სტევია - სამკურნალო მცენარეები
12 / 05 / 2020

მრავალი ფაქტორი განსაზღვრავს ბუნებრივი მცენარეული რესურსების მიზანმიმართული, მრავალმხრივი შესწავლის აუცილებლობას. მეტად აქტუალურია იმ მცენარეების მოძიება, ინტროდუქცია, შესწავლა და კულტურაში გადმოტანა, რომლებიც გააფართოვებს ასორტიმენტს კვებით, ფარმაკოლოგიურ თუ სხვა დარგში, აქედან გამომდინარე ერთ-ერთი მნიშვნელოვან სამკურნალო და საკვებ დანამატ პროდუქტად გვევლინება სტევია - Stevia Rebaudiana Bertoni, რომელიც გამოიყენება კვების მრეწველობაში სასმელების, საკონდიტრო ნაწარმის დასატკბობად; მეცნიერული კვლევებით დამტკიცდა, რომ მცენარე არ არის კანცეროგენული, დაბალკალორიულია და აქვს ხანგრძლივი შენახვის უნარი. ამჟამად ფართოდ გამოიყენება მრავალ ქვეყანაში, როგორც დამატკბობელი კვებით და ფარმაცევტულ მრეწველობაში, განსაკუთრებით იმ ადამიანთა საკვები პროდუქტების დასატკბობლად, ვისაც შეზღუდული აქვს საქაროზას (შაქარი) მოხმარება ანუ დიაბეტით დაავადებულთათვის და სიმსუქნისადმი მიდრეკილთათვის, რომელიც დაკავშირებულია ორგანიზმში ნახშირწყლების ცვლის დარღვევასთან, რაც გამოწვეულია შაქრის ზედმეტად მოხმარებით

 

დღესდღეობით მეტად პერსპექტიულია შაქრის შემცვლელად სტევიას მცენარის გადამუშავებული პროდუქციის გამოყენება, თუნდაც იმის გამო, რომ იგი არანახშირწყლოვანი ბუნებრივი დამატკბილებელია, რომლის მიწისზედა ორგანოები, კერძოდ ფოთოლი და ნაწილობრივ ღერო, შეიცავს ორგანულ ნაერთებს ე. წ. გლიკოზიდებს (14-15%) (ნახშირწყალბადის ნარჩენები: ფურანოზიდი, პირანოზიდი და ფერმენტი ნახშირწყლებისა  ე. წ. აგლიკონი)  და უნიკალური სამკურნალო-პროფილაქტიკური და გამაჯანსაღებელი თვისებები ახასიათებს. სტევიას პროდუქციის სიტკბო გამოწვეულია დიტერპენული გლიკოზიდების შემცველობით - სტევიოზიდითა და რებაჟდიოზიდით, რომელთა სიტკბო 300-400-ჯერ აღემატება სახაროზისას და შაქრის შემცვლელის ყველა დადებითი თვისება ახასიათებს.

 

სტევიას მცენარე მე-19 საუკუნეში, 1899 წელს მეცნიერულად პირველად აღწერა იტალიელმა ბოტანიკოსმა  მ. ბერტონიმ, აღნიშნული მცენარის გვარში 100-ზე მეტი სახეობა შედის, მაგრამ სწორეს Stevia Rebaudiana Bertoni იმსახურებს მნიშვნელოვან ყურადღებას, რომელიც დაბალკალორიული ტკბილი ნივთიერებების შემცველობით გამოირჩევა. მდიდარია მინერალებით: კალციუმი, მანგანუმი, კალიუმი, მაგნიუმი, თუთია, ალუმინი, ფოსფორი, კობალტი, ფტორი   და ა.შ. ვიტამინებს: A, C, B1, B2, B6, P, K, F; ბეტა კაროტინი, ნიკოტინის მჟავა, რიბოფლავინი; ფენოლურ ნაერთებს - 11,8-15,4%. ფლავონოიდები: კვერციტრინი, კვერციტინი, აპიგენენი და ა. შ. არაქიდონის მჟავა (ნატურალური ჰერბიციდი), ლინოლენის მჟავა (ომეგა 6) და ა. შ.

 

ასევე მას აქვს ანტიმიკრობული და ანტიოქსიდანტური თვისებები, ეს პირველად მაშინ აღმოაჩინეს, როდესაც მეცნიერებმა გამოკვლევები ჩაატარეს ამერიკელი ინდიელების გუარანას ტომის წარმომადგენლებზე, რომლებიც ინტენსიურად მიირთმევდნენ ან ღეჭავდნენ სტევიას ფოთლებს. დაკვირვებებმა დაადასტურა, რომ მათ თითქმის არ აღმოაჩნდათ კარიესი.

