ფრინველის ლისტერიოზი - აღწერილობა, სიმპტომები და მკურნალობა
13 / 06 / 2019

ლისტერიოზი ინფექციური დაავადებაა. დაინფიცირება ხდება ცხვირის და პირის ღრუს ლორწოვანი გარსებიდან, კუჭნაწლავის ტრაქტიდან, დაზიანებული კანიდან.

ლისტერიოზით ავადდება ადამიანიც.

პათოგენოზი. ცხოველის დაინფიცირება ხდება ცხვირის და პირის ღრუს ლორწოვანი გარსებით, კონიუნქტივით, საჭმლის მომნელებელი ტრაქტით, დაზიანებული კანით. ლისტერიების შეჭრა ორგანიზმში იწვევს სეფსისს, ცალკეული ორგანოებისა და სისტემების დაზიანებას. ლისტერიოზის სხვადასხვა ფორმით მიმდინარეობა დამოკიდებულია მიკრობის ვირულენტობაზე, დამაინფიცირებელ დოზაზე, შეჭრის გზაზე, ასაკზე, ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე (მაკეობა) და სხვა.

დაავადების სიმპტომები. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 7 – 30 დღე. ფრინველში ლისტერიოზი მიმდინარეობს სეფსისის ფორმით, ავადდება მოზარდი, ვლინდება უმადობით, ცოტას მოძრაობენ, უვითარდებათ კონიუნქტივიტი, სუნთქვა გახშირებული აქვთ, ახასიათებთ საერთო სისუსტე, კრუნჩხვები, დამბლა.

მკურნალობა. სამკურნალოდ გამოიყენება ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკები; ბიომიცინი, ტერამიცინი, ტეტრაციკლინი. მკურნალობა ეფექტურია დაავადების საწყის სტადიაში. ერთდროულად იყენებენ სიმპტომატურ საშუალებებს.

პროფილაქტიკა და ბრძოლის ღონისძიებები. სადგომს, სადაც იმყოფებოდა დაავადებული ფრინველი, უტარდება დეზინფექცია 3%-იანი ცხელი ნატრიუმის ტუტის ხსნარით, 5 % - იანი ქსილონაფტის ემულსიით, 6 % - იანი კრეოლინის ემულსიით, 20 % - იანი ახალჩამქრალი კირით, ქლორიანი კირის ხსნარით - 2% აქტიური ქლორის შემცველობით. ნაკელს აუვნებელყოფენ ბიოთერმული წესით, სპობენ მღრღნელებს.

მეურნეობა, სადაც გამოვლინდა ლისტერიოზი, ცხადდება არაკეთილსაიმედოდ. იკრძალება ფრინველების შემოყვანა და გადაყვანა.

მეურნეობას შეზღუდვები ეხსნება 2 თვის შემდეგ დაავადების ბოლო შემთხვევიდან და დასკვნითი დეზინფექციის ჩატარებიდან.

მსგავსი სიახლეები