ვაშლის ნაყოფჭამია - აღწერილობა და ბრძოლის მეთოდები
13 / 01 / 2019

ლათინური დასახელება: Carpocapsa pomonella Z.

გავრცელება და აგებულება. ვაშლის ნაყოფჭამია საქართველოში ძირითადად გავრცელებულია ქართლში, კახეთსა და სამეგრელოში. საერთოდ, ეს მავნებელი ჩვენს ქვეყანაში მეტ-ნაკლები რაოდენობით გვხვდება თითქმის ყველგან, სადაც გავრცელებულია თესლოვანი ხეხილი და კაკალი.
ვაშლის ნაყოფჭამიას მატლის სიგრძე დაახლოებით 18 მმ-ს შეადგენს. ასეთივე ზომისაა პეპელაც. მატლის სხეული დაფარულია წვრილი ნაცრისფერი ლაქებით, რომლებზედაც თითო ბეწვია. ზურგის მხრიდან იგი ვარდისფერია, ქვემოდან უფრო ღიაა, მკერდის ფარი კი მოყვითალო ფერისაა.
პეპლის წინა ფრთები მუქი-ნაცრისფერია, გარდიგარდმო გასდევს ტალღისებრი, შავი და თეთრი ხაზები. ფრთის წვერო მოყავისფროა, სამი ბრინჯაოსფერი მბრწყინავი ზოლითა და მუქი-მურა თვალის ფორმის ლაქებით. უკანა ფრთები მურა-ნაცრისფერია, ღია ჯინჯილით. მამალი პეპელა ხასიათდება წინა ფრთების ზედა მხარეზე შავი ბეწვების ფუნჯით და ქვედა ზედაპირზე სიგრძივი მოშავო შტრიხებით.

ბიოლოგია და დამოკიდებულება გარემო ფაქტორებთან. ზამთარს ნაყოფჭამია ატარებს გამხმარი ქერქის ქვეშ და შტამბისა და ტოტების ნაპრალებში, ხილის საწყობებში, ნაყოფებსა და სხვა თავშესაფრებში. ამ დროს იგი ძირითადად იმყოფება უკანასკნელი ხნოვანების მატლის ფაზაში. შესაძლებელია, რომ მავნებელმა გამოიზამთროს ნიადაგშიც, განსაკუთრებით კი იმ რაიონებში, სადაც დიდი ყინვები იცის. მავნებლის მატლები ყინვის მიმართ განსაკუთრებულ გამძლეობას იჩენენ: უვნებლად იტანენ_250_მდე ყინვას. გაზაფხულზე მატლები გადადიან ჭუპრის ფაზაში იმავე ადგილას, სადაც გამოიზამთრეს. ჭუპრის განვითარებისათვის საჭიროა ეფექტურ ტემპერატურათა ჯამი 140-1500. მისი განვითარების ქვედა თერმული ზღვარია 10-110. პეპლების გამოფრენა ძირითადად ემთხვევა ვაშლის ადრეული ჯიშების ჭარბი ნასკვის ჩამოცვენას. პეპლები ფრენენ მხოლოდ საღამოს საათებში. კვერცხის დებას ისინი იწყებენ გამოფრენიდან 2-3 დღის შემდეგ. პირველი თაობის პეპლები კვერცხებს დებენ უმთავრესად ფოთლებზე, მეორე თაობისა_ფოთლებსა და ნაყოფებზე, მესამე თაობისა პეპლები კი –კომშის და ვაშლის საგვიანო ჯიშებზე (იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ჯიშები არსებობენ მათი გავრცელების ადგილებში). ერთი პეპლის კვერცხის პროდუქცია 150 ცალს არ აღემატება. მავნებლის ემბრიონული განვითარებისათვის საჭირო ეფექტურ ტემპერატურათა ჯამი შეადგენს 900-ს. ეს პროცესი 6-დან 10 დღემდე გრძელდება. მატლების განვითარების პერიოდი 2-3 კვირას შეადგენს, ხოლო ეფექტურ ტემპერატურატა ჯამი_3700-ს. ვაშლის ნაყოფჭამიას საქართველოში აქვს 2-3 თაობა.

უარყოფითი სამეურნეო მნიშვნელობა. მავნებელი ძირითადად აზიანებს თესლოვან ხეხილის (ვაშლი, მსხვალი კომში) და კაკალს. მისი მატლები გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოძრაობენ ნაყოფების ზედაპირზე, შემდეგ ხვრეტენ ნაყოფის კანს და იწყენებ რბილობის ღრღნას. მატლი ნაყოფის რბილობში იკეთებს კამერებს და ხვრელებს, რომელთაც ავსებს ექსკრემენტებით. გარდა ამისა, მავნებელი აზიანებს ნაყოფის თესლსაც.

დადგენილია, რომ თესლოვან კულტურების ყველაზე გავრცელებული სამრეწველო ჯიშების მთელი მოსავლის შესაძლო დაზიანება 8,7-დან 31,5%-მდე მერყეობს. დაზიანებული ნაყოფები ლპება.

ბრძოლის ღონისძიებები:

  • ხეების შტამბის მოვლითი სამუშაოების განხორციელება.
  • გამხმარი ტოტების და მცენარეული ნარჩენების სისტემატური მოცილება ნაკვეთებიდან.
  • მასობრივი გამრავლების შემთხვევაში შესაბამისი ქიმიური წამლობების განხორციელება – გამოიყენება დელტამეტრინის, დიმეთოატის, იმიდაკლოპრიდის და სხვა მოქმედ ნივთიერებათა შემცველი ინსექტიციდები.
მსგავსი სიახლეები