ჟოლოს ანთრაქნოზი - სიმპტომები და ბრძოლის მეთოდები
12 / 01 / 2019

გამომწვევი სოკო – Elsinoe veneta.

დაავადების განვითარების ოპტიმალური პირობები:

  • ტემპერატურა: 21-30°C.
  • ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: 80%-ზე მეტი.

დაავადების სიმპტომები. ანთრაქნოზით დაავადებული ჟოლოს ფოთლებზე ჩნდება ასიმეტრიული ფორმის მოყვითალო-თეთრი ფერის ლაქები. დროთა განმავლობაში ლაქა იზრდება ზომაში და მის ირგვლივ ყალიბდება მოწითალო ალისფერი კონტური. ამ პერიოდისათვის ლაქის ცენტრი იღებს  მორუხო შეფერილობას. დაზიანებული ქსოვილი იშლება და შედეგად, ფოთლებზე ჩნდება ნახვრეტები. ამ ფორმით დაზიანებული ფოთლები ნაადრევად ცვივა.

დაავადებულ ღეროზე ჩნდება მცირე ზომის მოწითალო, ან ალისფერი დაზიანებული უბნები. დროთა განმავლობაში დაზიანებული არეალი იზრდება, ოდნავ ამოიზნიქება, მისი ცენტრი იღებს მორუხო შეფერილობას, შემდეგ დაზიანებული უბნის ცენტრი ჩაღრმავდება და სკდება. დაავადების განვითარებისათვის ოპტიმალური პირობების არსებობის შემთხვევაში აღნიშნული სახის დაზიანებული უბნები მრავლდებიან ღეროს ზედაპირზე ერთმანეთს უერთდებიან და წარმოიქმნება დიდი ზომის დაზიანებული ადგილები. ამ ფორმით დაზიანებული ღეროები კარგავენ სიცივისადმი გამძლეობის უნარს და ხმებიან. მათზე განვითარებული ნაყოფი მცირე ზომისაა, მკვრივია, აქვს ჟანგისფერი შეფერილობა და კარგავს სასაქონლო ღირებულებას.

სიმპტომების გამოვლენის ძირითადი პერიოდები: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა.

ბრძოლის/პრევენციის ღონისძიებები:

  • ოპტიმალური კვების არეების დაცვა.
  • ძლიერ დაზიანებული მცენარეების მოცილება ნაკვეთებიდან.

ქიმიური კონტროლი: ადრე გაზაფხულზე დაავადების წინააღმდეგ ეფექტურია 3% – იანი ბორდოს სითხის შესხურება. ვეგეტაციის პერიოდში – ყვავილობამდე და მოსავლის აღების შემდეგ კი მიზანშეწონილია კაპტანის და სპილენძის შემცველი  ფუნგიციდების გამოყენება.

მსგავსი სიახლეები