 

სტევია მსოფლიო პრაქტიკაში გამოიყენება ფოთლის, ექსტრაქტის, მშრალი ექსტრაქტის, კონცენტრატის, და ტკბილი გლიკოზიდების სახით: სტევიოზიდი, რებაოდიოზიდი A, რებაოდიოზიდი C და ა. შ. სტევიოზიდთან შედარებით რებაოდიოზიდი მცირე რაოდენობითაა მცენარეში წარმოდგენილი, მაგრამ უფრო მაღალი კვებითი ღირებულება გააჩნია.

 

სტევიოზიდი 1931 წელს იქნა გამოყოფილი სტევიას ფოთლებიდან, ფრანგი ქიმიკოსების ლავიესა და ბრიდელის მიერ. ის არის თეთრი, კრისტალის მსგავსი ნივთიერება, რომელიც 300-400 -ჯერ მეტ სიტკბო აქვს ვიდრე შაქარს - საქაროზას; არ მოქმედებს სისხლში გლუკოზის რაოდენობაზე და ამდენად, დიაბეტით დაავადებულთათვის მისი მიღება რეკომენდირებულია. სტევიოზიდი დარეგისტრირებულია, როგორც დამატკბობელი საკვებდანამატი E960.

 

სტევია შაქრის ნაცვლად წარმატებით გამოიყენება საბავშვო, დიეტური და განსაკუთრებით დიაბეტური დანიშნულების, აგრეთვე კვების სხვა პროდუქტების წარმოებისათ,ვის, უალკოჰოლო სასმელების, კომპოტების, მურაბების, ნამცხვრების დასამზადებლად. აქვს პრაქტიკულად ნულოვანი კალორიულობა. მაგალითად, 100 გრამ შაქარში 387 კ/კალორიაა, ხოლო 100 გრამ სტევიაში (მშრალბალახში) – 18 კ/კალორია, ანუ 21,5-ჯერ ნაკლები. შაქრისგან განსხვავებით, არ წარმოადგენს ბაქტერიებისა და პარაზიტების საკვებს, ახასიათებს ანტიმიკრობულობა; არ ცვლის სისხლში გლუკოზის დონეს, პირიქით, მის ნორმალიზებას უწყობს ხელს; არ ვნებს ორგანიზმს დიდი ხნის განმავლობაში გამოყენებისას. კარგად იხსნება წყალში; მდგრადია მაღალი ტემპერატურისა და ტუტეების მიმართ, რაც კულინარიაში გამოყენების შესაძლებლობას იძლევა; აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, ებრძვის ჭარბწონიანობის, შაქრიანი დიაბეტის, პანკრეატიტის, ათეროსკლეროზის განვითარებას; სტევიოზიდის გამოყენებით მცირდება მიდრეკილება ალკოჰოლისა და თამბაქოს მიმართ.

 

მისი შემადგენელი კომპონენტების მრავალთაგან ერთ-ერთი უნიკალური თვისებაა, ინსულინის დაუხმარებლად ნივთიერებათა ცვლის პროცესში ჩართვით ხდება არა მარტო გლუკოზის შემცველობის ცვლილება, არამედ სისხლში მისი დოზის ოპტიმიზირება.

 

დიაბეტით დაავადებული ავადმყოფებისათვის სტევიას მოხმარების დროს  არ საჭიროებს ინსულინის დამატებით რაოდენობას.

 

სტევიას მიღებისას შეინიშნება არტერიული წნევის შემცირების მცირედ გამოხატული ეფექტიც, ხოლო დიდი დოზებით მიღებისას - ასევე მცირე მომატება, ე.ი. სტევიას მიღებისას საჭიროა ინდივიდუალური დოზის შერჩევა.

 

სტევია ფლობს სასარგებლო მატონიზირებელ ეფექტს. მცირე დოზების მიღებისას შეინიშნება გულის რიტმის მცირედი აჩქარება, დიდი დოზის მიღებისას - მცირედი შემცირება. გულის ნორმალური რიტმისას რაიმე გავლენა პრაქტიკულად არ შეინიშნება.

 

სტევიას გარეგანი გამოყენება არანაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე შინაგანი, როდესაც ნიღბად ან სველ საფენად ხმარობენ, არბილებს სახის კანს, ხდება ნაოჭების მოსწორება, უხდება დერმატიტით, ეგზემით დაავადებულებს.

