ღომი - აგრობიოლოგიური დახასიათება
30 / 03 / 2019

ღომი (ლათ. Setaria italica) – ერთწლოვანი, სასურსათო საბურღულე მარცვლეული კულტურაა.  იგი გამოიყენება როგორც ადამიანის, ასევე შინაური პირუტყვის საკვებად. მისი მარცვალი ადვილად იხარშება და კარგად შეითვისება ადამიანის ორგანიზმის მიერ.

ღომი ისტორიულად იწარმოებოდა საქართველოში, ძირითადად ქვეყნის დასავლეთ რეგიონებში.

ღომი გარეგნულად ჰგავს ქვრიმას (ლათ. Setaria moharium). მისგან განსხვავდება უფრო ფართო ფოთლებით და ყვავილედის აგებულებით.

კულტურის ფესვთა სისტემა ფუნჯაა, მძლავრად განვითარებული. ღეროს სიმაღლე ჯიშებისა და ნიადაგის ნოყიერების მიხედვით შესაძლოა განვითარდეს 1-1,5 მეტრამდე. ღერო მაგარია, შიგნით ღრუ, სუსტად დატოტვილი. ფოთოლი ფართოა, ლანცეტური, გამოდის მუხლებიდან, ფოთლის ზედაპირი მეტწილად შებუსვილია.

ღომის პროდუქტიული ნაწილი, თაველი (თავთავი) კუშტი-საგველაა, ფორმის მიხედვით იგი შეიძლება იყოს ცილინდრული, მოგრძო ელიფსური, თავმსხვილა, ორთავა ანუ ორკაპა და ა.შ.

დამოკიდებულება აგროკლიმატური ფაქტორებისადმი. ღომი ადვილად ეგუება სხვადასხვა აგროკლიმატურ პირობებს, კარგ მოსავალს იძლევა შავმიწებზე, ყომრალ და ალუვიურ ნიადაგებზე, მსუბუქ ქვიშნარებზე და მძიმე თიხნარებზეც. ღომის წარმოებისათვის სარეველებისაგან სუფთა, ნოყიერი მიწები. იგი ვერ ეგუება მჟავე რეაქციის არეს მქონე და დაჭაობებულ ნიადაგებს.

ნიადაგის არეს ოპტიმალური რეაქცია (pH) ღომისათვის არის 7,0-დან 7,5-მდე.

ღომის თესლის გაღვივება იწყება 10°C ტემპერატურიდან, თუმცა თესლის გაღვივებისთვის ოპტიმალურია 18-20°C. აღმონაცენი ადვილად უძლებს ტემპერატურის -3°C-მდე დაცემას.

ზოგადად, ღომი გვალვაგამძლე მცენარეა, მაგრამ საქართველოს პირობებში იგი მოჰყავდათ უმთავრესად ტენიან პირობებში და შესაბამისად, ამავე არეალებში ჩამოყალიბდა ღომის ქართული, ენდემური ჯიშები. ამ ჯიშებს აქვთ მძლავრად განვითარებული ღერო-ფოთლები, რომლებიც ტენს საკმაო რაოდენობით მოითხოვენ, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, ტანის აყრისა და ყვავილედის ფორმირება-განვითარების ფაზებში.

ღომის ჯიშებიისტორიულად, საქართველოში გავრცელებული იყო ღომის შემდეგი ჯიშები: შვიდკვირა, კუდალა ღომი, მათრახა, წითელი, თეთრი , ჩაქურა და სხვ. ამჟამად ღომის ამ ჯიშების წარმოება მხოლოდ ერთეულ მეურნეობებში შეიძლება იყოს შემორჩენილი.

მავნე ორგანიზმებიღომის შედარებით ნაკლებად ზიანდება მავნებელ-დაავადებებისაგან. თუმცა ვეგეტაციის პროცესში ღომს შესაძლოა გაუჩნდეს ღომის გუდაფშუტა და ბაქტერიული სიდამწვრე.

მსგავსი სიახლეები