თხის ცოფი, ანუ ჰიდროფობია - სიმპტომები და პროფილაქტიკა
15 / 01 / 2019

ცოფი, ანუ ჰიდროფობია (ლათ. rabies - სიგიჟე)  ცხოველისა და ადამიანის მწვავე ვირუსული დაავადება, რომელიც წარმოიქმნება დაზიანებულ კანზე და ლორწოვანზე დაინფიცირებული ცხოველის ნერწყვის მოხვედრით. გვხდება ყველგან.

ხასიათდება ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით და, როგორც წესი, სასიკვდილო გამოსავლით.

ეტიოლოგია. გამომწვევი მიეკუთვნება რაბდოვირუსების ოჯახს (ლათ. Rhabdoviridae). ამთვისებელია ყველა თბილსისხლიანი ცხოველი. დაავადების გავრცელებაში  განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვთ ძაღლებს: ინფექციის რეზერვუარი, ასევე შეიძლება იყოს ღამურები, ვირთხები, მგლები, მელიები, კატები და სხვა.

ვირუსი დაზიანებული კანიდან შეჭრის შემდეგ აღწევს თავის ტვინს, იწვევს მასში შეშუპებას, სისხლჩაქცევას და ნერვული უჯრედების გადაგვარებას. ვირუსები ხვდება აგრეთვე სანერწყვე ჯირკვლებში და ნერწყვთან ერთად გამოიყოფა გარემოში.  

განსაკუთრებით საშიშია თავის, სახის და კისრის არეში კბენა; ასეთ შემთხვევებში ინკუბაციური პერიოდი მოკლდება და კლინიკური სიმპტომებიც უფრო მძაფრად ვლინდებიან.

დაავადების სიმპტომები. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 7 დღიდან ერთ წლამდე (ხშირად 1 – 3 თვე). განარჩევენ მიმდინარეობის აბორტულ, შებრუნებით, ატიპიურ, აგზნებით და მშვიდ ფორმას. გამოყოფენ წინამორბედ, აგზნებისა და დამბლის სტადიებს.

პირველ სტადიაში ცხოველთა გაურბის ადამიანს, იმალებოდა ბნელ ადგილას, ან, პირიქით, ეალერსება პატრონს და უცნობ ადამიანებს, ცდილობს მათ ლოკვას.

მეორე სტადიაში ცხოველი ძლიერ აგზნებული და აგრესიულია. ხასიათდება ჰიდროფობიით (წყლის შიში), მომატებული მგრძნობელობით, გაძლიერებული ნერწყვის გამოყოფით. სუნთქვა ხდება ხმაურიანი. ცხოველი გამოსცემს ყმუილის მაგვარ ხმებს.  ბოლო სტადიაზე აგზნება იცვლება კიდურების, ენის კუნთების დამბლით. ცხოველი უმეტესად წევს და კვდება კომაში.

დიაგნოზი. დასმა ხდება დაავადების გამოვლინების შემდეგ, კლინიკურ სურათსა, ეპიდანამნეზზე, პათანატომიურ მონაცემებზე და ლაბორატორიულ გამოკვლევებზე დაყრდნობით.

დიფერენციალური დიაგნოზი. ტარდება ტეტანუსთან; ენცეფალიტებთან, ენცეფალომიელიტთან, ისტერიასთან. ავადმყოფის სიკვდილის შემდეგ დიაგნოზი დასტურდება თავის ტვინის ჰისტოლოგიური გამოკვლევით.

მკურნალობა. დაუშვებელია. კლინიკური სიმპტომების გაჩენის შემდეგ ავადმყოფის გადარჩენა ვერ ხერხდება. ავადმყოფი ცხოველი უნდა მოისპოს.

პროფილაქტიკაცხოველებთან საჭიროა ცოფის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება, მისი აცრა. ადამიანის კბენის შემთხვევაში ჭრილობას რეცხავენ, არანაკლებ 10 წუთისა, უხვი საპნიანი წყლით, შემდეგ მასზე ედება ასეპტიური ნახვევი; აცრები და სეროთერაპია ტარდება სპეციალურ პუნქტებში სპეციალური სქემის მიხედვით.

შემდგენელი: ანა ბოკუჩავა

ვეტერინარიის მეცნიერებათა კანდიდატი

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

მსგავსი სიახლეები