ბიომეურნეობა - გვირილას ნაყენი მავნებლების წინააღმდეგ
13 / 06 / 2019

შესაფრქვევად ნედლეულს ( წითელი გვირილას ყვავილი, დალმაციური გვირილას ყვავილედი) ფქვავენ ძალიან წმინდად, რომელსაც უმატებენ მცირე რაოდენობის წყალს, ურევენ კარგად  (ერთგვარი მასის მიღებამდე),  შემდეგ უმატებენ წყლის დანარჩენ რაოდენობას, ავსებენ 10 ლიტრამდე. წმინდა ფხვნილის მისაღებად იგი უნდა გაიცრას საცერში, რომელსაც 1 სმ-ზე 3600 ნაჩვრეტი აქვს, ერთგვაროვანი ნაზავის მისაღებად სუსპენზია უნდა დამზადდეს მუდმივი მორევით.

ემულგირებადი სუსპენზიის დასამზადებლად იღებენ 200გ ფხვნილს, 200 გ მინერალურ ზეთს (ტრანსფორმატორის), 40გ საპონს, მცირე რაოდენობის წყალს, კარგად აურევენ ერთმანეთში და თანდათანობით უმატებენ დარჩენილი რაოდენობის წყალს დაწესებულ ნორმამდე.

ნაყენის დასამზადებლად 200 გ დაქუცმაცებულ ნედლეულს 10-12 საათის განმავლობაში ათავსებენ 10 ლიტრ წყალში. ნაყენს გამოწურავენ, დარჩენილ ნედლეულს კვლავ უმატებენ 5 ლიტრ წყალს (აყოვნებენ 12 საათის განმავლობაში)  შემდეგ გამოწურავენ , ორივე ნაყენს აერთებენ და შესასხურებლად იყენებენ.

გვირილას ყვავილედები გამოიყენება სათბურების შესაბოლებლად, ამ შემთხვევაში 1 მ/კუბ-ზე იხარჯება 5-6 გ ნედლეული, რომელსაც ათავსებენ ტაფაზე, წვავენ გაზის ან ელექტროღუმელზე. წვის გასაუმჯობესებლად ნედლუელს უმატებენ ამონიუმის გვარჯილას ნედლეულის წონის 15-20 %-ის რაოდენობით. გვირილა ეფექტურია მავნე მწერებისა და ტკიპების წინააღმდეგ.

ავტორი: პროფ. კარლო ბუაჩიძე

მსგავსი სიახლეები