ბიომეურნეობა საქართველოში - ბლოგი
07 / 05 / 2020

2019 წელს ჩვენმა ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა ბიომეურნეობის სექტორში.

დონორი იყო GRETA-პროექტი საქართველოში, ხოლო კვლევის მიზანი – ორგანული სოფლის მეურნეობის მიმართულებით პერსპექტიული პროდუქტების/ღირებულებათა ჯაჭვების იდენტიფიცირება. უფრო მარტივად რომ ვთქვა, მიზანი იყო ისეთი სასოფლო-სამეურნეო დარგების შერჩევა, რომელთაც გააჩნიათ ბიოწარმოებაზე გადასვლის კარგი პოტენციალი.

კვლევის ძირითადი სამიზნე არეალი იყო რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონი, მესტიის მუნიციპალიტეტი და ზემო იმერეთის სამი მუნიციპალიტეტი (საჩხერე, ჭიათურა და ტყიბული). სულ 8 მუნიციპალიტეტი.

ეს იყო ჩვენი ორგანიზაციის პირველი აქტივობა ორგანული სოფლის მეურნეობის სექტორში. მანამდე სხვადასხვა პროექტების ფარგლებში გვქონდა გარკვეული შეხება ამ სექტორთან, მაგრამ ასე სიღრმისეულად არა.

ვფიქრობ, რომ საკმაოდ ინფორმატიული კვლევა გამოვიდა, მისი შედეგები წარმოდგენილია კვლევის საბოლოო ანგარიშში, რომელიც გადაეცა დონორ ორგანიზაციას.

ანგარიში ინგლისურ ენაზეა და შეგიძლიათ იხილოთ და ჩამოტვირთოთ მოცემულ ლინკზე.

ამ ბლოგში კი ვეცდები მოკლედ დავწერო იმ ძირითად თემებზე, რომელიც ყველაზე მეტად აინტერესებს ბიო-პროდუქციის მომხმარებლებს, ან ორგანულ სოფლის მეურნეობაში ბიზნესის დაწყების მსურველ ხალხს.

ჩემი აზრით, საინტერესო უნდა იყოს ინფორმაცია შემდეგი საკითხების შესახებ:

  • არსებული ბიოპროდუქციის მწარმოებლები;
  • ბიოპროდუქციის პოტენციური მომხმარებლების საორიენტაციო რაოდენობები;
  • ბაზარზე არსებული მოთხოვნის პროცენტული გადანაწილება პროდუქციის სახეობების მიხედვით;
  • ბიოსერტიფიცირების არსებული საშუალებები და ფასები;
  • ბიოპროდუქციის არაფორმალური მწარმოებლები;
  • არსებული პერსპექტივები.

არსებული ბიოპროდუქციის მწარმოებლები. ამჟამად საქართველოში დაახლოებით 40-მდე კომპანია აწარმოებს ბიო-პროდუქციას. საუბარია ოფიციალურად სერტიფიცირებულ კომპანიებზე, რომელთაც გავლილი აქვთ ყველა საჭირო პროცედურა და ფლობენ შესაბამის სერტიფიკატს.

ტერიტორიული გადანაწილების თვალსაზრისით, ამ კომპანიებიდან 20 დარეგისტრირებულია კახეთის რეგიონში, 4 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 3 იმერეთის რეგიონში, 1 სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 1 აჭარის ა/რ-ში, 1 გურიის რეგიონში, 1 შიდა ქართლში, 1 ქვემო ქართლში, 6 მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, 1 სამცხე-ჯავახეთში და 1 თბილისში.

რაც შეეხება ამ კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციის სახეობებს:

  • 20 კომპანია აწარმოებს ბიო-ღვინოს;
  • 2 კომპანია აწარმოებს ორგანულ ეთერზეთებს;
  • 14 კომპანია აწარმოებს ველური მცენარეების/ტყის პროდუქტების შეგროვება-რეალიზაციას;
  • 1 კომპანია აწარმოებს ორგანულ მარცვლეულ პროდუქტებს და ხილს;
  • 1 კომპანია აწარმოებს ორგანულ თხილს;
  • 1 კომპანია აწარმოებს ორგანულ ჩაის;
  • 1 კომპანია აწარმოებს  ორგანულ კენკროვან ხეხილს.

