COVID 19-ის გავლენა სოფელზე - ბლოგი
13 / 05 / 2020

COVID 19-ის გავლენა ცხადია ნეგატიურია სოფლის მეურნეობის სექტორისათვის. თუმცა ნეგატიური შედეგები ვერ იქნება თანაბარი მეურნეობის ყველა დარგისათვის - დარგების/მეურნეობათა პროფილების მიხედვით ზარალი იქნება განსხვავებული.

ამ სტატიის ფარგლებში ვეცდები წარმოვაჩინო COVID 19-ის გავრცელების შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული მეურნეობათა სახეობები საქართველოში.

ჯერჯერობით არ არსებობს არავითარი ოფიციალური მონაცემები ზარალის და მისი ანალიზის შესახებ. „ოფიციალური“ ანუ სახელმწიფოს რომელიმე უწყების მიერ წარმოებული (გეოსტატი, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო და სხვ.).

ინტერნეტში რამდენიმე არაოფიციალური წყარო შევათვალიერე და აზრი არ აქვს მათ განხილვას - „ყველა დაზარალდა, ყველას ფული აჩუქეთ, აწი ვენახში ბახილებით იარეთ.“  - ეს წინადადება გამოხატავს მათ საერთო პათოსს.

ვეცდები ცოტა უფრო სერიოზული ვიყო არსებული სიტუაციის შეფასებისას. თუმცა ბოლომდე სერიოზული ვერ ვიქნები, რადგან ქვეყანაში ჯერ ისევ საგანგებო მდგომარეობაა, COVID 19-ის უარყოფითი ზეგავლენა კვლავ გრძელდება და შესაბამისად, ამ ეტაპზე შეუძლებელია ზარალის მასშტაბების ზუსტი განსაზღვრა.

ამ ბლოგის ფარგლებში შესაძლებელია მხოლოდ არსებული გარემოებების გათვალისწინებით რამდენიმე ობიექტური ინდიკატორის დასახელება და შემდეგ სოფლის მეურნეობის დარგების შედარება ამ ინდიკატორებთან. შედეგად, მივიღებთ მეურნეობათა ყველაზე მეტად დაზარალებულ სახეობებს.

გარდა ამისა, მოგვეცემა მოსალოდნელი ზარალის კატეგორიებად სორტირების საშუალება.

ამ სიტუაციაში (ჩემს სიტუაციას ვგულისხმობ - ვზივარ სახლში და ნაცნობი ფერმერებისგან და სოც. ქსელებიდან ვიღებ ინფორმაციას) მეტ-ნაკლებად სწორი ინდიკატორების განსაზღვრისათვის საჭიროა გავითვალისწინოთ ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი:

  1. გეოგრაფიული არეალი;
  2. მეურნეობათა პროფილები/კულტურათა სახეობები.

COVID 19-ის გავრცელებიდან ძალიან მალე საქართველოში შეიქმნა ორი ტიპის გეოგრაფიული არეალი: მკაცრი საკარანტინო ზონები და მათ მიღმა არსებული ტერიტორიები. აქედან გაცილებით მეტად დაზარალდა მკაცრ საკარანტინო ზონაში არსებული ტერიტორიები და იქ არსებული მეურნეობები. შესაბამისად, პირველი ფაქტორი გვაძლევს შეფასების ორ ინდიკატორს. ჯერჯერობით დავიმახსოვროთ ეს ორი ინდიკატორი და გადავიდეთ მეორე ფაქტორზე.

მეორე ფაქტორი აერთიანებს რამდენიმე მნიშვნელოვან ინდიკატორს. მაგრამ ძალიან რთულად ვწერ მგონი და შევეცდები გავამარტივო - მეორე ფაქტორთან დაკავშირებით, დავივიწყოთ სიტყვა „ინდიკატორი“ და ეს ტერმინი ჩავანაცვლოთ კითხვებით, რომელთაც მივუსადაგებთ მეურნეობათა ტიპებს და გავცემთ პასუხებს.

