კომბოსტო - თეთრთავიანი კომბოსტოს მოვლის აგროწესები
18 / 01 / 2019

ადგილი თესლბრუნვაშიკომბოსტოს კარგი წინამორბედებია სიმინდი, თავთავიანი, ბაღჩეული პარკოსანი კულტურები. კომბოსტოს წარმოება არ არის რეკომენდებული მინდვრებზე, სადაც წინა წლებში კარტოფილი, ბადრიჯანი, წიწაკა, თამბაქო და პომიდორი იწარმოებოდა. კომბოსტო თავის მინდორს უნდა დაუბრუნდეს 2-3 წლის შემდეგ. თესლბრუნვაში თავსდება პირველ წელს.

კომბოსტოსათვის განსაზღვრული ნაკვეთის შერჩევა. კომბოსტოს მაღალი მოსავლისა და უხვი თესლის მიღებისათვის უნდა შევარჩიოთ მაღალნაყოფიერი, გაკულტურებული, სწორზედაპირიანი ნიადაგები, რომლებიც მუდმივად უზრუნველყოფილი იქნებიან სარწყავი წყლით.

საადრეო კომბოსტოსათვის შერჩეული უნდა იქნეს მსუბუქი და თბილი ნიადაგი.
კომბოსტოს წარმოებისათვის საჭირო მჟავიანობის არე pH 7,0-დან 7,5-მდეა.

იმ შემთხვევაში, თუ კომბოსტოს წამორბისათვის შერჩეულ ფართობზე ნიადაგის არეს რეაქცია აღნიშნულ პარამეტრებზე მეტი ან ნაკლებია, ანუ ნიადაგის კომბოსტოს წარმოებისათვის შეუთავსებლად მჟავე, ან პირიქით ტუტე რეაქციისაა, ამ დროს კულტურის დარგვამდე საჭირო იქნება ნიადაგის მჟავიანობის არეს ხელოვნური რეგულირება შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით.

ფიზიოლოგიურად მჟავე ნიადაგებზე pH-ის რეგულირების მიზნით გამოიყენება ნიადაგის მოკირიანება, ხოლო ტუტე რეაქციის არეს მქონე ნიადაგებზე კი pH რეგულირდება მოთაბაშირების საშუალებით.

მოკირიანების ან მოთაბაშირების აუცილებლობის დადგენა და ზუსტი დოზების იდენტიფიცირება საჭიროა განხორციელდეს შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზის შედეგად, შერჩეული მელიორანტის სახეობის, ფომის და აგრეთვე, მისი ქიმიური და მექანიკური შემადგენლობის გათვალისწინებით.

ნიადაგის ძირითადი დამუშავება. კომბოსტოსათვის განკუთვნილი ნიადაგი აღმოსავლეთ საქართველოში საჭიროა მოიხნას შემოდგომაზე, 25-30 სმ. სიღრმეზე. ხოლო დასავლეთ საქართველოში კი მოხვნა შესაძლებელია გვიან შემოდგომაზე, ზამთარში, ან გაზაფხულზე. ამ არეალის ჭარბტენიან ნიადაგებზე მოხვნა გაზაფხულზე უნდა განხორციელდეს.

გაზაფხულზე ხდება მზრალის თესვისწინა დამუშავება. დათესვამდე ტარდება 2 კულტივაცია 10-12 სმ სიღრმეზე, თანმიყოლებული დაფარცხვით.

კარგად გაფხვიერების მიზნით შესაძლებელია ნიადაგს დასჭირდეს დაფრეზვა. ასევე ნიადაგის მულჩირება ხელს უწყობს მოსავლიანობის გაზრდას.

ნიადაგის დარგვისწინა და შემდგომი დამუშავება. გაზაფხულზე ნიადაგის დარგვისწინა დამუშავება სხვადასხვანაირია. ნიადაგურ-კლიმატური პირობების და ძირითადი მოხვნის ჩატარების პერიოდის მიხედვით, გაზაფხულზე ან მარტო დაფარცხვა იქნება საკმარისი, ან ღრმა კულტივაციან ან გადახვნა, თანმიყოლებული დაფარცხვით.

