ბიოდეგრადირებადი პარკები - გამოსავალი თუ ფარული საფრთხე
08 / 05 / 2019

საქართველოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარემოსდაცვით პრობლემას წარმოადგენს გარემოს დაბინძურება ნარჩენებით (ქიმიური ნივთიერებებით).

პრობლემა კომპლექსურია და მოიცავს არა მხოლოდ გარემოს დაბინძურებას, არამედ ნარჩენების მართვის პრობლემებს.

მსოფლიო წამყვანი ქვეყნები მრავალი წელია ცდილობენ ნარჩენების პრობლემის გადაწყვეტას, რის გამოც ნარჩენების მართვის სფეროში მუდმივად ახალ მიდგომებს და ტექნოლოგიებს გვთავაზობენ.

ბოლო ასეთი ინიციატივა გახლდათ  4R,  რომელიც გულისხმობს ნარჩენების მართვას, ესენია: შემცირება, ხელახალი გამოყენება, გადამუშავება და შეცვლა. სტატიაში ყურადღებაა გამახვილებული მასზედ, რომ პოლიეთილენის ჩანაცვლება ბიოდეგრადირებადი პარკებით გამოსავალია თუ ახალი პრობლემა?

რატომ შემოვიდა პლასტიკი ჩვენს ცხოვრებაში?

თავის დროზე პლასტიკის გამოყენება დაიწყეს იმ მიზნით, რომ ბუნება დაეცვათ მინის დამღუპველი ზემოქმედებისგან, თუმცა ეს ასე არ მოხდა და პლასტიკმა გამოიწვია კიდევ უფრო მეტი პრობლემები, ხოლო ამის შემდეგ დაიწყეს პოლითილენის პარკების დამზადება და გამოყენება.

როდის შემოვიდა თავდაპირველად ის ჩვენს ცხოვრებაში?

 მისი წარმოება დაიწყო 1957 წელს აშშ-ში, ხოლო მათი გამოყენება სუპერმარკეტებში დაიწყო 1977 წელს.

რა მასშტაბებს მიაღწია დღეისთვის მისმა გამოყენებამ?

  • ყოველდღიურად მსოფლიოში მზადდება 5 ტრილიონი პოლიეთილენის პარკი, ყველა რომ გადავაბათ შესაძლებელია შემოვახვიოთ დედამიწას 7-ჯერ.
  • ყოველ წამში მსოფლიოში გამოიყენება 160 000 პაკეტი
  • 1ტ. პაკეტის გადამუშავებას ესაჭიროება 4000 დოლარი.
  • ერთი პაკეტი თავის მომხმარებელს ემსახურება დაახლოებით 25 წუთი.
  • მსოფლიო ოკეანის ნაგვის 80% პლასტიკია.
  • 1 ცალი პოლიეთილენის პარკის დასამზადებლად დახარჯული ნავთობი საკმარისია, რომ ავტომობილმა გაიაროს დაახლოებით 10-12 მ.
  • მსოფლიო მასშტაბით წარმოებული პოლიეთილენის პარკების მხოლოდ 1-3% -მდე  გამოიყენება მეორად ნედლეულად.
  • მათ დაშლას ბუნებაში სჭირდება დაახლოებით 300-700 წელი, ანუ დღეისთვის არცერთი არ დაშლილა რაც კი გვიწარმოებია.
  • მთლიანი დაშლის შემდეგაც კი ინარჩუნებენ ტოქსიკურობას.
  • ჩრდილო ყინულოვანი ოკეანის ზოგიერთ ნაწილში 1ლ მოცულობის ყინულში აღმოჩენილია 120 000 პლასტიკის მიკრონაწილაკი, სულ 17 სახეობის ხელოვნური ნივთიერება მოინახა.
  • პაკეტების მიზეზით ყოველწლიურად მსოფლიოში იღუპება 100 000 ზღვის ცხოველი და 11 მილიონი ზღვის ფრინველი. თუ ამ ყველაფერს ასე განვაგრძობთ, 2050 წლისთვის წყალში თევზებზე მეტი პარკები იქნება.