კონკრეტულ კულტურებთან მიმართებაში ეს კითხვებია:

  1. შესაძლებელია თუ არა მოსავლის აღების გადავადება?
  2. შესაძლებელია თუ არა მოსავლის ხანგრძლივი შენახვა სპეციალური საწყობის ან გადამუშავების გარეშე?
  3. არსებობდა თუ არა კონკრეტული ღონისძიების ჩატარების აუცილებლობა, რომელიც ფიზიკურად ვერ ჩატარდებოდა შექმნილი ვითარების გამო?

ეს სამი ძირითადი კითხვა ავიღოთ და მივუსადაგოთ სოფლის მეურნეობის კულტურებს საქართველოში. მანამდე კი საჭიროა დავაჯგუფოთ ეს კულტურები შემდეგი სახით:

  • თესლოვანი და კურკოვანი ხეხილი;
  • კენკროვანი ხეხილი;
  • ციტრუსოვანი და სუბტროპიკული კულტურები;
  • ვენახი;
  • ბოსტნეული კულტურები;
  • მარცვლეული კულტურები.

მგონი ყველა კულტურა სახეზეა. ახლა შეგვიძლია თითოეულ ჯგუფში არსებულ სასოფლო-სამეურნეო კულტურებთან მიმართებაში გავცეთ ზემოთ მოცემულ სამივე კითხვას პასუხი.

თესლოვანი და კურკოვანი ხეხილი

კულტურათა ამ ჯგუფიდან პირველ კითხვასთან კავშირშია მხოლოდ ალუჩა. მისი მოსავლის აღების გადავადება იდეაში შეიძლება მაგრამ როგორც ცნობილია, ყველაზე მეტი ფასი მას აქვს ტექნიკურ სიმწიფეში გაზაფხულის პერიოდში და ეს პერიოდი გრძელდება 2-3 კვირა, რის შემდეგაც ალუჩა აღარ არის აქტუალური ქართულ ბაზარზე. რაც შეეხება მეორე კითხვას, ამ შემთხვევაში პასუხი უარყოფითია. ისევე როგორც უარყოფითია პასუხი მესამე კითხვაზე.

ალუჩის შემდგომ კულტურათა ამ ჯგუფიდან ყველაზე მოწყვლადია ბალი და ალუბალი. თუმცა ამ კულტურების შემოსვლამდე ჯერ კიდევ არის დრო, ხელისუფლება კი რეგულაციებს ხსნის. ასე რომ ნაადრევია რისკებზე საუბარი მოცემულ კულტურებთან მიმართებაში.

რაც შეეხება ჯგუფში არსებულ სხვა კულტურებს, მათი მოსავალი ახლო მომავალში ჯერ არ დამწიფდება. მერე რა მოხდება - არ ვიცით. შესაბამისად, პირველ ორ კითხვას ამ კულტურებთან მიმართებაში შეგვიძლია პასუხი არ გავცეთ და გადავიდეთ მესამე კითხვაზე. განვლილი პერიოდის განმავლობაში ხეხილოვან კულტურებზე უნდა ჩატარებულიყო შემდეგი სახის სამუშაოები:

  • გასხვლა;
  • სასუქების შეტანა (ძირითადად აზოტოვანი);
  • რიგთაშორის კულტივაცია. 

ჩამოთვლილიდან, გასხვლა წესით საგანგებო სიტუაციის გამოცხადებამდე უნდა ჩატარებულიყო. სასუქების შეტანაც შეიძლებოდა საგანგებო სიტუაციის გამოცხადებამდე, მაგრამ ზოგჯერ აპრილშიც შეაქვთ ხოლმე და ასეთ შემთხვევაში იარსებებდა გარკვეული პრობლემები. თუმცა არა გადაულახავი - ტექნიკურად ეს შესაძლებელი იყო. იგივე ეხება რიგთაშორის კულტივაციის საკითხსაც.

კენკროვანი ხეხილი

ამ ჯგუფში ყველაზე რთულ სიტუაციაში მარწყვის მწარმოებელი სექტორია. მისი მოსავლის აღების ვადა ახლოვდება. პირველ კითხვაზე პასუხი მარტივია - ვერ მოხდება მოსავლის აღების გადავადება. იგივე ეხება მეორე კითხვასაც - მარწყვის შენახვა შესაბამისი საწყობის ან გადამუშავების გარეშე შეუძლებელია. ხოლო რაც შეეხება მესამე კითხვას, განვლილი პერიოდის განმავლობაში მარწყვის მოვლის შემდეგი ძირითადი სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო:

  • მორწყვა;
  • პწკალების  მოცილება.

