ხვიტი ანუ კოლორაბი – მოვლა-მოყვანის აგროწესები
18 / 01 / 2019

ხვიტი ანუ კოლორაბი (ლათ. Brassica caulorapa Pagf.) კომბოსტოს ღეროს ნაყოფიანი სახეობაა და მისი პროდუქტიული ნაწილია ძირხვენის მსგავსად გამსხვილებული ღერო. იგი გემოთი ძალიან წააგავს ჩვეულებრივი კომბოსტოს მურკის გემოს, მხოლოდ მასთან შედარებით უფრო ნაზია.

დამოკიდებულება აგროკლიმატური პირობებისადმი. ხვიტი ხვიტი კარგ მოსავალს იძლევა ნოყიერ და ტენით კარგად უზრუნველყოფილ ნიადაგებზე.

ხვიტი ვერ იტანს ნიადაგის სიმშრალეს – ამ დროს მისი პროდუქტიული ნაწილი უხეშდება და ხევდება.

ნიადაგის დამუშავებახვიტისათვის საუკეთესოა სტუქტურიანი, საკვები ნივთიერებებით მდიდარი, კარგი ჰაერაციის და წყალგამტარი ნიადაგი.

ხვიტის გაზაფხულზე გადასარგავად, ნიადაგი მზრალად იხვნება შემოდგომით, 25-03 სმ-სიღრმეზე. ამ დროს მოხვნა უნდა განხორციელდეს წინამორბედი კულტურის აღების, ან ნაწვერალის აჩეჩვის შემდეგ. ხოლო თუ ყვავილოვანი კომბოსტოს დარგვა დაგეგმილია ზაფხულის ბოლოსთვის, ამ შემთხვევაში ნიადაგი უნდა მომზადდეს დარგვამდე 1-2 თვით ადრე. დასავლეთ საქართველოში  ნიადაგი იხვნება გვიან შემოდგომაზე, ზამთარში ან ადრე გაზაფხულზე. ამ არეალის ჭარბტენიან ადგილებში ნიადაგის მოხვნა ძირითადად წარმოებს ადრე გაზაფხულზე.

გადარგვის წინ წარმოებს მზრალის  დარგვისწინა დამუშავება: ტარდება 2 კულტივაცია  10-12 სმ, სიღრმეზე, თანმიყოლებული დაფარცხვით. კარგად გაფხვიერების მიზნით შესაძლებელია ნიადაგს დასჭირდეს დაფრეზვა. ასევე აღსანიშნავია რომ ნიადაგის მულჩირება ხელს უწყობს მოსავლიანობის გაზრდას.

გამრავლების მეთოდები. ხვიტი უმთავრესად ჩითილების გამოყვანით იწარმოება. ჩითილების გამოყვანის წესი იგივეა, როგორიც ყვავილოვანი და თეთრთავიანი კომბოსტოების, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ხვიტის ჩითილების დარგვა შესაძლებელია უფრო სქლად.

ჩითილების კვების არე – მწკრივთაშორის: 40-50 სმ და  მცენარეთა შორის: 25 სმ.

ჩითილით გადარგვის გარდა, ხვიტის მოყვანა შეიძლება თესლის უშუალოდ ღია გრუნტში თესვითაც. მაგრამ ამ შემთხვევაში ნათესების აღმოცენების შემდეგ საჭირო იქნება მათი გამეჩხერება.

გამეჩხერების შემდეგ მცენარეთა შორის საჭიროა დარჩეს მინიმუმ 15-25 სმ. მანძილი.

მორწყვა.   ხვიტს ტენით უზრუნველყოფა სჭირდება ვეგეტაციის ყველა ეტაპზე. მორწყვის ჯერადობა და ნორმები დამოკიდებულია ნიადაგის ტენიანობის მაჩვენებელსა და მცენარის განვითარების ცალკეულ ფაზებზე. ზოგადად, ვეგეტაციის განმავლობაში ხვიტი 5-10-ჯერ, ან მეტჯერ უნდა მოირწყას. კვლებში მიშვებით მორწყვისას თითოეული მორწყვის საორიენტაციო ნორმა 1 ჰა-ზე 350-400 მ3, ხოლო წვეთოვანი სისტემით მორწყვისას კი თითოეული მორწყვის ნორმა არის 35-40 მ3.

მოსავლის აღება. ხვიტის მოსავლის აღება უნდა დავიწყოთ მაშინ, როდესაც ღეროს დიამეტრი მიაღწევს 5 სმ-ს. მოსავლის აღების დაგვიანება იწვევს მოსავლის ხარისხის დაქვეითებას  – ამ დროს ღერო უხეშდება და კარგავს კვებით ღირებულებას.

მსგავსი სიახლეები