კომპანიების რაოდენობებთან დაკავშირებით არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი – მე აქ მხოლოდ ის კომპანიები დავწერე, რომელთაც 2019 წლის ზაფხულ-შემოდგომის მდგომარეობით ჰქონდათ სერტიფიკატი. მათ გარდა, არსებობს დაახლოებით 35-40 კომპანია, რომელთაც ან დროებით შეჩერებული აქვთ ბიო-მწარმოებლის სტატუსი, ან იმყოფებიან კონვერსიის პერიოდში, ანუ გადიან სერტიფიკატის მოპოვებისათვის საჭირო პროცედურებს.

ბიოპროდუქციის პოტენციური მომხმარებლების საოტიენტაციო რაოდენობები. კვლევის პროცესში ეს ჩვენთვის ყველაზე პრობლემატური საკითხი იყო, რადგან საქართველოში არავინ არ ითვლის ბიო-პროდუქციის მომხმარებელ ადამიანებს. ამიტომ გამოვიყენეთ დათვლის შემდეგი მეთოდოლოგია: სახელმწიფოს მიერ წარმოებული სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 2,5%-ს აქვს რეგისტრირებული ყოველთვიური შემოსავალი 500 ევრო ან მეტი (სადღაც 1500 ლარამდე). რაოდენობრივი თვალსაზრისით ეს არის 45-50 ათასი ადამიანი. რეალურად ეს ხალხია ბიო-პროდუქტების პოტენციური მომხმარებელი. მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი, რომელთაც თვეში 500 ევროზე ნაკლები შემოსავალი აქვს, ამ შემოსავლის თითქმის ნახევარს (44%-ს) ხარჯავს საკვებში, ანუ მათი ფინანსური შესაძლებლობები ძალიან შეზღუდულია და ვერ გადაიხდიან მაგალითად, ბიო-პურში სამჯერ ძვირს.

თუმცა ეს ციფრი (45-50 ათასი) არის ე.წ. „მყარი მინიმუმი“. ის შესაძლოა გაიზარდოს, მაგრამ შეუძლებელია შემცირდეს, რადგან:

  1. ჩვენ ეს ციფრი მივიღეთ მხოლოდ რეგისტრირებული შემოსავლის მქონე მოსახლეობის დათვლის შედეგად. მეორეს მხრივ, საქართველოში არსებობს ადამიანების კატეგორია, რომელთაც არ მოეთხოვებათ შემოსავლის რეგისტრაცია. მაგალითად ხელოსნები, მათ გარკვეულ ნაწილს აქვს 500 ევრო ან მეტი შემოსავალი თვეში. შესაბამისად, გააჩნიათ ბიოპროდუქციის შეძენის პოტენციალი. ამ ადამიანების ზუსტი რაოდენობა აგრარიკოსებმა კი არა, საგადასახადო ინსპექციამაც არ იცის. თუმცა ვიცით, რომ ასეთი ხალხი არსებობს და იმედია ბევრნი არიან.
  2. ზოგიერთი სახეობის ბიო-პროდუქტი შესაძლოა იყიდოს ნებისმიერი შემოსავლის მქონე მომხმარებელმა, რადგან ეს პროდუქტები ხშირად გამოიყენება სამკურნალო მიზნით, ან უმნიშვნელო რაოდენობებით – ერთხელ რომ იყიდი და დიდხანს გაქვს. ასეთი პროდუქტებია: თაფლი, რომელიც ხშირად სამკურნალო მიზნით გამოიყენება, ჩვენი ბაზარი კი გაჭედილია ფალსიფიცირებული თაფლით, ადამიანები ეძებენ ნატურალურ თაფლს და მზად არიან გადაიხადონ ძვირი. ასევე სუნელები – ბოლო პერიოდში აგორებული ტყვიის შემცველობის სკანდალის გამო ადამიანების უმრავლესობა მზადაა გადაიხადოს ძვირი და იყიდოს ხარისხიანი პროდუქტი.

