
ბოტანიკური დახასიათება. მარწყვის ხე (Arbutus) მიეკუთვნება მანანასებრთა ბოტანიკური ოჯახს ოჯახის. იგი მარადმწვანე მცენარეა. ფორმით ხემარწყვა მაღალი ბუჩქები ან პატარა ხეებია. აქვს ტყავისებრი ფოთლები და წვრილი, თეთრი ან ვარდისფერი ყვავილები.
ნაყოფი კენკრის მსგავსია და მარწყვს წააგავს. იგი იჭმევა, დამწიფებისას იღებს მოწითალო-ნარინჯისფერ შეფერილობას. მცენარეს არ ახასიათებს მკვეთრად გამოხატული მეწლეობა - ნაყოფმსხმოიარობს თითქმის ყოველწლიურად.
არსებობს მარწყვის ხის 20-ზე მეტი სახეობა. იგი ძირითადად გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვისპირეთში, დასავლეთ აზიაში, ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში.
საქართველოში ველურად იზრდება ხემარწყვას მხოლოდ 1 სახეობა — წითელი ხემარწყვა (Arbutus andrachne), რომელიც მცირე რაოდენობით არის გავრცელებული აჭარაში და აფხაზეთში
აღსანიშნავია, რომ ხემარწყვა როგორც იშვიათი და გადაშენების გზაზე მდგომი მცენარე, შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“.
ხემარწყვა დიდხანს ცოცხლობს და ნელა იზრდება, 10 წლის მცენარის სიმაღლე საშუალოდ 2-2,5 მეტრია, 50 წლის მცენარის სიმაღლე კი 5 მეტრამდე აღწევს.
მსოფლიოში უმთავრესად ცნობილია ხემარწყვას ორი სახეობა:
- Arbutus unedo - ჩვეულებრივი ხემარწყვა. მას ასევე უწოდებენ მსხვილნაყოფა ხემარწყვას.
- Arbutus andrachne - წითელი ხემარწყვა. მას შედარებით წვრილი ნაყოფები ახასიათებს
უმთავრესად იწარმოება მსხვილნაყოფა ხემარწყვა. იგი ვერ უძლებს ყინვებს და ამიტომ ცივი კლიმატის მქონე არეალებზე მას ძირითადად ორანჟერეებსა და სახლის პირობებში ზრდიან.
როგორც წესი, ხემარწყვას ამრავლებენ დეკორატიული მიზნებისათვის.
გამრავლების წესები. ხემარწყვას გამრავლება შესაძლებელია როგორც თესლის საშუალებით, ასევე მცირე ზომის ნერგების გადარგვით, რაც პრინციპში გამრავლების ერთი და იგივე მეთოდს გულისხმობს, რადგან ნერგიც თესლის თესვის შედეგად არის მიღებული.
ხემარწყვას გამრავლება შესაძლებელია ასევე ვეგეტატიურადაც - კალმების აჭრის საშუალებით. ამ დროს ახალგაზრდა მცენარეებს აჭრიან ყლორტებს, აფესვიანებენ და შემდეგ რგავენ. თუმცა გამრავლების ეს მეთოდი ნაკლებად არის გავრცელებული.
თესლის საშუალებით მარწყვის ხის გამრავლების სრული პროცედურა შედგება შემდეგი ეტაპებისაგან:
- თესლის მიღება ნაყოფისაგან - ამ მხრივ აღსანიშნავია რომ ნაყოფი ყოველთვის შეიცავს აღმოცენებისუნარიან თესლს.
- თესლის სტრატიფიკაცია - ეს პროცესი გრძელდება ორი თვის განმავლობაში. ამ დროს თესლები მოთავსებულნი არიან სუბსტრატში, რომელიც შედგება 7 წილი ზედაპირული ტორფი (ანუ ტორფი, რომელიც სრულად არ არის დაშლილი) და 3 წილი მდინარის ქვიშა.
- თესლის დალბობა - სტრატიფიკაციის პერიოდის შემდეგ თესლებს ალბობენ თბილი წყლით ერთი კვირის განმავლობაში.
- თესვა - დალბობის შემდეგ თესლი ითესება მიწით სავსე ქოთანში 1,5 სმ-ის სიღრმეზე, რის შემდეგაც ქოთანს ათავსებენ თბილ ადგილას.
