ნიახურის მოვლა-მოყვანის აგროწესები
18 / 01 / 2019

ბოტანიკური აღწერილობა. ნიახური (ლათ. Apium graveolens.) ორწლოვანი, ჯვარედინად დამტვერავი მცენარეა. პირველ წელს უვითარდება ფოთლების როზეტი და ძირი. მეორე წელს გამოაქვს საყვავილე ღერო და იძლევა თესლს.

ნიახური მოჰყავთ ძირისა და ფოთლისათვის, რომელიც გამოიყენება, როგორც ნედლად, ისე სხვადასხვა სახის წვნიანი კერძის შესაკაზმად. იხმარება აგრეთვე მწნილების დასამზადებლად. ნიახურის სპეციფიკური სუნი გამოწვეულია მასში ნიახურის ეთერის არსებობით, რომელიც ბევრია თესლში, ნაკლებია ფოთლებში და მცირეა ძირებში.

ნიახურის თესლი წვრილია, ნელა ღივდება, დათესვიდან აღმოცენებამდე ნორმალურ პირობებში საჭიროებს 20-35 დღეს. ღივები ელიფსური, წვრილი, მოკლეყუნწიანი ლებნის ფოთოლაკებითაა.  ფოთლების შეფერვა მუქი მწვანეა. ძირხვენას ფორმა  უსწორო სფეროსებრი ან გაბრტყელებულია.

დამოკიდებულება კლიმატურ პირობებთან. გაღივებულ ნიახურს შეუძლია აიტანოს საგრძნობი ყინვები (-4°C°) ყოველგვარი დაზიანების გარეშე. მისი განვითარების ოპტიმალური ტემპერატურა არის 16+19°C. ნიახური კარგად იზრდება ტენიან ნიადაგებზე, საუკეთესოდ ითვლება  ნეშომპალით მდიდარი საბოსტნე ნაკვეთები.

გავრცელებული სახეობები. არჩევენ ნიახურის ჯიშების ორ ჯგუფს:

  • ფოთლოვანი ჯიშები.
  • ძირიანი ჯიშები.

ფოთლოვან ჯიშებს აქვთ სუსტად შეფერილი, ნაკლებ-ბოჭკოვანი და ძლიერ განვითარებული ყუნწიანი ფოთლები. ამ ჯიშებს ფესვებიც ძლიერ განვითარებული აქვს, მაგრამ ძირხვენა არ უვითარდებათ.

ძირიანი ნიახურის ჯიშების უპირატესობა იმაში მდგომარეობს რომ საჭმელად მოიხმარება არამარტო ფოთლები, არამედ ძირხვენებიც.

მოვლა-მოყვანის აგროტექნიკა - ნიადაგის მომზადება. ნიახურისათვის ნიადაგის მომზადება ჩვეულებრივია, ანუ ნიადაგი აღმოსავლეთ საქართველოში საჭიროა მოიხნას შემოდგომაზე, 25-30 სმ. სიღრმეზე. ხოლო დასავლეთ საქართველოში კი ნიადაგის მოხვნა შესაძლებელია გვიან შემოდგომაზე, ზამთარში, ან გაზაფხულზე.

გაზაფხულზევე საჭიროა მზრალის დარგვისწინა დამუშავება. ამ დროს ტარდება 2 კულტივაცია 10-12 სმ. სიღრმეზე, თანმიყოლებული დაფარცხვით.

თესვა-რგვა. ოპტიმალური ვარიანტის ნიახურის მოყვანა წინასწარ გამოყვანილი ჩითილით დარგვისას. ამისთვის თესლს თესენ ყუთებში, რომელსაც სათბურში ან კვალსათბურში ათავსებენ. დათესვიდან 60-65 დღეში ჩითილებს უკვე უვითარდებათ 4-5 ფოთოლი და ამ ფაზაში მათ გადარგავენ კვლებში 2-3 მწკრივად, მწკრივებს შორის საჭიროა 25-30 სმ. მანძილი, ხოლო მცენარეებს შორის 10-15 სმ. ჩარგვისას ფესვს წვერს აწყვეტენ და ცდილობენ ისე ჩარგონ, რომ ზრდის  წერტილს მიწა არ დაეყაროს.

რგავენ ადრე გაზაფხულზე საადრეო კომბოსტოსთან ერთად.

კულტურა მოითხოვს ხშირ რწყვას.

მოსავლის აღება. ნიახურის მოსავლის აღებას იწყებენ დარგვისას 60-70 დღის შემდეგ მწკრივში გამოთხრით.

მსგავსი სიახლეები