სტაფილო - მოვლა-მოყვანის აგროწესები
18 / 01 / 2019

ადგილი თესლბრუნვაშისტაფილოს კარგ წინამორბედად ითვლება კარტოფილი, კიტრი, კომბოსტო, პომიდორი. თავის მინდორს არ უნდა დაუბრუნდეს 3-4 წელზე ადრე. სტაფილოს წარმოება არ არის რეკომენდებული ნაკვეთებზე, სადაც წინა წელს იწარმოებოდა ოხრახუში, ცერეცო, ნიახური, სტაფილო, სუფრის ჭარხალი და კარტოფილი.

სტაფილოსათვის განსაზღვრული ნაკვეთის შერჩევასტაფილო დიდ მოთხოვნილებას აყენებს ნიადაგის ნოყიერების მიმართ. მნიშნელოვანია, ყურადღება იქნეს მიქცეული ნიადაგის მექანიკურ სტრუქტურაზე. საუკეთესო შედეგს იძლევა კარგი დრენაჟის მქონე ქვიშნარ და მსუბუქ თიხნარი ნიადაგებზე. მძიმე თიხნარ ნიადაგებზე სტაფილოს ძირხვენები ვერ ახერხებენ ზომაში ზრდას, რაც იწვევს მოსავლის როგორც ხარისხობრივი ისე შენახვისათვის გამოუსადეგარ პროდუქციას.

სტაფილოს წარმოებისათვის საჭირო მჟავიანობის არე pH 5,3-დან 6,5-მდეა.

იმ შემთხვევაში, თუ სტაფილოს წარმოებისათვის შერჩეულ ფართობზე ნიადაგის არეს რეაქცია აღნიშნულ პარამეტრებზე მეტი ან ნაკლებია, ანუ ნიადაგის სტაფილოს წარმოებისათვის შეუთავსებლად მჟავე, ან პირიქით ტუტე რეაქციისაა, ამ დროს კულტურის დარგვამდე საჭირო იქნება ნიადაგის მჟავიანობის არეს ხელოვნური რეგულირება შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით.

ფიზიოლოგიურად მჟავე ნიადაგებზე pH-ის რეგულირების მიზნით გამოიყენება ნიადაგის მოკირიანება, ხოლო ტუტე რეაქციის არეს მქონე ნიადაგებზე კი pH რეგულირდება მოთაბაშირების საშუალებით.

მოკირიანების ან მოთაბაშირების აუცილებლობის დადგენა და ზუსტი დოზების იდენტიფიცირება საჭიროა განხორციელდეს შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზის შედეგად, შერჩეული მელიორანტის სახეობის, ფომის და აგრეთვე, მისი ქიმიური და მექანიკური შემადგენლობის გათვალისწინებით.

ნიადაგის ძირითადი დამუშავებასტაფილოსათვის განკუთვნილი ნიადაგი აღმოსავლეთ საქართველოში საჭიროა მოიხნას შემოდგომაზე, 25-30 სმ. სიღრმეზე. ხოლო დასავლეთ საქართველოში კი მოხვნა შესაძლებელია გვიან შემოდგომაზე, ზამთარში, ან გაზაფხულზე. ამ არეალის ჭარბტენიან ნიადაგებზე მოხვნა გაზაფხულზე უნდა განხორციელდეს.

გაზაფხულზე ხდება მზრალის თესვისწინა დამუშავება. დათესვამდე ტარდება 2 კულტივაცია 8-10 სმ სიღრმეზე, თანმიყოლებული დაფარცხვით. თუ ნიადაგი მძიმეა, მზრალი უნდა გადაიხნას 15-16 სმ სიღრმეზე, დაიფარცხოს 2-3 ჯერ და შემდეგ დაითესოს.

კარგად გაფხვიერების მიზნით შესაძლებელია ნიადაგს დასჭირდეს დაფრეზვა. დასათესად გამზადებული ნიადაგი სწორი ზედაპირის და ფხვიერი უნდა იყოს.