- მორწყვა - აღმოცენება გრძელდება 2-3 თვის განმავლობაში. ამ პერიოდში საჭიროა სისტემატური მორწყვა ისე, რომ არ მოხდეს ნიადაგის გამოშრობა.
აღსანიშნავია, რომ ხემარწყვა კარგად იზრდება თითქმის ყველა ტიპის, რეაქციის არეს (pH) მქონე და ნებისმიერი მექანიკური შემადგენლობის ნიადაგზე. ამიტომ მისი წარმოებისათვის შესაძლებელია გამოყენებული იქნას ნებისმიერი ბაღიდან აღებული მიწა.
მოვლა. ხემარწყვა ძალიან უპრეტენზიო მცენარეა. მისი მოვლის მთავარი ღონისძიებებია:
- მორწყვა ნადგამი წყლით.
- გამოკვება.
- მოსვენების პერიოდისათვის საჭირო ტემპერატურული პირობების უზრუნველყოფა ზამთრის განმავლობაში.
მცენარე განსაკუთრებით მომთხოვნია წყლისადმი ყვავილობის და ნაყოფების ფორმირების ეტაპებზე და ამ პერიოდში აუცილებელია მისი რეგულარული მორწყვა. ამავე დროს, გასათვალისწინებელია, რომ ხემარწყვა გვალვაგამძლე მცენარეა და მისი ნიადაგის ზედმეტი დატენიანება დაუშვებელია. ასევე ზამთრის განმავლობაში მისი მორწყვა მნიშვნელოვნად უნდა შეიზღუდოს.
ხემარწყვას ზრდა-განვითარებისათვის ოპტიმალური ტემპერატურა არის 20-25°C. მცენარე ძლიერ სინათლის მოყვარულია და მოითხოვს კარგ განათებას. დახურულ შენობაში გაზრდის შემთხვევაში, ზაფხულობით სასურველია მცენარეების გარეთ გატანა დღის განმავლობაში ან შენობის ისეთ ადგილზე მოთავსება, სადაც მაქსიმალურად დიდხანს ხვდება მზის სხივები და არის ჰაერის კარგი ცირკულაცია.
გაზაფხულის და ზაფხულის განმავლობაში თვეში ორჯერ აწარმოებენ მცენარის გამოკვებას კომპოსტით ან გადამწვარი ნაკელით. სახლის პირობებში, ქოთანში დარგული მარწყვის ხეების გამოკვებისათვის უმთავრესად იყენებენ კომპლექსურ მინერალურ სასუქებს (ე.წ. NPK-ს). ზრდის სტიმულირებისათვის საჭიროა უმთავრესი აქცენტი გაკეთდეს აზოტის და კალიუმის შემცველ მინერალურ სასუქებზე. ზამთრის პერიოდში, როდესაც ტემპერატურა 10-12°C-ზე ნაკლებია, სასუქების შეტანა არ შეიძლება.
გასხვლა. მარწყვის ხის გასხვლას არ გააჩნია აგრონომიული დატვირთვა-მნიშვნელობა. იგი შესაძლებელია გაისხლას დეკორატიული და სანიტარულ-ჰიგიენური მიზნებით, რაც გულისხმობს მცენარისათვის სასურველი ფორმის მიცემას და დაბერებული ან გამხმარი ტოტების სისტემატურ მოცილებას.
ზამთრის დადგომისას, როდესაც მცენარე დაასრულებს ნაყოფმსხმოიარობას, საჭიროა მოხდეს შესაბამისი ტემპერატურული პირობების უზრუნველყოფა, იმისათვის რომ მცენარე გადავიდეს მოსვენების პერიოდში. ამ შემთხვევაში ოპტიმალურ ტემპერატურულ რეჟიმად ითვლება 3-დან 10°C-მდე.
-
ექსტენციონისტების პროფესიული საჭიროებების კვლევა 24.04.2019 4107 ნახვა
-
მსხლის წამლობების ტაბულა 18.09.2019 2818 ნახვა
-
ცხენის ტრიქოფიტია (მკრეჭავი მუნი) - სიმპტომები და მკურნალობა 17.01.2019 3434 ნახვა