აქედან ყველაზე დიდი პრობლემა ჩემი აზრით იქნებოდა მორწყვა, რომელიც გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა გართულებულიყო. თუმცა ტექნიკურად შეუძლებელი არ იყო. ამიტომ მესამე კითხვაზე პასუხი უარყოფითია.

რაც შეეხება დანარჩენ კენკროვან ხეხილს, პირველი ორი კითხვის დასმას აზრი არ აქვს, ხოლო მესამე კითხვის შემთხვევაში კი არის ასეთი სიტუაცია:

  • მაყვალი და ჟოლო - გასხვლა, განოყიერება, წამლობები - გასხვლა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე შესაძლებელია ჩატარებულიყო, ხოლო დანარჩენი ორი სამუშაოს ჩატარების საშუალება არსებობდა;
  • ლურჯი მოცვი - რიგთაშორის კულტივაცია, წამლობები, სასუქების შეტანა - პასუხი იგივეა, რაც მაყვალსა და ჟოლოში.

ციტრუსოვანი და სუბტროპიკული კულტურები

კულტურათა ამ ჯგუფზე მოცემულ ეტაპზე შედარებით ნაკლებია გავლენა, რადგან მათ შემთხვევაში პირველი ორი კითხვა იხსნება საერთოდ და რაც შეეხება მესამე კითხვას, განვლილ პერიოდში ჩასატარებელი სამუშაოებიდან ნებისმიერის შესრულება იყო შესაძლებელი.

ვენახი

ვაზის შემთხვევაშიც პირველი ორი კითხვა დავივიწყოთ და რაც შეეხება მესამე კითხვას, შესასრულებელი იყო:

  • საყრდენის მოწყობა;
  • გასხვლა, მწვანე გასხვლა;
  • წამლობები;
  • რიგთაშორის გათიბვა-დამუშავება.

 ყველა ამ სამუშაოს ჩატარება შესაძლებელი იყო.

ბოსტნეული კულტურები

ეს ყველაზე მეტად დაზარალებული კულტურათა ჯგუფია. ბოსტნეული კულტურები დაზარალდა ყველაზე მეტად და არა ზოგადად „ერთწლიანი კულტურები“, როგორც მოიხსენიებენ ტელევიზორში თუ სოც. ქსელებში. ერთწლიან კულტურებში სიმინდიც შედის და ლობიოც, რომელთა დათესვა ახლაც შეიძლება.

„ბოსტნეული კულტურებიც“ ზოგადი ტერმინია. კულტურათა ამ ჯგუფშიც არსებულ სხვადასხვა კულტურას სხვადასხვა დონეზე შეეხო არსებული კრიზისი. ყველაზე მეტად დაზარალდნენ საადრეო ბოსტნეულის მწარმოებელი მეურნეობები. კულტურათა სახეობრივი თვალსაზრისით ესენია:

  1. კარტოფილი
  2. მწვანე ხახვი
  3. სალათი
  4. ტარხუნა
  5. კიტრი
  6. თვის ბოლოკი
  7. პომიდორი

აი ეს შვიდი ძირითადი კულტურა და მათი მწარმოებელი სექტორები მოექცნენ კრიზისის პირდაპირი ზეგავლენის ქვეშ. რადგან თუ დავუბრუნდებით ბლოგის დასაწყისში დასმულ სამ კითხვას, ამ კულტურებთან მიმართებაში მივიღებთ შემდეგ პასუხებს:

  1. შეუძლებელი იყო მოსავლის აღების გადავადება;
  2. შეუძლებელი იყო შენახვა;
  3. არსებობდა კონკრეტული ღონისძიების ჩატარების აუცილებლობა, რომელიც ფიზიკურად ვერ ჩატარდებოდა შექმნილი ვითარების გამო (მინიმუმ მოსავლის აღება-გადაზიდვა და რეალიზაცია, რომელსაც ვერ მოახერხებდნენ და შესაბამისად, პირველი ორი ღონისძიების ჩატარება აზრს კარგავდა).

