არაფარდი პარკხვევია - აღწერილობა და ბრძოლის მეთოდები
11 / 01 / 2019

ლათინური სახელწოდება. Ocneria dispar L.

აღწერილობააღმოსავლეთ საქართველოში მავნებლის მასიური გავრცელების ზონებად ითვლება დუშეთის, ახალგორის, ქარელის, მცხეთისა და კასპის რაიონები ხოლო დასავლეთ საქართველოში კი ხობის რაიონი.
ამ მავნებლის დედალი და მამალი ეგზემპლარები ერთმანეთისაგან თვალსაჩინოდ განსხვავდებიან. ამიტომაც აქვს არაფარდი პარკხვევიას სახელწოდება. მამალი გაშლილი ფრთებით 4-5 სმ-ია, ხოლო დედალი_6,5-7 სმ. მატლის სიგრძე 6 სმ-ია, მუქი-ნაცრიფერი ან მონაცრისფრო. თავი მოყვითალოა ორი გასწვრივი შავი ზოლით, ზურგის გასწვრივ სამი მოყვითალო ვიწრო ზოლი გასდევს, ხოლო მეხუთე სეგმენტის გვერდებზე მოთავსებულია ორ რიგად მსხვილი, მოლურჯო ფერის მეჭეჭი. სხვა სეგმენტებზე მეჭეჭები წითელია, რომელთაც გრძელი ბეწვების კონა აზით.

მამალი პეპლის წინა ფრთები მურა-მონაცრისფროა, მოწითალო ელფერით და გასდევს გარდიგარდმო დაკბილული მუქი-მურა ზოლი. უკანა ფრთები უფრო ღიაა და გამოირჩევა მურა-მუქი კიდეებით. გააჩნია ჯინჯილა მუქ ლაქებში. ულვაში ფრთისებრია. მუცლის ბოლოში კი აქვს მურა ბეწვების ფუნჯი. დედალი არაფარდი პარკხვევია ხერხისებრი, შავი ფერის ულვაშებით ხასიათდება.

სასიცოცხლო ციკლი. არაფარდი პარკხვევია ზამთარს ატარებს კვერცხის ნაჭუჭში, ფორმირებული მატლის სახით. ძირითადად მატლები იჩეკებიან აპრილის დასასრულიდან მაისის შუა რიცხვებამდე. გამოჩეკა გაჭიანურებულია და ექსპოზიციის მიხედვით შეიძლება გაგრძელდეს 20 დღემდე. ახალგამოჩეკილი მატლები იკვებებიან კვირტებით, ახალგაზრდა ფოთლებით, მწვანე ყლორტებითა და იშვიათად ნასკვებით. არაფარდი პარკხვევიას მასობრივი გამრავლებისას ხეები მთლიანად შიშვლდებიან, ამ დროს მატლები ბალახოვან მცენარეებსაც აზიანებენ. ქარით გადატანის შემთხვევაში მატლები საქსოვი ჯირკვლებიდან გამოყოფენ სეკრეტს, რომელიც ჰაერზე შრება და გარდაიქმნება ძაფად, იგი ამსუბუქებს მატლის სხეულს.
ახლადგამოჩეკილი მატლები პირველად კოლონიებად ცხოვრობენ, შემდეგ კი თანდათან იფანტებიან. როგორც წესი, ჭუპრდებიან ძირითადად ფოთლებზე, იშვიათად ტოტებზე და ა.შ. ჭუპრის ფაზა 10-20 დღე გრძელდება. ამ პერიოდის გავლის შემდეგ იწყება პეპლების გამოფრენა. ჯერ მამლები გამოფრინდებიან პატარა ჭუპრებიდან, ხოლო შემდეგ დედლები_დიდი ჭუპრებიდან. აღსანიშნავია, რომ პეპელა დამატებით კვებას არ საჭიროებს. კვერცხი იდება დიდ გროვებად. თითოეული გროვაში 100-დან 600-მდე კვერცხია. კვერცხების გროვა იფარება დედლის მუცლის ბოლოდან მოგლეჯილი ოქროსფერი ბეწვებით, რის გამოც გროვები აბედა სოკოს ან ქეჩას მოგვაგონებენ.

უარყოფითი სამეურნეო მნიშვნელობაარაფარდი პარკხვევია ფოთლოვანი ტყის მავნებლად ითვლება, თუმცა აზიანებს ხეხილსა და დეკორატიულ მცენარეებს. ზედიზედ 2-3 წლის განმავლობაში ძლიერი აფუთქარების შემთხვევაში შესაძლებელია მცენარეთა სრული გახმობაც გამოიწვიოს. საკვების ნაკლებობის შემთხვევაში აზიანებს თავთავიან და წიწვოვან კულტურებსაც.

ბრძოლის ღონისძიებები:

  • შტამბის ჩამოფხეკა და სხვა მოვლითი სამუშაოების დროული განხორციელება.
  • მასობრივი გამრავლების შემთხვევაში შესაბამისი ქიმიური წამლობების განხორციელება – ფოთლოვანი ტყის ზოლები და ქალაქის მწვანე ნარგაობები შესაძლებელია დამუშავებული იქნას ციპერმეტრინის, ალფა-ციპერმეტრინის და სხვა მოქმედ ნივთიერებათა შემცველი ინსექტიციდებით.

ინსექტიციდების სავაჭრო დასახელებებიფასტაკი ეკ, ალპაკი ეკდა სხვ.

მსგავსი სიახლეები