ბულგარული წიწაკა - აღწერილობა და მოვლა-მოყვანის აგროწესები
02 / 03 / 2019

ზოგადი ინფორმაცია კულტურის შესახებ და წარმოებისათვის საჭირო აგროკლიმატური პარამეტრები.

ლათინური დასახელება: Capsicum annuum L.
ბოტანიკური ოჯახი: ძაღლყურძენასებრთა.
სიცოცხლის ხანგრძლივობა: ერთწლიანი (კულტურაში).
განვითარების ოპტიმალური ტემპერატურა: 23_27°С.
ჰაერის ოპტიმალური ტენიანობა: 60-70%.
ნიადაგის ოპტიმალური ტენიანობა: 80-85%.
ნიადაგის არეს ოპტიმალური რეაქცია pH: 6,0-6,6.
კრიტიკული ტემპერატურული მინიმუმი:-0,3°С-დან -0,5°С-მდე.
კრიტიკული ტემპერატურული მაქსიმუმი: 35-36°С.
სასურველი წინამორბედი კულტურები: თავთავიანი, ბაღჩეული და პარკოსანი კულტურები, კომბოსტო, ხახვი, ძირხვენები.
არასასურველი წინამორბედი კულტურები: კარტოფილი, ბადრიჯანი, წიწაკა, თამბაქო, პომიდორი.

ნიადაგის დამუშავება. იდეალურია ნიადაგი, რომელიც გაზაფხულზე ადრე და კარგად თბება, კარგად ატარებს ჰაერსა და წყალს, აქვს ფხვიერი სტრუქტურა და მდიდარია საკვებით.
დასარგავად განკუთვნილი ნიადაგი აღმოსავლეთ საქართველოში საჭიროა მოიხნას შემოდგომაზე, 25-30 სმ. სიღრმეზე. ხოლო დასავლეთ საქართველოში კი მოხვნა შესაძლებელია გვიან შემოდგომაზე, ზამთარში, ან გაზაფხულზე. ამავე არეალის ჭარბტენიან ადგილებში ნიადაგი ძირითადად გაზაფხულზე იხვნება.
გაზაფხულზე ხდება მზრალის თესვისწინა დამუშავება. დათესვამდე ტარდება 2 კულტივაცია 10-12 სმ სიღრმეზე, თანმიყოლებული დაფარცხვით.
კარგად გაფხვიერების მიზნით შესაძლებელია ნიადაგს დასჭირდეს დაფრეზვა. ასევე აღსანიშნავია რომ ნიადაგის მულჩირება ხელს უწყობს მოსავლიანობის გაზრდას.

თესვის წესები და ნორმები. წიწაკა ძირითადად ჩითილის გადარგვის მეთოდით მოიყვანება.
ჩითილის გამოყვანა ღია გრუნტში გადარგვამდე 45-50 დღით ადრე იწყება. გადარგვისას ჩითილს 8-9 ნამდვილი ფოთოლი და 20-25 სმ სიმაღლე უნდა ჰქონდეს. უმჯობესია თესლი სპეციალურად განკუთვნილ კასეტებში დაითესოს. ჩითილის გამოყვანის ოპტიმალური ტემპერატურა მერყეობს 20-27°С-ის ფარგლებში.
კასეტებში აღზრდილი ჩითილები გადარგვისას ნაკლებად განიცდის სტრესს, რაც უკეთ გახარების დიდ შესაძლებლობას იძლევა. ამ დროს ნაკლებია მეჩხერიანობა, მაღალია მოსავალი.
1 ჰა-ზე ჩითილების საჭირო რაოდენობა დარგვის სქემაზე და ჯიშის ან ჰიბრიდის ზრდის თავისებურებაზეა დამოკიდებული. იგი მერყეობს 28,6-71,4 ათასი მცენარის ფარგლებში.

მორწყვა. მორწყვის ჯერადობა და ნორმები დამოკიდებულია ნიადაგის ტენიანობის მაჩვენებელსა და მცენარის განვითარების ცალკეულ ფაზებზე. წიწაკის ტენით უზრუნველყოფის საორიენტაციო ნორმებია:

  • ჯერადობა: 10-15 და მეტი/
  • თითოეული მორწყვის საორიენტაციო ნორმა: წვეთოვანი მორწყვით 80-100 კუბ.მ/ჰა-ზე.
  • ტენზე მოთხოვნის მაქსიმუმი: გაღივების, აღმოცენების, ყვავილობის, გადარგვის და ნაყოფების ზრდა-ფორმირების ფაზები.
  • მორწყვის მეთოდი: წვეთოვანი, ან კვლებში მიშვების მეთოდით.