ნიადაგის თესვისწინა და შემდგომი დამუშავებაგაზაფხულზე ნიადაგის დარგვისწინა დამუშავება სხვადასხვანაირია. ნიადაგურ-კლიმატური პირობების და ძირითადი მოხვნის ჩატარების პერიოდის მიხედვით, როგორც უკვე აღინიშნა, გაზაფხულზე ან მარტო დაფარცხვა იქნება საკმარისი, ან ღრმა კულტივაციან ან გადახვნა, თანმიყოლებული დაფარცხვით.

გაზაფხულზე მზრალის დაგვისწინა დამუშავება დამოკიდებულია აგრეთვე სასუქის სახეობაზე და შეტანის დროზე. ჭარბტენიან რაიონებში და მსუბუქი ტიპის ნიადაგებზე ნაკელის შეტანა და ჩახვნა წარმოებს გაზაფხულზე. თუ მსუბუქ ნიადაგზე ნაკელის შეტანა შემოდგომაზე განხორციელდა, ამ შემთხვევაში გაზაფხულზე ტარდება ღრმა კულტივაცია, ან გადახვნა ფრთამოხსნილი გუთნებით.
დაწიდულ ქვეთიხნარ ნიადაგებზე ნაკელის შემოდგომაზე შეტანისა და ჩახვნისას (ტენიანი გაზაფხულის პირობებში) ტარდება ფართობების გადახვნა. არასაკმარისი ტენიანობის პირობებში მზრალის გადახვნა არ წარმოებს, არამედ ხდება ღრმად გაფხვიერება კულტივატორებით, 10-12 სმ სიღრმეზე.
უშუალოდ ვეგეტაციის პერიოდში კი სტაფილოსათვის ნიადაგის დამუშავების მიზანს შეადგენს ნიადაგის მუდამ ფხვიერი და სარეველებისაგან სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნება. ამიტომ ვეგეტაციის განმავლობაში სტაფილოს ნათესებზე ტარდება 2-3 მწკრივთშორისების გაფხვიერება. პირველი კულტივაცია უნდა ჩატარდეს დათესვიდან 25-30 დღის შემდეგ იქ, სადაც ნათესი სქელია. მეორე კულტივაციას აწარმოებენ 20-30 დღის შემდეგ, მესამე კულტივაციას კიდევ 15-20 დღის შემდეგ. კულტივაციების სიღრმე თანდათანობით დიდდება 5-6სმ – დან 10-12 სმ – მდე.

თესვასტაფილოს თესვა შესაძლებელია ზამთარში, გაზაფხულზე და შემოდგომაზე. ზამთარში და ადრე გაზაფხულზე თესვის დანიშნულებაა საადრეო მოსავლის მიღება. სტაფილო დაბლობ ადგილებში უნდა დაითესოს თებერვალ-მარტში. ადრე თესვა საჭიროა იმის გამო, რომ თესლს აქვს მაგარი კანი, გვიან ღივდება, ნელა იზრდება და ნათესი შეიძლება დაიღუპოს თუ ნიადაგში საკმარისი ტენი არ იქნება. ადრე ნათესი კი ამ მხრივ საკმაოდ უზრუნველყოფილია. სტაფილოს აღმოცენებამდე ნიადაგმა რომ არ გაიკეთოს ქერქი და სარეველები არ აღმოცენდნენ, თესვის წინ თესლს ურევენ სალათის თესლს 2-3% რაოდენობით, სალათა ადრე აღმოცენდება და აჩვენებს მწკრივებს, რაც ქერქის დარღვევის და სარეველების მოცილების საშუალებას იძლევა ფერმერისათვის.

სტაფილო ითესება ზოლებრივად, ზუსტი სათესი მანქანით. აღსანიშნავია რომ მანქანით თესვა მნიშვნელოვნად ზრდის მოსავლის ხარისხობრივ და რაოდენობრივ მაჩვენებლებს. ერთ ჰა-ზე საჭიროა 1-1,2 მილიონი ცალი თესლი. ჩათესვის სიღრმე მძიმე ნიადაგებზე არის 2-2,5 სმ, ხოლო მსუბუქ ნიადაგებზე – 3,0 სმ. მცირე ფართობებზე შესაძლებელია მწკრივებად დაითესოს ხელით. ამ შემთხვევაში მწკრივთა შორის 30-40სმ და მცენარეთა შორის 3-4 სმ დაშორებებია საჭირო. სტაფილოს დათესვა შემაღლებულ ბაზოზე საუკეთესო შედეგებს იძლევა. დათესვის შემდეგ აუცილებელია ნათესის მსუბუქი მოტკეპვნა.
სტაფილოს ნათესის შემდგომი მოვლა გამოიხატება ნიადაგის გაფხვიერებაში, გამარგვლა-გათოხვნაში, გამეჩხერებაში, მორწყვასა და დამატებით კვებაში.

