
ვაშლი (Malus Mill) ვარდისებრთა ოჯახის (Rosaceae) ხეხილოვანი მცენარეა. საჭმელად გამოიყენება მისი ნაყოფის რბილობი (მეზოკარპიუმი) და კანი (ეგზოკარპიუმი). ვაშლისათვის დამახასიათებელია მსხვილი, ცვალებადი ფორმის ფოთლები, რომელთა კიდეები ხერხისებრადაა დაკბილული. ფოთლის ზედა და ქვედა მხარე მცირედ შებუსულია. ყვავილი მსხვილია, მოთეთრო ან მოვარდისფრო შეფერილობის.
მსოფლიოში გავრცელებულია ვაშლის ათასობით ჯიში, სიმწიფის პერიოდის მიხედვით არსებობს ვაშლის საადრეო, საშუალო და საგვიანო ჯიშები.
დამოკიდებულება აგროკლიმატურ პირობებთან. ვაშლი ზომიერი ჰავის კულტურაა და შესაბამისად, სითბოს ნაკლებ რაოდენობას მოითხოვს. გამომდინარე აღნიშნულიდან, აღმოსავლეთ საქართველოში მისი წარმოება ზღვის დონიდან 500 მ დაბლა არ არის მიზანშეწონილი, ხოლო ხარისხიანი პროდუქცია მიიღება 700-1200 მ-ის სიმაღლემდე.
აღსანიშნავია რომ ვაშლის უმეტესი ჯიშები ნაკლებად ზიანდებიან გაზაფხულის წაყინვებით, გარდა ერთეული იშვიათი შემთხვევებისა – როდესაც ხეების ყვავილობა მიმდინარეობს და ამ დროს უსწრებს წაყინვა. რაც შეეხება ვაშლის ჯიშების ნიადაგის მიმართ მოთხოვნილებას, იგი დამოკიდებულია საძირეების ადაპტაციაზე. ამ მხრივ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ძლიერ საძირეზე დამყნილი ვაშლის ჯიშები უკეთ ეგუებიან უფრო მეტად ეგუებიან ნიადაგის სხვადასხვა ტიპებს, ვიდრე სუსტ ან საშუალო ზრდის უნარის საძირეებზე დამყნილი ჯიშები. მაჟალოზე დამყნილი ვაშლის ჯიშები ყველაზე კარგად ვითარდებიან ალუვიურ ნიადაგებზე, ხოლო სუსტი და საშუალო ზრდის უნარის საძირეებზე დამყნილი ვაშლის ჯიშები კარგი ფიზიკურ-ქიმიური თვისებების მქონე მაღალნაყოფიერ ნიადაგებს მოითხოვენ.
ვაშლის ჯიშები ერთმანეთისაგან განსხვავდება ნიადაგის მჟავიანობის არესადმი მოთხოვნილებებით. თუმცა შესაძლებელია ითქვას, რომ ვაშლის წარმოებისათვის მისაღებია თითქმის ყველა ტიპის ნიადაგი, გარდა დაჭაობებული, დამლაშებული, ბიცი და ბიცობიანი ნიადაგებისა. ვაშლის წარმოებისათვის საჭირო მჟავიანობის არე პH 5.5-დან 7.0-მდეა.
ჰაერის ტენიანობის მიმართ ვაშლის ჯიშები ხასიათდებიან განსხვავებული დამოკიდებულებით. საქართველოს შემთხვევაში უნდა აღინიშნოს, რომ ჭარბტენიან რაიონებში: გურიაში, სამეგრელოში, აჭარაში და აფხაზეთში ვაშლის სოკოვანი დაავადებების გავრცელების უფრო მაღალი რისკები არსებობს. ჰაერის ოპტიმალური ტენიანობა ვაშლის წარმოებისათვის 60-65%-ია, ხოლო ნიადაგის ოპტიმალური ტენიანობა კი 70-80%-ის ფარგლებშია. ტენიანობის თვალსაზრისით ვაშლის წარმოებისათვის ყველაზე საუკეთესო მდგომარეობაა, როდესაც ურწყავ პირობებში ნალექების რაოდენობა 800-1200 მმ-ის ფარგლებშია, ხოლო სარწყავ პირობებში – 450-700 მმ.
