
ნიადაგის დამუშავება. ვაშლის ბაღში ნიადაგი ყოველთვის ფხვიერ მდგომარეობაში უნდა იყოს. არ უნდა მოხდეს ხეების გარშემო სარეველა ბალახების განვითარება. თავდაპირველად, ახალგაზრდა ხეხილის ბაღში ე.წ. „შავი ანეული“ არის ნიადაგის მოვლის ყველაზე რეკომენდირებული წესი. ამ დროს შემოდგომაზე ბაღში შეაქვთ ფოსფორ-კალიუმიანი სასუქების რეკომენდირებული ნორმები და წარმოებს ბაღის მოხვნა. ვეგეტაციის პერიოდში კი ჩატარდება 4-5-ჯერადი კულტივაცია. ასეთ მდგომარეობაში ნიადაგი შესაძლებელია იყოს 6-8 წლის მანძილზე, შემდეგ კი აუცილებელია ბაღში ნიადაგის ხანმოკლე დაკორდება, მრავალწლიანი ბალახებით. ამ მიზნისათვის საუკეთესო ვარიანტია სიდერატების (მწვანე სასუქი) თესვა. სიდერატებად გამოიყენება ბარდა, ხანჭკოლა, ცულისპირა, ცერცვი, სოია. მათი თესვა ხდება შემოდგომაზე, ჩახვნა კი გაზაფხულზე ყვავილებისა და პარკების ფორმირებისას.
სხვლა-ფორმირების მეთოდები. არსებობს ვაშლის გასხვლის სხვადასხვა მეთოდები. მაგალითად, საშუალო საძირეებზე გამოიყენება ცენტრალურ-ლიდერული ფორმირება ან შპინდელი, ნაგალა საძირეებზე – შპინდელი და სხვ.
ცენტრალურ-ლიდერული წესით გასხვლის არსი მდგომარეობს იმაში რომ ასეთ დროს კვეცავენ და ამოკლებენ გვერდით ტოტებს, რათა მეტად განვითარდეს ცენტრალური (ანუ ლიდერი) ტოტი თუმცა იგი ზედმეტად რომ არ გაიზარდოს, მასაც ამოკლებენ 1/3-ით.
ყოველ მომდევნო გასხვლისას ტოვებენ ისეთ ახლად წარმოქმნილ გვერდით ტოტებს, რომლებიც მავთულის გასწვრივ ვითარდებიან და საბოლოო ჯამში მცენარე კონუსურ ფორმას იღებს.
შპინდელის ფორმით სხვლის დროს კი დაუტოტავი ნერგი იკვეცება 70-80 სმ-ის სიმაღლეზე, ხოლო დატოტვილი ზედა ტოტიდან 30-40 სმ-ის სიმაღლეზე, ხოლო ვეგეტაციის პერიოდში (ზაფხულში) ამოიჭრება ლიდერის კონკურენტი ტოტები, ხოლო ქვედა ტოტები მაგრდება მავთულზე. მეორე წელს, თუ მცენარეს ძლიერი ზრდა შეუნარჩუნდება, ლიდერი არ იჭრება, მოიჭრება მხოლოდ კონკურენტი და ქვედა ტოტები მაგრდება მავთულზე. ასეთნაირად გრძელდება 4-5 წლის განმავლობაში. შემდეგში ხდება მობერებული ვერტიკალურად მოზარდი, ჩახშირებული და ნაკლებად პროდუქტიული ტოტების გამოხშირვა.
ვაშლის გასხვლის მეთოდის შერჩევისას, ასევე მხედველობაშია მისაღები ნაკვეთის ადგილმდებარეობა, ქარისაგან დაცულობის თვალსაზრისით.
დანორმება. ყვავილობის დასრულებიდან 20-25 დღის შემდეგ, როდესაც ნაყოფი მიაღწევს 8-10 მმ. ზომას და თესლები ჩამოყალიბდება, ყოველი 5 ნაყოფიდან უნდა დარჩეს 1-2, დანარჩენი უნდა მოსცილდეს ხელით.
მორწყვა. ვაშლი ტენისადმი ყველაზე მომთხოვნია ყვავილობის დასრულების, ნაყოფების დამსხვილების ეტაპებზე და სიმწიფის პერიოდში. მორწყვის საორიენტაციო ჯერადობა დამოკიდებულია უშუალოდ ნაკვეთში არსებულ კლიმატურ პირობებზე და ნიადაგის ტენიანობაზე.
