
წარმოშობა და ბოტანიკური აღწერილობა. ბადრიჯნის სამშობლოდ ითვლება სამხრეთ-აღმოსავლეთ ინდოეთი. საქართველოში იგი იხსენიება მეთორმეტე საუკუნიდან.
ბადრიჯანი (Solarium melongena var. exculentum) ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წარმომადგენელი ერთწლიანი კულტურაა. მისი თესლი ბრტყელია, მომრგვალო, ღია-ყვითელი ფერის, კანმაგარი.
ბადრიჯნის ფესვთა სისტემა ნიადაგში ზედაპირულად ვრცელდება - მთავარი ფესვიდან დაახლოებით ერთი მეტრის რადიუსში.ცალკეული ფესვები ნიადაგში შესაძლოა ერთი მეტრის სიღრმემდე გავრცელდეს. ღერო სწორმდგომია, მწვანე ფერის. ღეროს წვერი ზოგჯერ მოიისფრო, ან იისფერი შეფერილობისაა. ფოთლები დიდრონია, მწვანე ან მომწვანო-იისფერი. შებუსვილი, ღეროზე მორიგეობით გაწყობილი, ოვალური, ან ოვალურ-წაგრძელებული და წვეტიანი.
ყვავილები მარტოული, ან ყვავილედებად შეკრებილია, 2-7 ცალის რაოდენობით. ყვავილი ორსქესიანია. ბადრიჯანი ძირითადად თვითდამამტვერიანებელი მცენარეა, თუმცა შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ჯვარედინად დამტვერიანებასაც.
ფორმის მიხედვით ბადრიჯნის ნაყოფები სხვადასხვანაირია: მრგვალი, ოვალური, მსხლისებრი, კვერცხისებრი, ცილინდრული, გრძელი, მოხრილი და ა.შ. ნაყოფები ფერის მიხედვითაც სხვადასხვანაირია: მუქი-იისფერი – თითქმის შავი, ღია იისფერი, მოწაბლისფრო-იისფერი, თეთრი და ა.შ.
ქიმიური შემადგენლობა. ბადრიჯნის მწიფე ნაყოფი შეიცავს: ნახშირწყლებს (5,5%), ცილებს (0,9%), ცხიმებს (0,1%), ბოჭკოს (1,3%), ორგანულ მჟავებს (0,2%) და მშრალ ნივთიერებებს (9%). გარდა ამისა იგი შეიცავს B, C, PP, ვიტამინებს, კალიუმს, რკინას, კალციუმს, ნატრიუმს და ფოსფორს.
დამოკიდებულება აგროკლიმატური პირობებისადმი. ბადრიჯანი თბილი კლიმატის მოყვარული კულტურაა. გადარგვიდან ტექნიკურ სიმწიფებდე სჭირდება 65-85 დღე. თესლის გაღვივებისათვის საჭირო ტემპერატურა 25-დან 30°C-მდე მერყეობს. გადარგვის დასაწყებად ოპტიმალური ტემპერატურა 18°C (როდესაც გავლილია წაყინვების საშიშროება), ხოლო გადარგული მცენარეების ზრდა-განვითარებისათვის - 24-30°C.
გამოსაყენებელი ნაწილი: ნაყოფი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება. მინერალური ცვლის მარეგულირებელი, სისხლში ქოლესტერინის და შაქრის დონის დამწევი, გულის შეკუმშვის გამაძლიერებელი. ბადრიჯნის ნაზი უჯრედისი ახდენს მავნე და ტოქსიკური ნივთიერებების ადსორბციას ( შთანთქვას ) და აფერხებს ნაწლავებში ლპობით პროცესებს.
გამოყენება მედიცინაში.პოდაგრის, ათეროსკლეროზის, გულის არითმიების, ღვიძლის და თირკმლების დაავადების, შეკრულობის, დიაბეტის დროს.
კვლევებით დადგინდა, რომ ბადრიჯნის რეგულარული მიღება ამცირებს ქოლესტერინს. მიზეზს წარმოადგენს ნასუნინი - ანტიოქსიდანტი, რომელსაც ბადრიჯანი შეიცავს. ის თავისუფალი რადიკალების შებოჭვაში მონაწილეობს, თრგუნავს ცხიმების პეროქსიდაციას და შესაბამისად ქოლესტერინული ფოლაქების განვითარებას. იგი ასევე ხელს უწყობს ჯანსაღი წონის შენარჩუნებას, რადგან მას ძალიან ცოტა კალორიები აქვს. შემწვარი ბადრიჯანი ზეთში და ნიგოზში არ არის ძალიან დაბალკალორიული, მაგრამ აჯაფსანდალში და სხვა ფორმით დაბალკალორიულია.
ბადრიჯანი მდიდარია რკინით და კალციუმით, ამაგრებს ძვლებს.
ბადრიჯანი შეიცავს მცირე ოდენობით ნახშირწყლებს და რასაც შეიცავს ადვილად არ შეიწოვება, შესაბამისად ერთ-ერთი საუკეთესო საკვებია დიაბეტის დროს.
ბადრიჯანი შეიცავს ქოლინერგულ მჟავას, შესაბამისად მოქმედებს განწყობაზე. ამცირებს სტრესს აუმჯობესებს განწყობას.
წინააღმდეგჩვენება: არ გააჩნია.
-
ვაშლი - ბაღის მოვლა, სხვლა-ფორმირება, მოსავლის აღება 11.01.2019 7481 ნახვა
-
ტკბილი წიწაკის წამლობების ტაბულა 18.09.2019 1642 ნახვა
-
ჟოლოს ანთრაქნოზი - სიმპტომები და ბრძოლის მეთოდები 12.01.2019 2571 ნახვა