კანაფის წარმოებას სპეციალური სააგენტო გააკონტროლებს
15 / 11 / 2018

მცენარე კანაფის კონტროლის შესახებ”  კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, იგეგმება ახალი სააგენტოს შექმნა, რომელიც ქვეყანაში კანაფის წარმოებას გააკონტროლებს. სააგენტო იქნება საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სფეროში შემავალი იურიდიული პირი. კანონპროექტის მიხედვით, სააგენტოს ამოცანები იქნება:

  • მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უზრუნველყოფა
  • მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე სალიცენზიო და სარეგისტრაციო საქმიანობის განხორციელება.
  • კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად მცენარე კანაფის ბრუნვასთან დაკავშირებული სამართალდარღვევების პრევენციის, მათი გამოვლენის და მათზე რეაგირების უზრუნველყოფა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
  • ნარკომანიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საინფორმაციო კამპანიების, საგანმანათლებლო პროგრამებისა და სხვა პრევენციულ ღონისძიებათა განხორციელებაში მონაწილეობის მიღება.

კანონპროექტის მიხედვით, ამ ეტაპზე ასევე განსაზღვრულია კრიტერიუმები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს კანაფის წარმოებაზე ორიენტირებული ლოკაცია. ეს კრიტერიუმებია:

  • კანაფის დათესვა-მოყვანა და კულტივირება დასაშვები იქნება მოხლოდ დახურულ შენობებში.
  • მცენარე კანაფის მოყვანისა და გადამუშავების ობიექტი აღჭურვილი უნდა იყოს მთავრობის რეგლამენტით გაწერილი უსაფრთხოების სისტემებით, უნდა ჰქონდეს შუქხმოვანი სიგნალიზაცია, სადღეღამისო დაცვა, შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობის მართვის პუნქტი.
  • ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა შეესაბამებოდეს შსს-ს მოთხოვნებს, სისტემის შესაბამისობას ამოწმებს შსს და გამოსცემს შესაბამის აქტს სისტემის დამონტაჟების შესახებ.
  • დაწესებულების პერიმეტრზე შესვლის უფლება აქვთ მხოლოდ ობიექტის ხელმძღვანელობის მიერ ავტორიზებულ პირებს. სხვა პირები საგამონაკლისო წესით, მათზე გაცემული ერთჯერადი საშვებით შევლენ ობიექტზე.
  • შენობა-ნაგებობაში შესვლისას ელექტრონული რეგისტრაციის გავლა სავალდებულოა ყველასთვის, რეგისტრაცია წარმოებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით;
  • ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ჩანაწერების არქივი მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში უნდა ინახებოდეს.
მსგავსი სიახლეები