ოქროკუდა - აღწერილობა და ბრძოლის მეთოდები
11 / 01 / 2019

ლათინური დასახელება – Nygmia phaeorrhoea L.

აღწერილობა. მავნებლის მატლი მონაცრისფრო შავი ფერისაა, დაფარულია ოქროსფერი ბეწვებით, რომლებიც კონებადაა გაწყობილი მეჭეჭებზე. მეჭეჭები განსაკუთრებით ხშირია პირველ სამ და უკანასკნელ სეგმენტზე. თითო წითელი მეჭეჭი მოთავსებულია მეცხრე და მეათე სეგმენტზე. ამ მეჭეჭებს გააჩნიათ შხამიანი ჯირკვლის სადინარები, რომლებიც შეხების დროს ამოიბურცებიან და გამოყოფენ შხამს. გვერდებზე მატლს გასდევს თეთრი, ზურგის გასწვრივ კი – მოწითალო-მურა ზოლი.
მავნებლის პეპელა გაშლილი ფრთებით 32-35 მმ-ია. ფრთები თეთრი ფერისაა. წინა ფრთებზე აქვს ოთხი შავი წერტილი. დედალ პეპელას მუცლის ბოლოზე მოწითალო- ოქროსფერი ბეწვების კონა ახასიათებს. ულვაშები ფრთისებრია.

სასიცოცხლო ციკლიოქროკუდა ზამთრობს სხვადასხვა ხნოვანების მატლის ფაზაში. გაზაფხულზე, მეორე ან მესამე კანის ცვლის შემდეგ, მატლები საზამთრო ბუდეებიდან გამოდიან, თავსდებიან ხეებზე და აზიანებენ კვირტებს, ფოთლებსა და მწვანე ყლორტებს.

გაზაფხულზე მატლების გამოსვლა ემთხვევა მსხლის კოკრების დაბერვას. ამ დროს მათთვის დამახასიათებელია დროებითი ბუდეების გაკეთებაც თავშესაფრად და კანის ცვლისათვის. მავნებლის მატლები ძალზე მგრძნობიარენი არიან ტემპერატურის მერყეობის მიმართ. ასეთ პირობებში მოხვედრილი მატლები ადვილად ავადდებიან სხვადასხვა პათოგენური ორგანიზმებით – ბაქტერიებით, სოკოებით და სხვ. ჰაერის ოპტიმალურ ტემპერატურას მავნებლისათვის წარმოადგენს 22-26°, ოპტიმალურ ფარდობით ტენიანობას კი – 60-70%. ივნისის მეორე ნახევრიდან ივლისის პირველ რიცხვებამდე მატლები ამთავრებენ განვითარებას და იწყებენ დაჭუპრებას. ჭუპრის ფაზის ხანგრძლივობა დაახლოებით სამ კვირამდე გრძელდება. ჭუპრებიდან გამოსული პეპლები განაყოფიერების შემდეგ იწყებენ კვერცხის დებას. კვერცხებს დებენ გროვებად, ძირითადად ფოთლის ქვედა მხარეზე. მავნებლის მასობრივი გამრავლებისას თითოეულ ასეთ გროვაში 300-მდე კვერცხია.

ივლისის ბოლოს და აგვისტოს დასაწყისში გამოჩეკილი მატლები იკვებებიან ფოთლის რბილობით, რაც იწვევს მცენარის ამ ორგანოს სკელეტაციას. გარდა ამისა, მატლები საზამთრო ბუდეს იმავე დაზიანებული ფოთლებისაგან აკეთებენ.

მავნებელს წელიწადში ერთი თაობა ახასიათებს.

უარყოფითი სამეურნეო მნიშვნელობა ოქროკუდა საკმაოდ საშიში მავნებელია. გარდა იმისა, რომ მასობრივი გამრავლებისას მთლიანად აშიშვლებს ტყის მასივებსა და მათ ახლოს მდებარე სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე არსებულ ხეხილის ბაღებს, იგი საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასაც: თავდაცვის მიზნით მავნებლის მატლები მეჭეჭებიდან გამოყოფენ სეკრეტს, რომლითაც სველდება მათი მსხვრევადი ბეწვები. ბეწვები გაშრობისთანავე იფხვნებიან და ჰაერში იფანტებიან. ადამიანის სხეულზე მოხვედრის შემთხვევაში ასეთი ბეწვები იჭრებიან კანში და შეაქვთ შხამი, რომელიც იწვევს დასუსხვას, სიმსივნესა და სხეულის ტემპერატურის აწევას. ასეთივე დამსუსხავი თვისება გააჩნიათ მავნებლის პარკსა და ბუდესაც.

ოქროკუდას შხამი ძალზე სახიფათოა, რადგან ადამიანის კუჭ-ნაწლავში მოხვედრისას იგი იწვევს კრუნჩხვებს, წვას და პირღებინებას, ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია სიკვდილიც გამოიწვიოს.

ბრძოლის ღონისძიებები:

  • გვიან შემოდგომით ან ზამთარში საზამთრო ბუდეების შეგროვება და დაწვა.
  • მავნებლის კვერცხებიანი ფოთლების მოცილება მცენარეებიდან და განადგურება.

ქიმიური კონტროლი. მავნებლის მასობრივი გამრავლებისას შესაძლებელია ტყის მასივების და მწვანე ნარგაობების დამუშავება ციპერმეტრინის, ალფა-ციპერმეტრინის და სხვა მოქმედ ნივთიარებათა შემცველი ინსექტიციდებით.

მსგავსი სიახლეები