ფერმერთა ისტორიები – მეფრინველეობის ფერმა ახმეტაში
24 / 05 / 2019

დავიბადე სოფელ ქისტაურში ისტორიულ სოფელში. ჩემს სოფელში ბევრი საზოგადო მოღვაწე მოღვაწეობდა, მათ შორის ერთერთი რაფიელ ერისთავია. ქისტაურის განვითარების ისტორია პირდაპირ კავშირშია არაგვის ერისთავების ისტორიასთან. სოფლის  განვითარებაზე განსაკუთრებით დიდი როლი ითამაშა XIX საუკუნის პოეტისა და ერისკაცის რაფიელ ერისთავის პიროვნებამ და ოჯახმა. ქისტაურში რაფიელ ერისთავს ხშირად სტუმრობდნენ ცნობილი ქართველი მწერლები და მოღვაწეები, აქ ყოფილან ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ალექსანდრე ყაზბეგი და სხვ. როდესაც ქაქუცა ჩოლოყაშვილი ტყეში იყო გასული და ბოლშევიკებს ეომებოდა, ყოფილა შემთხვევა, როდესაც ის ერისთავებს სწვევია და საჭმელ-სასმელი წაუღია.
ამჟამად ქისტაურში მდებარეობს რაფიელ ერისთავის სახლმუზეუმი. ამაყი ვარ, რომ ამ სოფლის მკვიდრი ვარ..
ბავშობიდან  ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, გამოვირჩეოდი ფრინველების სიყვარულით, სწორედ ამ საქმის სიყვარული მაძლევს ძალას, საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები დავამსხვრიო, რომ თითქოს ქალს არ შეუძლია იყოს კარგი ფერმერი.
ეს საქმიანობა სრულიად დამოუკიდებლად მხოლოდ 5 ხოხობით და 100 მწყერით დავიწყე.მოვიძიე ინფორმაციები მათი წარმომავლობის და მოვლის შესახებ. ნელნელა ეს საქმე ჩემს ჰობად იქცა.. ფერმაში ახლა მყავს ფარშევანგები, ხოხბები, დეკორატიული ქათმები, ინდაურები. ასევე გეგმაში მაქვს ოქროს, ვერცხლის, სამეფოს ხოხობის, ასევე თეთრი ფარშევანგის შეძენა. ვგეგმავ ეზოში ვოლიერების გაკეთებას, დეკორატიული ყვავილების დარგვას, ფაცხების მოწყობას, რაც დაინტერესებულ ადამიანებს საშუალებას მისცემს დაათვალიერონ ფრინველები და არჩევანი გააკეთონ. ჩემი მიზანია დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანო და ბიზნესი გავაფართოვო.

მსგავსი სიახლეები