3R და 4R ინიციატივა

2005 წელს, იაპონიაში გავრცელდა ინფორმაცია 3R ინიციატივის შესახებ და შემდეგ წელს მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა მის განხილლვაში, რას გულისხმობდა 3R ტერმინი - ეს იყო სამი სიტყვის პირველი ასოების ერთობლიობა, რომელიც უმთავრესია ნარჩენების მართვის პროცესში. ესენია: REDUCE - შემცირება,  REUSE - ხელახალი გამოყენება,   RECYCLE -  გადამუშავება.

აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ლიტერატურაში ჩნდება ახალი ტერმინი 4R, რაც მეოთხე პრინციპს გულისხმობს - შეცვლას (REPLASE), რომელიც მოგვიწოდებს შევცვალოთ პოლიეთილენის პარკები, პლასტმასის ბოთლები და ჭურჭელი - მინის ჭურჭლით და ჰიდრობიოდეგრადირებადი პარკებით.      

ქაღალდის პაკეტები

ქაღალდის პაკეტების წარმოებისას წყალი და ჰაერი უფრო ბინძურდება, ვიდრე პოლიეთილენის პარკების წარმოებისას. ქაღალდის პაკეტებს აწარმოებენ: ჩვეულებრივი ქაღალდისგან, მუყაოსგან, გრაფტის ქაღალდისგან, ეფალინისა და ლუქსპაკის ცელულოზისგან და სხვა, რომელთა წარმოებისას ძირითადად იყენებენ „პირველად მერქანს“ წარმოებას აგრეთვე სჭირდება დიდი რაოდენობით ელექტროენერგია და წყალი. შესაბამისად ვღებულობთ ძლიერ დაბინძურებულ ჩამდინარე წყლებს, რომელთა გაწმენდას სჭირდება ძვირად ღირებული ჩამდინარე წყლების  გამწმენდი ნაგებობები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პლასტიკის ქაღალდით ჩანაცვლება შეიძლება დავუშვათ განსაზღვრული პირობებით:

  • ინფორმაციის უზრუნველყოფა ნედლეულის წარმოშობის შესახებ;
  • ქაღალდის პაკეტების  მეორადი გადამუშავების უზრუნველყოფა;
  • ქაღალდის პაკეტების დამზადების აკრძალვა მცირე ტყიან და მაღალი ღირებულების მასივებიდან.

რა არის ბიოდეგრადირებადი?

ეს არის სინთეთიკური და მიკრობიოლოგიური სინთეზური პოლიმერი. პოლიმერი ითვლება ბიოდეგრადირებულად თუ მისი მთლიანი მასა იშლება მიწაში და წყალში 6 თვეში. ბიო - წარმოსახვაში გულისხმობს ადამიანის უსაფრთხოებას, თუმცა ეს არც ამ შემთხვევაში არაა უსაფრთხო ისე, როგორც მაგალითად ბიოსაწვავი. ბიოპოლიმერების შექმნის ძირითადი სტიმული - პლასტმასის ნარჩენების უტილიზაციაა.(ნარჩენების გამოყენება ნედლეულად, სასუქად, საწვავად და სხვა).                         

ბიოდეგრადირებადი პოლიმერების წარმოება შემდეგი მიმართულებით მიმდინარეობს: ჰიდროქსილკარბოქსილის მჟავეები - ხელს უწყობს სამრეწველო პრობლემების ბიოდეგრადირებას და პლასტმასის წარმოებას რეპროდუქციული ბუნერივი კომპონენტების საფუძველზე.   

ბიოდეგრადირებადი პოლიმერები შეიცავენ მსოფლიო ბაზრის პლასტმასის მცირე წილს. ბიოდეგრადირებადი პლასტმასის რიცხვს მიეკუთვნება საკვები პროდუქტების შესაფუთი მასალები, ერთჯერადი ბოთლები, ერთჯერადი ჭიქები, თეფშები, კოვზები და ბოლოს ყველა ზემოთ ხსენებული პროდუქტების ნარჩენების შესაგროვებელი ტომრები. პოლიმერების წარმოების შემდეგ ეტაპს წარმოადგენს სოფლის მეურნეობაში გამოყენებული პლასტმასის მასალის ჩანაცვლება და კოსმეტიკა.

რომელი პლასტიკები იშლება?

