდება გვიმრისა და სარეველების ხმელი მასა, ნადგურდება აგრეთვე ჩაის ბუჩქის ზედაპირზე წვრილი ღერო-ტოტები, ხოლო რაც შეეხება ფესვის ყელსა და მსხვილ ღეროებს ისინი ირუჯებიან თუმცა სიცოცხლის უნარიანობას ინარჩუნებენ. დაუდევრობის შედეგად გადამწვარი ჩაის პლანტაციეების აღდგენარეაბილიტაცია შესაძლებელია შემდეგი აგროტექნიკური ღონისძიებების საფუძველზე: უნდა მოხდეს გადამწვარი ჩაის წინასწარი დათვალიერება, დადგინდეს ნარგაობის მეჩხერიანობა და ბუჩქის ყელთან არსებული ძირითადი ღეროების სიცოცხლისუნარიანობა. თუ მეჩხერიანობა 15-20%-ის ფარგლებშია და ღერო-ტოტების ძირითადი ნაწილი ნედლია მაშინ ასეთი პლანტაციები ემორჩილება აღდგენარეაბილიტაციას. გადამწვარ ჩაის პლანტაციებში რჩება სარეველების, ასევე თვით ჩაის ბუჩქების ბოლომდე დაუმწვარი, შერუჯული ღერო-ტოტები. ამიტომ აუცილებელია სარეველების ამოძირკვა, ნაკვეთიდან გატანა და დაწვა, ხოლო გარუჯული ჩაის ბუჩქის ღეროების მჭრელი იარაღით გასხვლა 10-15სმ. სიმაღლეზე. ნაკვეთის გასუფთავების შემდეგ უნდა მოხდეს ნიადაგის შერეული ნიმუშების აღება-გაანალიზება ნაყოფიერების დადგენის მიზნით, რის საფუძველზე შემუშავდეს მინერალური და ორგანული სასუქების გამოყენების რეკომენდაცია, რომელიც შეტანილი უნდა იქნას რიგთაშორის 15-20 სმ. სიღრმეზე გაფხვიერებასთან ერთად. სამუშაოები უნდა შესრულდეს მარტ-აპრილის თვეში. ნაკვეთი უნდა შემოიღობოს რადგან ჩაის ფესვის ყელიდან განვითარებული ნაზი დუყები დაცული იქნას პირუტყვისაგან. გადამწვარ ჩაის პლანტაციებში ინტენსიურად ვითარდება გვიმრა და სხვა სარეველები. გასხვლის პირველ წელს ჩაის ყლორტების განვითარებამდე (მაისი-ივნისი) შესაძლებელია გამოვიყენოთ ჰერბიციდები, ხოლო სავეგეტაციო პერიოდის მეორე ნახევარში როდესაც ჩაის ბუჩქებზე კვირტები გაიღვიძებენ (ივლისი-აგვისტო) ჰერბიციდების გამოყენება აკრძალულია. ივლის-აგვისტოს თვეში ჩაის ფესვის ყელის მძინარე კვირტებიდან ვითარდება ამონაყრები, რომლებიც წლის ბოლოსათვის 10-15 სმ. აღწევენ და ზამთრის პერიოდში ნორმალურად იზამთრებენ თოვლის საბურველის ქვეშ, ხოლო გაზაფხულზე აქტიურად შედიან ვეგეტაციაში. თუ ამონაყრები მრავალრიცხოვანი და სუსტია სასურველია მათი ნორმირება ღეროების დამსხვილების მიზნით. მეორე წლის გაზაფხულზე (მარტი-აპრილი) პლანტაციაში შედის რეკომენდაციით განსაზღვრული მინერალური და ორგანული სასუქები რიგთაშორისებში ნიადაგის გაფხვიერებით. პარალელურად მთელი წლის განმავლობაში ტარდება სარეველებთან ბრძოლა (გათოხნა-კულტივაცია). ჩაის ყლორტები აქტიურად იზრდებიან და აღწევენ 40- 45 სმ-ს. ფოთლის კრეფა აკრძალულია. დასაშვებია მხოლოდ სექტემბრის თვეში ერთი-ორ ფოთლიანი დუყის პინცირება. მესამე წლის გაზაფხულზე ჩაის ბუჩქებზე რომელთა სიმაღლე 40-45 სმ-ია ტარდება მსუბუქი გასხვლა-ფორმირება 30-35 სმ-ზე, ხოლო ის ბუჩქები რომელთა სიმაღლე 25 სმ-ზე დაბალია რჩება გაუსხლავი, ამ ოპერაციით ხდება ბუჩქების ვარჯის გაგანიერება და პლანტაციის სიმაღლეში გამოთანაბრება. პარალელურად მიმდინარეობს განოყიერება მინერელური და ორგანული სასუქებით რიგთაშორის გაფხვიერებით. მესამე წლის სავეგეტაციო პერიოდში აქტიურად იწყება ყლორტების ზრდა. როდესაც ისინი მიაღწევს 40-45 სმ. სიმაღლეს იწყება 2-3 ფოთლიანი დუყის კრეფა. მეოთხე წელს როდესაც ბუჩქები მოძლიერდებიან და შეიკვრებიან, ადრე გაზაფხულზე ჩატარდება მსუბუქი შპალერული გასხვლა, ნიადაგის გაფხვიერება, სასუქების შეტანა რეკომენდაციის შესაბამისად და მთელ სავეგეტაციო პერიოდში ხდება ხარისხოვანი ფოთლის კრეფა, რაც გრძელდება შემდეგ წლებში. სამწუხაროდ არის ცალკეული