ამ ორი მნიშვნელოვანი ფაქტორიდან გამომდინარე ვამბობთ, რომ 45-50 ათასი არის ადამიანთა ის რაოდენობა, რომელიც ოფიციალურად-დადასტურებულად არსებობს. ასევე დამატებით არსებობს იმედია რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელთაც გააჩნიათ ბიო-პროდუქციის შეძენის პოტენციალი.

ბაზარზე არსებული მოთხოვნის პროცენტული გადანაწილება პროდუქციის სახეობების მიხედვით. ბიოპროდუქციის ცალკეულ სახეობებზე არსებული მოთხოვნის დონეების შესწავლის მიზნით, ჩავატარეთ მომხმარებელთა გამოკითხვები თბილისის და ქუთაისის ძირითად სუპერმარკეტებსა და სამეურნეო ბაზრებზე.

საერთო ჯამში გამოკითხვები ჩატარდა 16 ობიექტში და გამოიკითხა 200-მდე ადამიანი. კითხვარი შედგებოდა პროდუქციის ჩამონათვალის და მხოლოდ ერთი კითხვისგან: „მოცემული პროდუქტებიდან რომელს შეიძენდით, თუ: ყველა ბიოა, ღირს ერთი ფასი და თქვენ გაქვთ საჭირო თანხა?“

გაცემული პასუხების მიხედვით, მივიღეთ შემდეგი სახის პროცენტული გადანაწილება:

  • პირველი ადგილი – ბიო თაფლი (შეიძენდა გამოკითხულთა 23%);
  • მეორე ადგილი – ბიო ბოსტნეული და კარტოფილი (შეიძენდა გამოკითხულთა 16%);
  • მესამე ადგილი – ორგანული წესით წარმოებული სუნელები (შეიძენდა გამოკითხულთა 13%);
  • მეოთხე ადგილი – ბიო მწვანილი (შეიძენდა გამოკითხულთა 12%);
  • მეხუთე ადგილი – სამკურნალო მცენარეები (შეიძენდა გამოკითხულთა 10%);
  • მეექვსე ადგილი – ორგანული ჩაი (შეიძენდა გამოკითხულთა 9%);
  • მეშვიდე ადგილი – ორგანული გზით წარმოებული ქათმის ხორცი (შეიძენდა გამოკითხულთა 6%);
  • მერვე ადგილი – ორგანული სოკოები (შეიძენდა გამოკითხულთა 5%);
  • მეცხრე ადგილი – ბიო ლობიო (შეიძენდა გამოკითხულთა 3%);
  • მეათე ადგილი – ბიო რძე (შეიძენდა გამოკითხულთა 2%);
  • მეთერთმეტე ადგილი – ბიო ღვინო (შეიძენდა გამოკითხულთა 1%).

ამ პროდუქტების გარდა, კითხვარი მოიცავდა რამდენიმე სხვა პროდუქტსაც მაგრამ გამოკითხული ადამიანებიდან არცერთმა არ აირჩია ისინი. ეს პროდუქტები იყო: ბიო ღორის ხორცი, საქონლის ხორცი, ცხვრის ხორცი და ა.შ.

ბიო-ხორცები გასაგები მიზეზების გამო არ აირჩიეს ქართველებმა.

რაც შეეხება შერჩეულ პროდუქტებს, დაახლოებით ამ შედეგებს ველოდი. ერთადერთი ქათმის ხორცის 6% აღმოჩნდა მოულოდნელობა და მე ვფიქრობ, რომ ეს შედეგი ბიო-ბიოს თუ ბიუ-ბიუს დამსახურებაა, რომელმაც რეალურად გააჩინა მოთხოვნა ორგანულ ქათმის ხორცზე.

ბიოსერტიფიცირების არსებული საშუალებები და ფასები. ბიო-პროდუქციის წარმოებისათვის საჭიროა მასერტიფიცირებელი ორგანოს მიერ შემუშავებული სტანდარტების დაცვა და სერტიფიკატის აღება. საქართველოში ერთი სტაბილურად მომუშავე კომპანია ვიპოვეთ, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქციის სერტიფიცირების პროცესს. რაც შეეხება სერტიფიცირების ფასს, ეს დამოკიდებულია მეურნეობის-პროდუქციის სახეობაზე, ლოკაციაზე, მასშტაბზე და საშუალოდ ღირს 1500-3000 ევროს ფარგლებში. დამატებითი ინფორმაცია სერტიფიცირების წესების და ფასების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ლინკზე.