გაზაფხულზე მზრალის დაგვისწინა დამუშავება დამოკიდებულია აგრეთვე სასუქის სახეობაზე და შეტანის დროზე. ჭარბტენიან რაიონებში და მსუბუქი ტიპის ნიადაგებზე ნაკელის შეტანა და ჩახვნა წარმოებს გაზაფხულზე. თუ მსუბუქ ნიადაგზე ნაკელის შეტანა შემოდგომაზე განხორციელდა, ამ შემთხვევაში გაზაფხულზე ტარდება ღრმა კულტივაცია, ან გადახვნა ფრთამოხსნილი გუთნებით.
დაწიდულ ქვეთიხნარ ნიადაგებზე ნაკელის შემოდგომაზე შეტანისა და ჩახვნისას (ტენიანი გაზაფხულის პირობებში) ტარდება ფართობების გადახვნა. არასაკმარისი ტენიანობის პირობებში მზრალის გადახვნა არ წარმოებს, არამედ ხდება ღრმად გაფხვიერება კულტივატორებით, 10-12 სმ სიღრმეზე.
უშუალოდ ვეგეტაციის პერიოდში კი კომბოსტოსათვის ნიადაგის დამუშავების მიზანს შეადგენს ნიადაგის მუდამ ფხვიერი და სარეველებისაგან სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნება.

თესვათესვის წესები და ნორმები. კომბოსტო ძირითადად ჩითილის მეთოდით მოიყვანება, თუმცა მისი მოყვანა უშუალოდ ღია გრუნტში თესვითაც არის შესაძლებელი, სათესი მანქანებით მწკრივებს შორის 70, ხოლო მცენარეებს შორის 50-60 სმ დაშორებით. ჩათესვის სიღრმე მშრალ რაიონებში 2,5-3, ხოლო ტენიან ადგილებში 1,5-2 სმ-ია. 1 ჰა-ზე 1,2-2,0 კგ თესლია საჭირო.

ჩითილების გამოსაყვანად წარმატებით გამოიყენება საჩითილე კასეტები და სპეციალურად მომზადებული საკვები სუბსტრატი.

საჩითილედ თესლი კასეტებში ღია გრუნტში გადარგვამდე 25-30 დღით ადრე ითესება. ჩითილების გამოყვანის ოპტიმალური პირობებია: აღმოცენებისთვის 18-20°C, ხოლო ზრდა-განვითარებისთვის 14-18°C. მცენარის აღმოცენებას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს თესლის 20 წუთის განმავლობაში 48-49°C-ზე გაცხელებულ წყალში მოთავსება.

ერთ ჰა-ზე დასარგავად საჭირო ჩითილის რაოდენობა დამოკიდებულია მოყვანის ვადებზე, სავეგეტაციო პერიოდსა და ჯიშების/ჰიბრიდების ზრდის სიძლიერეზე. გამომდინარე აქედან მცენარეთა რაოდენობა მერყეობს 16 – 60 ათასი ძირის ფარგლებში.

მოვლის შემდეგი წესები დამოკიდებულია ადგილზე არსებულ ბუნებრივ-კლიმატურ პირობებსა და კონკრეტული ჯიშის/ჰიბრიდისათვის დამახასიათებელ ბიოლოგიურ თვისებებზე. უმთავრესად, ნათესებში ნიადაგის პერიოდული გათოხვნა-კულტივაცია, მორწყვა და კულტურის გამოკვება შესაბამისი მინერალური ნივთიერებებით. ჭარბტენიან და ცივ რაიონებში მიმართავენ მიწის შემოყრას. ცხელ რაიონებში, განსაკუთრებით ურწყავ პირობებში, მიწის შემოყრა რეკომენდებული არ არის.

ნიადაგის განოყიერება და მცენარის კვება. კომბოსტოს ყოველი ერთი ტონა მოსავლის მისაღებად წვეთოვანი მორწყვის გამოყენებით და შეთვისების კოეფიციენტის გათვალისწინებით, საჭიროა: აზოტი 6,05კგ, ფოსფორი 4,8კგ, კალიუმი 9,0 კგ. (სუფთა ნივთიერებები). ამგვარად, 1 ჰაზე საშუალოდ 80 ტ. მოსავლის მისაღებად საჭირო იქნება 484,0 კგ. აზოტის, 384,0 კგ. ფოსფორის და 720,0 კგ. კალიუმის შეტანა (სუფთა ნივთიერებები). აზოტის შეტანა ხდება დამატებითი გამოკვების სახით, ვეგეტაციის მიმდინარეობის პერიოდში, ხოლო ფოსფორი და კალიუმი კი სასურველია შეტანილი იქნას შემდეგი წესით: ერთიანი რაოდენობის 2/3 მზრალად მოხვნის წინ, დანარჩენი კი დამატებითი გამოკვების სახით.
იმ შემთხვევაში თუ მზრალად მოხვნის წინ 1 ჰა-ზე 30-მდე ტონა გადამწვარი ნაკელი იქნა შეტანილი, მაშინ მინერალური სასუქებიდან საჭიროა: აზოტი 334კგ, ფოსფორი 309კგ, კალიუმი 540 კგ. (სუფთა ნივთიერებები).