 

კვებითი დანამატის სახით მისი გამოყენება აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ააქტიურებს თირკმელებისა და ღვიძლის მოქმედებას.

 

დადგენილია, რომ როგორც სტევიის ხმელ ფოთოლს ასევე სტევიოზიდს არ გააჩნია არასასიამოვნო გემო, სუნი ან სხვა მავნე თვისება, რაც  ამაღლებს მისი როგორც შაქრის შემცვლელის ღირსებას ფართო გამოყენებისათვის. სტევიოზიდში არ აღმოჩნდა ადამიანის ორგანიზმისათვის ბიოლოგიურად შეუთავსებლობა კვების, წამლის და მოხმარების სხვა საშუალებათა გამოყენებისას, ამიტომაც მას ფართოდ იყენებენ ევროპისა და ამერიკის განვითარებულ ქვეყნებში: იაპონიაში, პარაგვაიში, ტაივანზე, კორეაში, ფილიპინებზე, ტაილანდში, ჩინეთში, ინდოეთში, კანადაში და სხვა . ყველაზე დიდი რაოდენობით სტევიას აწარმოებს აშშ, ხოლო მისი მოხმარებით პირველ ადგილზეა იაპონია (98%-ს)

 

სტევიას მთლიანი, ხმელი  თუ დაფქვილი ფოთლები ბრწყინვალე ნაყენს იძლევა, როგორც ცალკე, ასევე სხვა კომპონენტებთან - ყავასთან, ჩაისთან, კაკაოსთან ერთად, მისი სისტემური გამოყენება ამცირებს ალკოჰოლისა და ნიკოტინისადმი  სწრაფვას, გამოიყენებენ აგრეთვე, როგორც სანელებლებსა და საკმაზს ბოსტნეულის სალათების მომზადებისას, აჭრიან ხილს, ხორციან და თევზიან ლანგარს, რაც მათ აძლევს ორიგინალურ ელფერს და საგემოვნო თვისებებით უაღრესად დიდ გურმანებსაც კი მოსწონთ.

 

ქობულეთის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების საცდელ-საკოლექციო ნაკვეთზე რამდენიმე წელია ხარობს ტკბილი ორფოთოლას მცენარეები, არის ღია გრუნტში გადაზამთრებული 2-3 წლიანი მცენარეები, ისინი აქ ალუვიურ და წითელმიწა ნიადაგებზე კარგად იზრდებიან, შემოდგომაზე ყვავილობენ უხვად, მაგრამ აღმოცენების უნარის მქონე თესლს იშვიათად თუ იძლევიან, ამიტომ ძირითადად სტევია მრავლდება ვეგეტატიურად, ახალგაზრდა ყლორტების დაფესვიანებით, ფესურების დაყოფით და გადაწვენით. მისი გამრავლება შეიძლება აგრეთვე  in virto-ს პირობებში - ქსოვილის კულტურის მეთოდით. 

 

სტევიას მცენარის ერთი კგ. ნედლი მასა ტოლია ექვსი-შვიდი კილოგრამი შაქრის.

 

ერთ ჰექტარზე მოდის დაახლოებით 2 ტ. სტევიას მოსავალი, როდესაც სტევიოზიდის გამოსავალი 6%-ია, სულ მინიმუმ ცვლის 10 ჰექტარ შაქრის ჭარხალს, როდესაც ჰექტარზე 30 ტონა მოსავალს იღებენ და შაქრის გამოსავალი 12%-ია.

 

სტევიას მცენარის მოყვანა შეიძლება სათბურებში, საკარმიდამო ნაკვეთებზე,  ორანჟერიებში, ღია გრუნტის პირობებში, სადაც კარგი აგროტექნიკის პირობებში შეიძლება მივიღოდ 15 ტონამდე ნედლი მასა,  ამ მცენარის მოყვანა შეიძლება ოთახის პირობებშიც, სხვადასხვა ზომის ჭურჭლებში. სტევიას მშრალი ფოთლის საბაზრო ფასი კილოგრამი ოც დოლარამდეა. ერთ ჰექტარზე საჭიროა 12 მუშახელი ნერგების გამოყვანითა და ნაკვეთის გაშენების ჩათვლით. ღია გრუნტში სტევიას დარგვის საუკეთესო დროა ზაფხულის დასაწყისი.     

 

ავტორები: მარიამ ცეცხლაძე, ნანა ჯაბნიძე 

მსგავსი სიახლეები