ბიოპროდუქციის არაფორმალური მწარმოებლები. როგორც ამბობენ, საქართველოში დაახლოებით 1000-1500 ფერმერი (არ ვიცი ეს ციფრი რამდენად ზუსტია) არის ბიომეურნეობის მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციის წევრი. მათ უმრავლესობას არ გააჩნია ბიომწარმოებლის სერტიფიკატი. მაგრამ სავარაუდოდ, აქვთ შესაბამისი კარგი რეპუტაცია და მათ მიერ წარმოებული პროდუქცია იყიდება როგორც ბიო ან ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი.

 – აწარმოებს თუ არა ეს ხალხი რეალურად ბიო-პროდუქციას?

არ ვიცი.

ჩემი აზრით 50/50-ზეა. პიროვნული ნდობის და შეხედულებების თემაა: მე თუ ვიცნობ ადამიანს და ვიცი, რომ პროდუქციას აწარმოებს ორგანული სოფლის მეურნეობის სტანდარტების დაცვით, ამ შემთხვევაში არ მაინტერესებს აქვს თუ არა მას სერტიფიკატი – ვიყიდი მისგან პროდუქტს ბიოს ფასად.

ძალიან ობიექტურად, სუპერ-ობიექტურად რომ შევხედოთ ამ საკითხს, არის ასეთი სიტუაცია: “არაფორმალური” ბიომწარმოებლების ორი კატეგორია არსებობს ქვეყანაში:

  1. ხალხი ვინც მართლა ცდილობს და მართლა აწარმოებს ბიოსთან მიახლოებულს ანდა სულაც ბიო-პროდუქციას, მიუხედავად იმისა, რომ არ გააჩნიათ სერტიფიკატი;
  2. ტაში ქალებო, ჩემი ბადრიჯანი გალობს“ – ხალხი, ვინც გაცნობიერებულად ან გაუცნობიერებლად ვერ/არ აწარმოებს ბიო-პროდუქციას და მიუხევადად ამისა, ჩვეულებრივი ბანალურ-სადღეგრძელოური ლაყაფის საშუალებით ცდილობს გაყიდოს თავისი პროდუქტი ბიოს ფასად, ან წარმოაჩინოს თავის ბოსტანი თუ ყანა როგორც ბიო. ამ მიდგომას ცხადია თავისი დადებითი მხარეები და კარგი პერსპექტივები აქვს, განსაკუთრებით ჩვენთან, სადაც ბიოპროდუქციის შესახებ ადამიანების (განსაკუთრებით ქალაქში მცხოვრები ხალხის) მოტყუება ძალიან ადვილია – საკმარისია მოვუყვეთ საშიში ზღაპრები ქართველთ-ყლაპია პესტიციდებზე და შემდეგ მივასაღოთ იგივე პესტიციდებით მოყვანილი ან პესტიციდების გარეშე მიღებული, მაგრამ სოკოებით და ბაქტერიებით გატენილი პროდუქტი ათმაგ ფასად. ამ შემთხვევაში გაზრდილი ფასი, კიდევ ერთი დამაჯერებელი არგუმენტია (ვა, ძვირია – ესეიგი ხარისხიანია – 30 ლარად რომ კილო პომიდორს იყიდი, კი მოგეჩვენება გემრიელი).

ისევ შევეშვები ობიექტურობას და ჩემს აზრს დავწერ: მე ვფიქრობ და ძალიან ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ამ ორი კატეგორიიდან მეორე კატეგორიაში მყოფი ხალხის რაოდენობა ბევრად მეტია პირველ კატეგორიაში მყოფი ხალხის რაოდენობაზე.

თუ ამ საკითხს სამართლებრივი კუთხით განვიხილავთ, ამ შემთხვევაში ბიომწარმოებელია მხოლოდ ის, ვინც ფლობს შესაბამის სერტიფიკატს. ვისაც არ აქვს სერტიფიკატი, ის არ არის ბიომწარმოებელი. მიუხედავად იმისა, თუ რომელი სექტორული არასამთავრობო ორგანიზაციის წევრია ან რა წარმოდგენა აქვს თავის მეურნეობაზე.

