ოხრახუში - ბოტანიკური და აგრობიოლოგიური დახასიათება
18 / 01 / 2019

ოხრახუში (ლათ. Petroselinum crispum.) ქოლგოსანთა ბოტანიკური ოჯახის წარმომადგენელი ჯვარედინად დამტვერავი ორწლოვანი მცენარეა. პირველ წელს უვითარდება ფოთლების როზეტი და ძირხვენა. მეორე წელს გამოაქვს საყვავილე ღერო და იძლევა თესლს.

ოხრახუშის თესლი წვრილია. იგი ნელა ღივდება, დათესვიდან აღმოცენებამდე ნორმალურ პირობებში საჭიროებს 15-20 დღეს. დათესვიდან 80 დღის შემდეგ უვითარდება მცირე ზომის ძირი და რამდენიმე ფოთოლი, შემდეგში მცენარის განვითარება სწრაფად მიდის. თხელი ნათესის დროს როზეტი გაბრტყელებულია და შედგება მრავალი ფოთლისაგან. ძირხვენას აქვს სქელი კანი შიგნით განვითარებული მერქნის ღერძით. კანი და მერქანი თეთრია და ერთმანეთისაგან ძნელად გასარჩევი.
ფოთლები – ძლიერ დანაკვთული.

ქიმიური შემადგენლობა. ოხრახუში შეიცავს C ვიტამინისა და კაროტინის ორი დღის ნორმას. ეს მწვანილი, აგრეთვე, მდიდარია სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის მინერალური ნივთიერებებითაც, კერძოდ, რკინით, კალიუმითა და კალციუმით.

დამოკიდებულება აგროკლიმატური პირობებისადმი

განვითარების ოპტიმალური ტემპერატურა: 180-200 C.

ჰაერის ოპტიმალური ტენიანობა: 50-55%.

ნიადაგის ოპტიმალური ტენიანობა: 65–70%.

ნიადაგის არეს ოპტიმალური რეაქცია, pH: 6,0-7,0.

გავრცელების არეალი ზღვის დონიდან: 200-500 მეტრი.

საჭირო აქტიურ ტემპერატურათა ჯამი: 1200-1500°С.

კრიტიკული ტემპერატურული მინიმუმი: -150 C.

კრიტიკული ტემპერატურული მაქსიმუმი: 350 C.

ადგილი თესლბრუნვაში. ერთსა და იმავე ბოტანიკურ ჯგუფში შემავალი მცენარეები მოყვანის ერთნაირ პირობებს მოითხოვენ, გამრავლების წესების მიხედვითაც მსგავსნი არიან, ერთი და იგივე მავნებლითა და დაავადებით ზიანდებიან. ერთი რომელიმე კულტურის ხანგრძლივად იგივე ადგილას მოყვანა იწვევს მოსავლის შემცირებას. ოხრახუში, ისევე როგორც სტაფილო, ნიახური, ქინძი, ცერეცო და კამა ქოლგოსანთა ოჯახს მიეკუთვნება. მისი თესვა რეკომენდირებულია სასუქებზე დიდი მოთხოვნილების მქონე ბოსტნეული კულტურების (კომბოსტო, კიტრი, ხახვი, ნესვი, საზამთრო, ისპანახი, სალათა და წიწმატი) მოყვანის მეორე წელს.

სახეობები. არჩევენ ოხრახუშის ჯიშების ორ ჯგუფს – ფოთლოვანსა და ძირის ფორმას. პირველი იძლევა დიდი რაოდენობის ნაზ სურნელოვან ფოთლებს და თხელ დატოტვილ, გახევებულ, საჭმელად გამოუსადეგარ ძირს. მეორე იძლევა კარგად დაუტოტავ ძირხვენას, რომელიც გამოიყენება საჭმელად ფოთლებთან ერთად.

ოხრახუშის ჯიშებიდან საქართველოში უმთავრესად გავრცელებულია: „შაქრის ჯიში“, „ჩვეულებრივი ფოთლოვანი“, „ესმერალდა“, „ასტრა“ და სხვ.

მსგავსი სიახლეები