ჩვეულებრივი აბლაბუდიანი ტკიპა - აღწერილობა და ბრძოლის ღონისძიებები
18 / 01 / 2019

აღწერილობა. ტკიპას  (Tetranuchus urticae Koch.) სხეული ოვალური ფორმისაა, მომწვანო-ყვითელი ფერის. გამოზამთრების პროცესი იწყება აგვისტოში და გრძელდება ოქტომბრამდე. მავნებელი იზამთრებს სათბურის კუთხეებში, ნიადაგში და მცენარეულ ნარჩენებში. გაზაფხულზე მავნებელი ტოვებს გამოზამთრების ადგილს და სახლდება სარეველებზე. 12-13ºC – ის პირობებში მავნებელი იწყებს კვერცხდებას სარეველა ბალახების და ბოსტნეული კულტურების ფოთლების ქვედა მხარეებზე. 5-7 დღის შემდეგ იჩეკებიან ზრდასრული ტკიპების მსგავსი მატლები.

აბლაბუდიანი ტკიპა აზიანებს კიტრს, საზამთროს, ნესვს, პომიდორს და სხვა მრავალ სასოფლო-სამეურნეო კულტურას. მავნებელი განსაკუთრებით სახიფათოა დაცულ გრუნტში. ზიანი განსაკუთრებით დიდია გვალვიან პერიოდში და ცხელ ამინდებში.

უარყოფითი სამეურნეო მნიშვნელობა – ტკიპები ცხოვრობენ და იკვებებიან ფოთლების ქვედა მხარეებზე. კვებისას ფოთლებიდან წოვენ უჯრედის წვენს. თავდაპირველად დაზიანებულ ფოთლებს უჩნდებათ ნათელი ფერის წერტილები, შემდეგ ხდება უფერული უბნების ჩამოყალიბება ფოთლებზე, რის შედეგადაც ფოთოლი ხმება. ტკიპების კვების შედეგად მცენარეს სცვივა ყვავილები, ფოთლები, ნასკვები და ნაყოფები.

ბრძოლის ღონისძიებები:

  • სათბურების და ღია გრუნტის ნაკვეთების გაწმენდა მცენარეული ნარჩენებისაგან;
  • სარეველა მცენარეების განადგურება ღია გრუნტში და სათბურების სიახლოვეს;
  • დაზიანებული ფოთლების მოცილება და განადგურება;
  • შესაბამისი ქიმიური წამლობების დროული და ხარისხიანი განხორციელება.

მზაღო ლობჟანიძე 

სრული პროფესორი, ბიოლოგიის დოქტორი

მსგავსი სიახლეები