ბიოდეგრადირებადი პლასტიკი - ის არ არის განსაზღვრული პლასტიკი, ის წარმოადგენს მრავალი სხვადასხვა პოლიმერების ერთობლიობას, ეს პოლიმერები კი მზადდება მცენარეული მასალისაგან და იშლება CO2 და H2O. ამ პლასტიკის ნედლეულს წარმოადგენს: სიმინდი, ხორბალი, შაქარი და სხვა მცენარეები. აღნიშნული პლასტიკების დასაშლელად საჭიროა მაღალი ტემპერატურა დ ტენიანობა. ბუნებრივ პირობებში  მათი დაშლა მიმდინარეობს 2 ეტაპად:  პირველი ეტაპი - სინათლის და O2-ის  მოქმედებით ხდება პლასტიკის პროდუქტის დაშლა პოლიეთილენისა და ლითონის მარილების წვრილ ფრაგმენტებად, შემდეგ კი მათ ბედს ვეღარავინ აკონტროლებს, თუმცა მწარმოებლები ამტკიცებენ, რომ წვრილი ფრაქციები იშლება მიკროორგანიზმების გავლენით.  გამოკვლევებით დასტურდება, რომ 1 წლის განმავლობაში პოლიეთილენის მხოლოდ 15% დაიშალა ნიადაგში.

იმისათვის, რომ გავიგოთ ბიოდეგრადირებულია თუ არა პარკი აუცილებლად უნდა ვნახოთ მისი  ეტიკეტი, მაგალითად:

  1. იშლება სპეციალურ პირობებში - კომპოსტირებით (compostable).  
  2. იშლება ბუნებრივ პირობებში და ბოლომდე შეუსწავლელია უსაფრთხოებასა და გაქრობაზე - ბიოდეგრადირებული (biodegradable).
  3. ყველა ახლად შექმნილი და ნაკლებად შესწავლილი პლასტიკი (other).

ბიოდეგრადირებადი პარკების დადებითი მხარები:

  • ადვილია სტანდარტული ფორმის მიცემა;
  • ძნელად ატარებს წყლის ორთქლს და ჟანგბადს;
  • ნორმალურ პირობებში არ იშლება;   
  • ადვილია მისი უტილიზაცია.
  • შედარებით ეკოლოგიურად უსაფრთხოა  თავის წინა მორბედთან  ?

ბიოდეგრადირებადი პარკების უარყოფითი მხარეები:       

მისი ფართო წარმოება შეზღუდულია;

მისი ფასი პოლიეთილენთან შედარებით ძვირია, (1კგ პოლიეთილენი - 5ლარი, ხოლო ბიოდეგრადირებადი 2,5 დან 5 ევრომდე ღირს) ხოლო რაც უფრო გაიზრდება მისი წარმოება ფასი შემცირდება.     

ჰიდრობიოდეგრადირებადი პარკებით შესაძლებელია მხოლოდ 1კგ-ის გადატანა. 

ბიოდეგრადირებადი პარკების საწარმოების უარყოითი ზეგავლენა გარემოზე.

დასკვნა - რატომაა არაეკოლოგიური ბიოპლასტიკი?

მისი წარმოებისთვის გამოიყენება მცენარეული კულტურები ანუ მისი წარმოება კონკურენციას უწევს კვების პროდუქტებს, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას რამდენჯერ შემცირდა მსოფლიო მასშტაბით სახნავი მიწის ფართობები და წყლის რესურსებზე გაზრდილ მოთხოვნილებას, ეს საკითხი შეიძლება გადამწყვეტი გახდეს ბოდეგრადირებადი პარკების წარმოების შესახებ გადაწყვეტილებაში. აქვე აღსანიშნავია ასევე ის თუ როგორ იწარმოება მსოფლიოში მცენარეული კულტურები.( მათ მოსაყვანად იყენებენ  ქიმიურ დანამატებს: ხელოვნურ სასუქებს, პესტიციდებს, შხამ-ქიმიკატებს და სხვა). ასევე ბიოპლასტიკის დასამზადებლად ძირითად ნედლეულს წარმოადგენს ქაღალდი, რაც გამოიწვევს დამატებით მერქნის გამოყენების მასშტაბების გაზრდას. ასევე ბიოდეგრადირებადი პარკების კომპოსტირებისას გამოიყოფა სათბური აირები, რაც გარემოს გლობალური დათბობის ხელშემწყობი ფაქტორია.

                       

ავტორები:

სოფო ჭანკვეტაძე, მალხაზ ნარიმანაშვილი

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მსგავსი სიახლეები