კონკრეტული ნაკვეთისათვის შესატანი სასუქების ზუსტი დოზების დადგენა ხდება ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის საფუძველზე.

მორწყვაკომბოსტო არის სწრაფად მზარდი მცენარე, ზედაპირული ფესვებით, რომლებიც ნიადაგში მხოლოდ 30-40 სმ სიღრმეზე აღწევს. თუმცა კომბოსტო შედარებით გამძლეა გვალვის მიმართ, მოსავლიანობის მაქსიმიზირებისათვის საჭიროა ნიადაგის ოპტიმალური ტენიანობის შენარჩუნება. მორწყვისათვის ყველაზე კრიტიკული დრო არის პირდაპირ დათესვის შემდეგ და თავების განვითარების თანადროულად. აღნიშნული პერიოდების დროს წყალთან დაკავშირებულ ნებისმიერ სტრესს შეუძლია გამოიწვიოს თავების მცირე ზომა, თავების სკდომა ან სიდამწვრეები.
მორწყვის ჯერადობა და ნორმები დამოკიდებულია ნიადაგის ტენიანობის მაჩვენებელსა და მცენარის განვითარების ცალკეულ ფაზებზე. როგორც წესი, კომბოსტოს ნათესი ვეგეტაციის განმავლობაში უნდა მოირწყას 10-15-ჯერ, მორწყვის ერთიანო ნორმა საადრეო კომბოსტოსათვის არის 2200-3000მ3/ჰა-ზე, საგვიანო – 4500-5000 მ3/ჰა-ზე. მორწყვა შესაძლებელია ჩატარდეს როგორც დაწვიმებით, ასევე წვეთოვანი, ან კვლებში მიშვების მეთოდით.

მოსავლის აღება/შენახვა. კომბოსტოს მოსავლის აღება შერჩევით ხდება, თავების შემოსვლის და გამოყენების მიხედვით, ყოველ 5-10 დღეში ერთხელ. თავებს ჭრიან დანით, ან სხვ. საშუალებებით 3-4 მფარავი ფოთლის მიყოლებით. თავების მოჭრის და გამოტანის დროს საჭიროა სიფრთხილე. საგვიანო კომბოსტოს დაგვიანებით აღება მიუღებელია -4; -50ჩ ყინვაზე უფრო დაბალ ტეპერატურაზე. ასეთ შემთხვევაში მოხვედრილი, აგრეთვე დაზიანებული, თავები ცუდად შეინახება. ხანგრძლივი შენახვისათვის განკუთვნილი პროდუქცია მაცივრებში გადააქვთ. ამ დროს შენახვისას ოპტიმალურია -1-დან +10ჩ-მდე ტემპერატურა და 90-95% ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა.
ჭკნობის თავიდან ასაცილებლად, შენახვისათვის განსაზღვრული კომბოსტო დაკრეფის შემდეგ მაქსიმალურად მალე უნდა გაცივდეს. თუ კომბოსტო სიგრილეში იკრიფება, ის წინასწარი გაცივების გარეშე შეიძლება მოთავსდეს საწყობში. მინდვრის სითბოს სწრაფად მოსაცილებლად შეიძლება გამოყენებული იქნეს ჰიდროგაცივება ან შეკუმშული ჰაერით გაცივება.
შენახვის ვადა დამოკიდებულია კომბოსტოს სახეობაზე (ადრე დამწიფებად ქვესახეობებს შენახვის უფრო მოკლე ვადა აქვთ, ვიდრე გვიან დამწიფებად ქვესახეობებს.

მსგავსი სიახლეები