კალიფორნიის ფარიანა - აღწერილობა, ბრძოლის მეთოდები
21 / 05 / 2019

ლათინური სახელწოდება: Diaspidiotus (Quadraspidiotus) perniciosus Comst.

აღწერილობა. დედალი ფარიანას სხეულის სიგრძე დაახლოებით 1,25 მმ-ია. მავნებლის დედალი ინდივიდი მოყვითალო ფერისაა. მის ფარს მომრგვალო ფორმა აქვს, რომლის ზომაც 2მმ-მდეა, ღია-ნაცრისფერი, მუქი-ნაცრისფერი ან ყავისფერია.

მამლის სხეული, ისევე როგორც დედლისა, ყვითელია. ზრდასრულ მამალს ახასიათებს წყვილი ფრთა, ულვაშები და თვალები, სამი წყვილი ფეხი. მამლის მატლი მოთავსებულია შავი ფერის წაგრძელებულ ოვალურ ფარში. მოხეტიალე სადედლე მატლი ხასიათდება სამი წყვილი ფეხით და ულვაშებით. მისი ჯაგრისებრი პირის ორგანო სხეულის სიგრძეს აღემატება.

ფარიანა წლის განმავლობაში, კლიმატური პირობების მიხედვით 2-4 თაობას თაობას იძლევა..

მავნებელი ზამთარს ატარებს მცენარის გამერქნიანებული ორგანოების კანზე ან ამსკდარი ქერქის ქვეშ. ამ დროს იგი იმყოფება პირველი ასაკის მატლის ფაზაში და მოთავსებულია მოშავო ან მუქი ნაცრისფერი პარკის ქვეშ.

უარყოფითი სამეურნეო მნიშვნელობა. მავნებელი მნიშვნელოვნად აზიანებს მრავალ ხე და ბუჩქოვან მცენარეს, რომელთა რიცხვიც 150-ს აღემატება. საქართველოში მისი მკვებავი კულტურული მცენარეებიდან აღნიშნულია ატამი, მსხალი, ბალი, გარგარი, ვაშლი, კომში, ალუბალი, ნუში, ლეღვი, კეთილშობილი დაფნა და სხვა მრავალი. მავნებლის მიერ დაზიანებულ ნაყოფებზე ჩნდება სხვადასხვა ფორმის მოწითალო ლაქები, ნაყოფის კანი შესაძლოა გაშავდეს. ზიანდება ასევე ახალგაზრდა ტოტები და ყლორტები: მავნებლის მოქმედების შედეგად მათზე ჩნდება მოთეთრო ფერის ნადები და დაზიანებული, გაშავებული უბნები.

ბრძოლის ღონისძიებები:

  • ხის ღეროსა და დედატოტების ჩამოფხეკა და დაწვა. 
  • ზეთოვანი პრეპარატული ფორმის მქონე ინსექტიციდებით მცენარეების დამუშავება გვიან შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე.  ვეგეტაციის პერიოდში  კულტურათა სახეობების, ვეგეტაციის ეტაპების და მავნებლის განვითარების ფაზების გათვალისწინებით, შესაძლებელია გამოყენებული იქნას: სპიროტეტრამატი, დიმეთოატი, ქლორპირიფოსი,  იმიდაკლოპრიდი და მავნებლის წინააღმდეგ ეფექტის მქონე სხვა მოქმედ ნივთიერებათა ბაზაზე წარმოებული ინსექტიციდები.
მსგავსი სიახლეები