დავუბრუნდეთ ბლოგის დასაწყისში რომ დავიმახსოვრეთ, იმ ორ ინდიკატორს, ტერიტორიებთან დაკავშირებით, სადაც დავწერე, რომ ვირუსის გავრცელების შემდეგ საქართველოში ჩამოყალიბდა ტერიტორიების ორი ტიპი:

  • მკაცრი საკარანტინო ზონები;
  • ზონებს მიღმა არსებული ტერიტორიები.

ვიცით ასევე, რომ მკაცრ საკარანტინო ზონებში არსებული ტერიტორიები უფრო მეტად დაზარალდა და ყველაზე ცუდი არის ის ფაქტი, რომ მკაცრ საკარანტინო ზონებში ზუსტად ის არეალები მოექცა, სადაც ყველაზე მოწყვლად კულტურებს აწარმოებენ, ანუ საადრეო ბოსტნეულს. მხედველობაში მაქვს ქვემო ქართლი.

ამ პირობებში, როდესაც ძალიან ზედაპირული ანალიზითაც კი მკაფიოდ ჩანს კრიზისისგან ყველაზე მეტად დაზარალებული დარგები, ალბათ ყველაზე სწორი იქნება ყველაზე მეტად დაზარალებული ფერმერული მეურნეობების ხელშეწყობა ლოკალურად, ვიდრე ზოგადად და ყველასთვის თანაბრად დახმარების პროგრამების შეთავაზება. ეს მიდგომა უფრო შედეგიანი და სამართლიანი იქნება, რადგან „თანაბრობის“ ლოგიკას თუ გავყვებით, აღმოჩნდება რომ დაზარალდა  ყველა ტიპის ფერმერული მეურნეობა და ზოგადად, დაზარალდა საქართველოს თითქმის ყველა მოქალაქე.

ბლოგის დასასრულს რამდენიმე განმარტებას დავწერ:

  1. ეს არის ძალიან ზოგადი სტატია და ინდივიდუალურ შემთხვევები არ მაქვს გათვალისწინებული. ვერც გავითვალისწინებდი. ვგულისხმობ იმას, რომ შესაძლოა მკაცრი კარანტინის მიღმა მცხოვრები ფერმერებიდან ვიღაც უფრო მეტად დაზარალდა ვიდრე კარანტინის ზონაში მცხოვრები ფერმერებიდან რომელიმე ერთი კონკრეტული და ა.შ.
  2. მხოლოდ სოფლის მეურნეობის დარგებს ეხება ბლოგი, ამიტომ არ მოვიხსენიე მაგალითად ყვავილების ბიზნესი და სათბურები, რომლებიც ძალიან მძიმედ დაზარალდნენ, მიუხედავად ლოკაციებისა;
  3. როდესაც ვწერ „ტექნიკურად ეს შესაძლებელი იყო“ ვგულისხმობ მხოლოდ ერთ რამეს - კანონი და არსებული რეგულაციები არ კრძალავდა ამ სამუშაოს შესრულებას, ისევე როგორც არ იყო აკრძალული წვდომა ამ სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო ტექნოლოგიებზე/სერვისებზე;
  4. არსებობს მეოთხე კითხვა-ინდიკატორი, რომელიც არ დავწერე - ესაა ფასები. ანუ რაღაც სამუშაოს ჩატარება შესაძლებელი კი იყო, მაგრამ მისი ჩატარებისათვის საჭირო ტექნოლოგიებზე და სერვისების ფასები იმდენად გაძვირდა, რომ ზოგიერთმა ფერმერმა შესაძლოა მხოლოდ ფასის გამო ვერ შეძლო კონკრეტული სამუშაოს განხორციელება და ამის გამო იგი მომავალში დაზარალდება (წლის ბოლოს ანუ). თუმცა ასევე უნდა ითქვას, რომ ფასების ზრდის ფაქტორის გავლენის ქვეშ ცხადია ყველა მოექცა. მაგრამ ყველაზე მეტად ის დაზარალდა, ვინც მოსავლის რეალიზება ვერ შეძლო.

ავტორი: ანდრო ხეთერელი

მსგავსი სიახლეები