შემთხვევები როდესაც ხანძრის დროს ადგილი აქვს ბუჩქების გამოვარდნა-გახმობას. ამ შემთხვევაში არსებობს მეჩხერი ადგილების შევსების საკმაოდ ცნობილი მეთოდები. მწკრივში თავისუფალი ადგილები უნდა დამუშავდეს 20- 25 სმ. სიღრმეზე, ამოღებული იქნას ყოველ 30 სმ-ში ბუდნები 5-7 სმ-ის სიღრმის, რომელშიც შეტანილი უნდა იქნას 0,3 კგ. რთული კომპლექსური სასუქი, რომელიც კარგად შეერიოს ბუდნიდან ამოღებულ ნიადაგს და ჩაითესოს 4-5 ცალი ჩაის საღი თესლი. ბუდნები უნდა დაიტკეპნოს. სანიშნედ დაისოს 15-20 სმ-ის სიმაღლის ჯოხი. ყურადღება უნდა მიექცეს თესლების აღმოცენებას (ივლის-აგვისტო). აღმოცენების შემდეგ 3-4 წლის განმავლობაში საჭიროა განოყიერება, სარეველებისაგან გასუფთავება, რათა მიღწეული იქნას ბუჩქების სიმაღლეში ზრდა. აღნიშნული მეთოდის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია მეჩხერიანობის მინიმუმამდე დაყვანა. რაც შეეხება რამდენჯერმე გადამწვარ ერთი და იგივე პლანტაციას, სადაც სარეველებთან ერთად განადგურებულია ჩაის ღეროები და ფესვები, საჭიროა ჩაის კულტურის თავიდან აღდგენა. რაც გულისხმობს: ვაკე ადგილებზე მობილური ტექნიკით მთლიანი ფესვების ამოძირკვას, ნიადაგის ღრმა 40-45 სმ-ზე დამუშავებას, განოყიერებასა და ახლის გაშენებას. ხოლო ფერდობებზე გადამწვარ-განადგურებული პლანტაციების აღდგენა მობილური ტექნიკის გამოყენებით შეუძლებელია. გთავაზობთ ფერდობებზე ჩაის კულტურის აღდგენის გამარტივებულ ტექნოლოგიას: მოეწყოს ფერდობების სარეველებისაგან სრული გასუფთავება, რათა ხილული გახდეს ადრე ჩაის ბუჩქების ტერასული ადგილმდებარეობა ჰორიზონტალურ ჭრილში. ჩაის ფესვების ამოძირკვის გარეშე მწკრივთა შორის 40 სმ. სიგანის ზოლი დამუშავდეს ბარით 30-35 სმ. სიღრმეზე, რომელიც გაფხვიერდეს და შეტანილი იქნას რთული კომპლექსური სასუქი 500 კგ. ჰა-ზე. შემოდგომა-გაზაფხულის პერიოდში. ფერდობებზე ჰორიზონტალურად დამუშავებულ ნიადაგის ცენტრალურ ზოლში ყოველ 30-35 სმ -ში ამოღებული იქნას 5-7 სმ-ის ორმო (ბუდნა) მოთავსდეს მასში 5-6 ცალი ჩაის საღი თესლი, მოეყაროს მიწა და დაიტკეპნოს, თითოეულ ბუდნას დაესოს 15-20 სმ. სიმაღლის ჯოხი. თესლის თესვის საუკეთესო ვადაა თებერვალმარტი. თესლის აღმოცენება ხდება ივნის-ივლიში, აუცილებელია სავეგეტაციო პერიოდში ნათესარების სარეველებისაგან გაწმენდა და გაფხვიერება. მეორე, მესამე წლიდან, როცა მწკრივი გამოჩნდება პლანტაციის მოვლაექსპლოატაცია ტარდება აგროწესების შესაბამისად, აუცილებელია პლანტაციების შემოღობვა, პირუტყვისაგან დაცვა. რაც შეეხება ძველი ბუჩქების ფესვებს, ისინი იცავენ ნიადაგს ეროზიული მოვლენებისაგან, წლების განმავლობაში მიწაში ლპებიან და ქმნიან ორგანულ მასას. ახლად აღმოცენებული ჩაის ბუჩქები კი ქმნიან ჩვენთვის სასურველ ჰორიზონტალურ მწკრივებს-შპალერს.

აღნიშნული ჩაის პლანტაციების აღდგენის მეთოდი ამარტივებს შესასრულებელ სამუშაოებს. ასეთი ტიპის ფართობები დიდი რაოდენობით გხვდება გურია-სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონში, სადაც მოსახლების და ადგილობრივი ხელისუფლების სურვილია ჩაის კულტურის რეაბილიტაცია-გაშენება. გახსოვდეთ: გლობალური დათბობის პირობებში, დასავლეთ საქართველოს ტიპიურ წითელმიწა, ყვითელმიწა და ეწერ ნიადაგებზე ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია და ახლის გაშენება უალტერნატივოა. იგი თქვენი სტაბილური შემოსავლის გარანტიაა.

ზაურ გაბრიჩიძე- სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

რუსუდან ტაკიძე- სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი.

მსგავსი სიახლეები