ატმის ჯიშები - ბელი
11 / 01 / 2019

ნაყოფის აღწერა – ერთწლიანი ნაზარდი ძლიერი ზრდისაა, სანაყოფე კვირტები განლაგებულია როგორც ერთეულად, ისე ჯგუფურად. ნაყოფი საშუალო ზომისაა, ზოგჯერ უფრო მსხვილი. საშუალო წონა 130 გრამამდეა. ნაყოფები სიმსხოს მიხედვით არათანაბარია, მოგრძო ფორმის, ყუნწთან ირიბად შეკვეცილია, ბოლო ოდნავ ვიწროა, ფორმის მიხედვით არაერთგვაროვანია. ნაყოფის კანი მოყვითალო-მომწვანოა, ახასიათებს მოწითალო ფერის ზოლები, რომლებიც ზოგჯერ მთლიან ფერში გადადის და ინტენსიურ შეფერვას ღებულობს. კანი თხელია, ელასტიური, ადვილად სცილდება რბილობს. ყუნწის ღრუ ღრმაა და ვიწრო.

რბილობი თეთრია, ოდნავ ძარღვიანი, ძლიერ წვნიანი, საშუალოდ მკვრივი. კურკასთან რბილობი წითელია, სიწითლე ზოგჯერ ხორცშიც გადადის. ნაყოფი არათანაბრად მწიფდება, სახლეჩია, ადვილად სცილდება კურკას.

მსხმოიარობაში შესვლა – ხე ძლიერი ზრდისაა ივითარებს განიერ გაშლილ ვარჯს, უხვად იფოთლება. ხე ყვავილობს აპრილის პირველ დეკადაში.

სიმწიფის პერიოდი ყვავილობის შემდეგ – მაღალმოსავლიანი ჯიშია, ერთი ხიდან საშუალოდ 60-70 კგ-მდე მოსავალს იღებენ. ნაყოფი ქართლის პირობებში იკრიფება აგვისტოს მესამე დეკადაში და დიდხანს არ ინახება.

დამატებითი ინფორმაცია – გამძლეა დაავადებების მიმართ, საშუალო ტრანსპორტაბელურია, მოითხოვს შერჩევით კრეფას. ჯიში ამერიკული წარმოშობისაა.

მსგავსი სიახლეები