იმ შემთხვევაში თუ გამოიყენება მორწყვის წვეთოვანი სისტემა, ვაშლი საშუალოდ, 20-30-ჯერ უნდა მოირწყას. ამ დროს თითოეული მორწყვის საორიენტაციო ნორმა არის 60-80 კუბ./მ 1 ჰა-ზე. ხოლო თუ გამოიყენება მოღვარვით, ან კვლებში მიშვებით მორწყვის მეთოდები, ამ შემთხვევაში ვაშლი ირწყვება საშუალოდ 5-7-ჯერ სავეგეტაციო სეზონის განმავლობაში და თითოეული მორწყვის საორიენტაციო ნორმა არის 600-800 კუბ./მ 1 ჰა-ზე.
ნიადაგის განოყიერება. ვაშლის ბაღში შესატანი მინერალური ელემენტების ზუსტი დოზების დადგენა საჭიროა ნიადაგის აგროქიმიური და ფოთლის ანალიზის შედეგების მიხედვით. ფოთლებში საკვები ელემენტების ოპტიმალური შემცველობებია:
- აზოტი N-1,8-2,5%/მშრალ ნივთიერებაზე.
- ფოსფორი P-0,13-0,29%/მშრალ ნივთიერებაზე.
- კალიუმი K-1,2-1,8%/მშრალ ნივთიერებაზე.
- მაგნიუმი Mg-0,24-0,45%/მშრალ ნივთიერებაზე.
- კალციუმი Ca-1,1-1,3%/მშრალ ნივთიერებაზე.
საორიენტაციოდ, ყოველწლიურად საჭიროა ვაშლის ბაღში შეტანილი იქნას 120-140 კგ. აზოტი, 80-100 კგ. ფოსფორი და 80-100 კგ. კალიუმი (სუფთა ნივთიერებები). გარდა ამისა, ორგანული სასუქების სახით საჭიროა 30-40 ტ. კომპოსტის შეტანა შემოდგომაზე, ან ადრე გაზაფხულზე.
მინერალური სასუქების შეტანის ოპტიმალური პერიოდებია:
- აზოტი N — ვეგეტაციის პერიოდში: პირველი შეტანა ხდება კვირტების დაბერვის პერიოდში, მეორე შეტანა დანორმების შემდეგ, ხოლო მესამე შეტანა კი მოსავლის აღების შემდეგ.
- ფოსფორი P — ხსნადი ფორმის შეტანა საჭიროა ვეგეტაციის პერიოდში, უხსნადი ფორმა კი შეტანილი უნდა იქნას შემოდგომაზე, ან გვიან ზამთარში.
- კალიუმი K — ხსნადი ფორმის შეტანა საჭიროა ვეგეტაციის პერიოდში, უხსნადი ფორმა კი შეტანილი უნდა იქნას შემოდგომაზე, ან გვიან ზამთარში.
მსხმოიარობის დაწყების პერიოდი. ვაშლის მსხმოიარობის დაწყება დამოკიდებულია საძირეზე, ჯიშზე და ფორმირების ტიპზე. ჯიშების უმეტესი ნაწილი იწყებს მსხმოიარობას დარგვიდან მე-4-6 წელს. საშუალო მოსავლიანობა შეადგენს 35 – 40 ტონა/ჰა, თანამედროვე ინტენსიურ ბაღებში კი 50 – 70 ტონა/ჰა-ზე აღწევს. ნარგაობის საექსპლოატაციო ხანგრძლივობა დამოკიდებულია ბაღის ტიპზე.
მოსავლის აღება-შენახვა. მოსავლის აღება ჯიშების მიხედვით ხდება, კონკრეტული ჯიშისათვის დამახასიათებელი ფერის, ზომის და გემოს მიღწევის შემდეგ.
შენახვის პირობები:
- შენახვის ოპტიმალური ტენიანობა: 90-95%.
- შენახვის ოპტიმალური ტემპერატურა: 0-1°С.
- შენახვის ვადა მოცემულ პირობებში: 3-6 თვე.
-
დაფნა - დაფნის პლანტაციის მოვლა გაშენების აგროტექნოლოგია 17.01.2019 4653 ნახვა
-
მარწყვის ჯიშები - ჰანეი 17.01.2019 3808 ნახვა
-
ხურმის ჯიშები - როხო ბრილიანტე 15.01.2019 2125 ნახვა