სასუქების შეტანა. ყოველი ერთი ტონა მოსავლის მისაღებად წვეთოვანი მორწყვის გამოყენებით და შეთვისების კოეფიციენტის გათვალისწინებით საჭიროა:  აზოტი 4,4კგ, ფოსფორი 3,52კგ, კალიუმი 6,24კგ. (სუფთა ნივთიერებები). ამგვარად, 1 ჰაზე 55 ტ. მოსავლის მისაღებად საჭირო იქნება 242,5 კგ. აზოტის, 193,6 კგ. ფოსფორის და 343,2 კგ. კალიუმის შეტანა (სუფთა ნივთიერებები). აზოტის შეტანა ხდება დამატებითი გამოკვების სახით, ვეგეტაციის მიმდინარეობის პერიოდში, ხოლო ფოსფორი და კალიუმი კი სასურველია შეტანილი იქნას შემდეგი წესით: ერთიანი რაოდენობის 2/3  მზრალად მოხვნის წინ, დანარჩენი კი დამატებითი გამოკვების სახით.

კონკრეტული ნაკვეთისათვის შესატანი სასუქების ზუსტი დოზების დადგენა ხდება ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის საფუძველზე.

წიწაკის წარმოების აგროკალენდარი საქართველოს რეგიონების მიხედვით

წიწაკის მავნებელ-დაავადებები და ბრძოლა მათ წინააღმდეგ. წიწაკის მცენარესა და ნაყოფებს აზიანებს არაერთი სოკოვანი, ბაქტერიული თუ ვირუსული დაავადება.
სოკოვანი დაავადებებიდან განსაკუთრებით სახიფათო და გავრცელებულია: ალტერნარიოზი, ანთრაქნოზი, ფუზარიოზული ჭკნობა, ნაცრისფერი ობი, მთავარი ღეროს სიდამპლე, ვერტიცელიოზური ჭკნობა, ცერკოსპორიოზი, ნაცარი და ფიტოფტორა.
ვირუსული დაავადებებიდან წიწაკას, ძირითადად, აზიანებს: სტოლბური, კიტრის მოზაიკა და იონჯის მოზაიკა.
წიწაკას ასევე მნიშვნელოვნად აზიანებს ბაქტერიული დაავადებებიც, რომელთაგან განსაკუთრებით გავრცელებულია: ბაქტერიული ლაქიანობა, ნაყოფების სველი სიდამპლე, ბაქტერიული კიბო და ბაქტერიული ჭკნობა.

აღნიშნული დაავადებების გავრცელების წინააღმდეგ საჭიროა ბრძოლის ინტეგრირებული ღონისძიებების განხორციელება: მცენარეული ნარჩენების და დაზიანებული მცენარეების მოცილება-განადგურება, ოპტიმალური ტემპერატურული და ტენიანობის რეჟიმების შენარჩუნება სათბურებში, მცენარეთა შორის საჭირო მანძილების დაცვა, სარეველების დროული მოცილება, კულტურათა მონაცვლეობის დაცვა, შესაბამისი წამლობების და სხვა მოვლითი ღონისძიებების დროული და ხარისხიანი განხორციელება.

მოსავლის აღება/შენახვა. წიწაკა არაერთდროულად შემოდის. მოკრეფა იწყება, მაშინ როცა ნაყოფი ჯიშისათვის დამახასიათებელ ფერს და ფორმას მიიღებს. კრეფა მიმდინარეობს პერიოდულად, ყოველ 5-6 დღეში. არადროული მოკრეფისას წიწაკის მოსავალი საგრძნობლად მცირდება. ნაყოფები ყუნწით იკრიფება. დახარისხება-გასუფთავების შემდეგ ნაყოფები მათთვის განკუთვნილ ტარაში, ან პოლიეთილენის ტომრებში ჩალაგდება და დანიშნულების მიხედვით გაიგზავნება, ან ინახება სპეციალურ მაცივრებში: 7-11°С ტემპერატურის და 80-95% ჰაერის შეფარდებითი ტენიანობის პირობებში.

მსგავსი სიახლეები