არსებული პერსპექტივები. მე პირადად ვთვლი, რომ ბიო-ღვინო უკონკურენტოა პერსპექტივის თვალსაზრისით. მას სხვა პროდუქტებთან შედარებით აქვს რამდენიმე ძლიერი უპირატესობა:

უნიკალური ადგილწარმოშობა – ბიოთაფლი ან მაგალითად, ბიო-ქინძი პოტენციურად შეიძლება ერთდროულად იწარმოებოდეს გურიაშიც და გერმანიაშიც. მაგრამ ბიო-უსახელოური ან ბიო-საფერავი მხოლოდ საქართველოში;

ფასი – ჯიშის მიხედვით ერთი ბოთლი ბიო-ღვინის ფასი 20-დან 200 ევრომდეა. 1 ჰა-დან 1000 ბოთლის მიღება სრულიად რეალისტურია.

შეღავათები – ხელსაყრელი საკანონმდებლო ბაზა, სახელმწიფოს მიერ წარმოებული პოპულარიზაცია საერთაშორისო დონეზე.

ხელსაყრელი აგროკლიმატური პირობები – ამას განმარტებაც აღარ სჭირდება.

მიმდინარე ტენდენციებს თუ შევხედავთ, ასევე პერსპექტიულია კენკროვანი კულტურების წარმოება..

ცხადია როგორც ღვინის, ასევე კენკროვანი კულტურების სამიზნე ბაზარი ევროკავშირის ქვეყნებია. ადგილობრივ ბაზარზე კი უფრო მეტი პერსპექტივა აქვს თაფლს, ბოსტნეულს და სუნელებს.

გარდა ამისა, ვფიქრობ რომ ბიომეურნეობის სექტორში საკმაოდ კარგი პერსპექტივები ჩნდება ახალი მოთამაშეების ახალი არასამთავრობო ორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფების გაჩენა/გაძლიერებისათვის. ეს ალბათ ყველაზე კარგია, რაც ამ სექტორში შეიძლება მოხდეს, რადგან ნებისმიერ სფეროში მონოპოლიზაციის არსებობა საბოლოო ჯამში აბანძებს ხარისხს.

ახალი მოთამაშეების გაჩენა/განვითარების პერსპექტივებს კი ქმნის ბაზრის ზრდის ტენდენცია, დონორი ორგანიზაციების გააქტიურება და თავად ამ ახალი ჯგუფების არსებობა.

პრინციპში, სულ ეს იყო რაც ამ კვლევასთან დაკავშირებით მინდოდა დამეწერა, დამატებითი ინფორმაციის მსურველებისათვის ტექსტში მოცემული მაქვს შესაბამისი ლინკები და ასევე, აქვე დავწერ ინფორმაციას GRETA პროექტის შესახებ, რომელიც განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდეს რაჭა-ლეჩხუმის, მესტიის, ჭიათურის, ტყიბულის და საჩხერის მუნიციპალიტეტში მცხოვრები იმ ფერმერებისა და მეწარმეებისათვის, რომელთაც გადაწყვეტილი აქვთ ბიომეურნეობაში შესაძლებლობების მოსინჯვა.

ინფორმაცია GRETA პროექტის შესახებ

GRETA წარმოადგენს მთის ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერის ოთხწლიან პროექტს, რომლის მიზანია განავითაროს ხსენებულ სექტორებში მცირე და საშუალო საწარმოები. პროექტი აგრეთვე ხელს შეუწყობს სათანადო ბიზნეს გარემოსა და შემოსავლების გენერირების შესაძლებლობათა განვითარებას. პროექტი მოიცავს საქართველოს სამ რეგიონს ზემო სვანეთს, რაჭასა და ზემო იმერეთს; მისი მთლიანი ღირებულება 6,8 მილიონი ევროა და იგი დაფინანსებულია ევროკავშირისა და ევროკავშირის ორი წევრი ქვეყნის – ავსტრიისა და შვედეთის მთავრობების მიერ. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ავტორი: ანდრო ხეთერელი 

მსგავსი სიახლეები