
ალუბალი ეკუთვნის ვარდისებრთა ოჯახის Cerasus – ის გვარს. ეს გვარი მოცულობით ძალზე დიდია და მასში შემავალი სახეობების რაოდენობა 150-ს აღემატება. მათი უმრავლესობა გავრცელებულია აღმოსავლეთ აზიაში, კერძოდ ჩინეთში.
Cerasus – ის გვარში შემავალი სახეობებიდან სამეურნეო მნიშვნელობა აქვს ალუბლის რამდენიმე სახეობას, კერძოდ:
- Cerasus vulgaris – ჩვეულებრივი ალუბალი.
- Cerasus fructicola – ტრამალის ალუბალი.
- Cerasus tomentosa – ნანკინის ანუ ქეჩისებური ალუბალი.
- Cerasus bessey – ბესეია ანუ სილნარის ალუბალი.
- Cerasus mahaleb – ბალღოჯი.
აღნიშნული სახეობებიდან ბალღოჯს მხოლოდ საძირედ იყენებენ ბლის და ალუბლის კულტურული სახეობებისათვის.
აღსანიშნავია, რომ ბლები და ალუბლები ადვილად ეჯვარებიან ერთმანეთს. მიღებული ჰიბრიდები ძლიერი ზრდისაა, ხე გარეგნულად იმდენად ჰგავს ბალს, რომ ძნელია განისაზღვროს ბალია თუ ალუბალი.
ნამდვილი ალუბლები ბუჩქისებურია ან ნახევრად ხეები. ბუჩქისებური ფორმა აქვს ტრამალის ალუბალს და ყველა იმ ჯიშს, რომელთა წარმოშობაშიც მონაწილეობდა იგი. ნახევრად ხეებს მიეკუთვნებიან სამხრეთის ალუბლის ცალკეული ჯიშები და ბალ-ალუბალთა ზოგიერთი ჰიბრიდი.
დამოკიდებულება აგროკლიმატურ პირობებთან. ალუბალი კარგად ხარობს დრენაჟიან ყოველგვარ ნიადაგზე, თუკი ის გამოსადეგია ხეხილოვანი კულტურების წარმოებისათვის. ალუბლის ზოგიერთი ჯიში სხვა ხეხილთან შედარებით საკმაოდ კარგად იტანს ჩრდილს მაგრამ ხარისხიანი მოსავლის მისაღებად აუცილებელია კარგი განათება. კულტურის ყინვაგამძლეობა დამოკიდებულია კონკრეტული ჯიშის თვისებებზე. მოსვენების პერიოდში იგი უძლებს ტემპერატურის -25°С-მდე დაცემას. ნიადაგის მჟავიანობის ოპტიმალური არე (pH) ალუბლისათვის 6,0-7,0-ის ფარგლებშია, განვითარების ოპტიმალური ტემპერატურაა 15-30°C, ჰაერის ოპტიმალური ტენიანობა 60-65% -ის ხოლო ნიადაგის ოპტიმალური ტენიანობა კი 70-დან 80%-მდე.
ალუბლის ნაყოფის ქიმიური შედგენილობა. ალუბლის ნაყოფი შეიცავს 7,3-17,5% შაქარს, 0,8-2,4% მჟავას და 0,15-0,88% მთრიმლავ ნივთიერებას.
-
ხურმის საძირეები - მოკლე აღწერა 15.01.2019 2190 ნახვა
-
ლეღვის ბაღის გაშენების და მოვლის წესები 18.01.2019 5007 ნახვა
-
მევენახეობის მიკროზონები - გურჯაანი 15.01.2019 1853 ნახვა