ვაზის ჭრაქი - სიმპტომები და ბრძოლის ღონისძიებები
25 / 02 / 2020

გამომწვევი სოკო - Plasmopara viticola

ოპტიმალური პირობები გაჩენისათვის:

  • ტემპერატურა: 18-25°C.
  • ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: 80-100%.

სიმპტომები. ჭრაქი აზიანებს ვაზის ყველა მწვანე ნაწილს: ფოთოლს, ყლორტს, ყვავილედს და ნაყოფს. ჭრაქის მასობრივად გავრცელების დროს  თითქმის მთლიანად  იღუპება  მოსავალი.

თავდაპირველად ფოთლების ზედა მხარეებზე ჩნდება მოყვითალო ლაქები, რომლებიც ქვედა მხარეზე თეთრი ფიფქით იფარება და შემდეგ ხმება.

ყვავილის ჭრაქით დაავადების დროს მთელი ის თეთრი ფიფქით იფარება,  შემდეგ ყვავილები ცვივა  კლერტი კი  რჩება.

დაავადებულ ნაყოფს განვითარების ფაზების მიხედვით სხვადასხვა სიმპტომი ახასიათებს. მაგალითად, ისვრიმობის დროს მარცვლის მიმაგრების ადგილზე ჩნდება მონაცრისფრო ლაქა, რომელიც მთელ მარცვალს ედება. დაავადებული მარცვალი ჭკნება და ხმება.

თვალში შესული და  მწიფე მარცვალიც ყუნწიდან ავადდება.  ყუნწთან მიმაგრების ადგილას დასაწყისში  ჩნდება მოლურჯო ზოლი, რომელიც შემდეგ  მურა ან ყავისფერში გადადის  და მთელ მარცვალს ედება. დაავადებული მარცვლები ცვივა.

სიმპტომების გამოვლენის პერიოდები: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა.

ბრძოლა/წამლობები:

ჭრაქის წინააღმდეგ ტარდება წამლობები, კულტურის განვითარების ეტაპების გათვალისწინებით. ამ დროს გამოიყენება მანკოცების, იპროვალიკარბის, მეთირამის და დაავადების წინააღმდეგ ეფექტის მქონე სხვა მოქმედ ნივთიერებათა შემცველი ფუნგიციდები.

მსგავსი სიახლეები