ნიადაგის განოყიერება და მცენარის კვება. სტაფილოს ყოველი ერთი ტონა მოსავლის მისაღებად წვეთოვანი მორწყვის გამოყენებით და შეთვისების კოეფიციენტის გათვალისწინებით, საჭიროა: აზოტი 4,72კგ, ფოსფორი 2,7კგ, კალიუმი 5,6 კგ. (სუფთა ნივთიერებები). ამგვარად, 1 ჰა-ზე 40 ტ. მოსავლის მისაღებად საჭირო იქნება 188,8 კგ. აზოტის, 135,0 კგ. ფოსფორის და 224,0 კგ. კალიუმის შეტანა (სუფთა ნივთიერებები). აზოტის შეტანა ხდება დამატებითი გამოკვების სახით, ვეგეტაციის მიმდინარეობის პერიოდში, ხოლო ფოსფორი და კალიუმი კი სასურველია შეტანილი იქნას შემდეგი წესით: ერთიანი რაოდენობის 2/3 მზრალად მოხვნის წინ, დანარჩენი კი დამატებითი გამოკვების სახით.
იმ შემთხვევაში თუ მზრალად მოხვნის წინ 1 ჰა-ზე 30-მდე ტონა გადამწვარი ნაკელი იქნა შეტანილი, მაშინ მინერალური სასუქებიდან საჭიროა: აზოტი 38,8კგ, ფოსფორი 60კგ, კალიუმი 44 კგ. (სუფთა ნივთიერებები).

კონკრეტული ნაკვეთისათვის შესატანი სასუქების ზუსტი დოზების დადგენა ხდება ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის საფუძველზე.

მორწყვა. სტაფილოს ტენით უზრუნველყოფა ვეგეტაციის ყველა ეტაპზე მორწყვის ჯერადობა და ნორმები დამოკიდებულია ნიადაგის ტენიანობის მაჩვენებელსა და მცენარის განვითარების ცალკეულ ფაზებზე. ზოგადად, ვეგეტაციის განმავლობაში ბადრიჯანი 10-15-ჯერ უნდა მოირწყას. თითოეული მორწყვის საორიენტაციო ნორმა ერთ მ2-ზე, სტაფილოს განვითარების ფაზების მიხედვით არის არის 3-დან 10 ლ-მდე

მორწყვა შესაძლებელია როგორც კვალში მიშვებით, ასევე დაწვიმებით და მორწყვის წვეთოვანი სისტემის გამოყენებით.

მოსავლის აღება-შენახვა. კონებად შეკვრისთვის განსაზღვრულ სტაფილოს შერჩევით იღებენ. ხოლო მოსავლის სრულად აღება კი ყინვების დაწყებამდე უნდა განხორციელდეს. აღება ხდება მანქანით, ან ხელით, მშრალ, მზიან ამინდში. გაშრობის, ფოთლების მოცილების და დახარისხების შემდეგ ძირხვენები ბადურებში იყრება და დანიშნულების ადგილზე იგზავნება.

ხანმოკლე დროით საწყობში შენახვისას ტემპერატურა 12°С, ხოლო ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა 85% უნდა იყოს შენახვის ოპტიმალური პირობები: სტაფილო უნდა ინახებოდეს 0 – 1 °C ტემპერატურაზე ლპობის და ახალი ყლორტების განვითარების თავიდან ასაცილებლად.

შენახვისას აუცილებელია მაღალი ფარდობითი ტენიანობა ფოთლების ცვენის და სტაფილოს დარბილების პრევენციისთვის. შენახვის რეკომენდებული ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა არის 98 – 100%. ამ პირობებში (ტემპერატურა 0°C და ტენიანობა 98 – 100%) უფოთლო სტაფილო 7-9 თვე ინახება.

მსგავსი სიახლეები