ვაშლი მეტ ნაკლებად გამძლე მცენარეა საქართველოსათვის დამახასიათებელი ზამთრის დაბალი ტემპერატურებისადმი – მისთვის კრიტიკული ტემპერატურული მინიმუმი იწყება -26 °C–დან, ხოლო კრიტიკული ტემპერატურული მაქსიმუმი კი 41-43°C-ის ფარგლებშია. ტემპერატურის მოცემულ და უფრო მაღალ ნიშნულზე აწევის შემთხვვაში ვითარდება ვაშლის ნაყოფის სიდამწვრე.
ვაშლის ნაყოფის ქიმიური შედგენილობა. ვაშლის კულტურული ჯიშების ნაყოფი შეიცავს შაქარს (ფრუქტოზა, გლუკოზა, საქაროზა), მჟავებს (ვაშლის, ლიმონის), პექტინს, ცილოვან ნივთიერებებს, უჯრედისს, ვიტამინებს (A, B, C), წყალს (83-90%) და სხვა.
გავრცელებული ჯიშები. მიწისზედა ნაწილების სიდიდის მიხედვით ვაშლის ჯიშები შეიძლება დაიყოს ძლიერი, საშუალო და სუსტი ზრდის ჯიშებად:
- ძლიერი ზრდის ჯიშები – კანდილ სინაპი, ქართული სინაპი, კეხურა, გრანი სმიტი, მუცუ, კორტლანდი, სპარტანი.
- საშუალო ზრდის ჯიშები – გოლდენ დელიშესი, ზამთრის ბანანი, შამპანური რენეტი, რედ დელიშესი, გალა, ზამთრის ოქროს პარმენი, ფუჯი, ჯონაგოლდი, ელსტარი და სხვა.
- სუსტი ზრდის ჯიშები – აიდარედი, სტარკ კრიმსონი, ბრაბერნი, რომ ბიუტი, სპურები.
მიდრეკილება მეწლეობისადმი. ვაშლს ახასიათებს პერიოდული მსხმოიარობა, რომელიც უფრო მეტად იკვეთება ხეების ზრდაში შესვლისას. მეწლეობის მიმართ მიდრეკილების მიხედვით ჯიშები იყოფა სამ ჯგუფად:
- ჯიშები, რომლებიც მაღალი აგროტექნიკის ფონზე ყოველწლიურად მსხმოიარობს, – ახასიათებს სხვადასხვა ტიპის სანაყოფე ტიტებზე მსხმოიარობა.
- ჯიშები, რომელთაც სუსტად აქვთ გამოხატული პერიოდული მსხმოიარობა (ტოტების გვერდებზე, მარტივ მეჭეჭებზე და სანაყოფე წკეპლებზე მსხმოიარობა).
- ჯიშები, რომლებსაც ახასიათებთ მკვეთრად გამოხატული მეწლეობა (რთულ მეჭეჭა ტოტებზე მსხმოიარობა).
გამოყენებული საძირეები
- მაჟალო, კულტურული ჯიშების ნათესარი – ძლიერი საძირეა, არ მოითხოვს საყრდენს, განსაზღვრულია სტანდარტული ბაღისთვის. ხის სიმაღლე 4,5-6,0 მეტრია.
- MM 106 – საშუალო საძირეა, არ მოითხოვს საყრდენს, განსაზღვრულია ნახევრად ინტენსიური ბაღისთვის. ხის სიმაღლე 3,5-4,0 მეტრია.
- M7, M26 – ნახევრად ნაგალა საძირეა, მოითხოვს საყრდენს, განსაზღვულია ინტენსიური ბაღისთვის. ხის სიმაღლე 3,0-3,5 მეტრია.
- M9 EMLA, Pajam1, Pajam2, Nakb – ნაგალა საძირეა, მოითხოვს საყრდენს, განსაზღვრულია ინტენსიური ბაღისთვის. ხის სიმაღლე 2,5-3,2 მეტრია.
-
ბადრიჯნის სტოლბური – სიმპტომები და ბრძოლის მეთოდები 18.01.2019 2009 ნახვა
-
მაყვლის ჭრაქი – სიმპტომები და ბრძოლის ღონისძიებები 18.01.2019 2685 ნახვა
-
სტევია - სამკურნალო მცენარეები 12.05.2020 7614 ნახვა