კომშის მონილიოზი – სიმპტომები და ბრძოლის მეთოდები
18 / 01 / 2019

გამომწვევი სოკო – Monilia fructigena Pers. და Stromatinia fructigena  Aderh.

დაავადების გამომწვევები ინახებიან დაზიანებულ მცენარეულ ნარჩენებში, მიწის ზედაპირზე. მათი გავრცელება ხდება უმთავრესად იმ მავნებელი მწერების საშუალებით, რომელთაც ახასიათებთ ნაყოფის ზედაპირის დაზიანება (ძირითადად ნაყოფჭამიებით).

დაავადების განვითარების ოპტიმალური პირობები:

  • ტემპერატურა: 5-15°C.
  • ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: 80%-ზე მეტი.

დაავადების სიმპტომები. კომშის ნაყოფების სიდამპლეს იწვევენ მსხლის და ვაშლის ნაყოფების სიდამპლის გამომწვევი ფიტოპათოგენური სოკოები და შესაბამისად, დაავადებას კომშზე ახასიათებს იგივე სიმპტომატიკა, რაც ვაშლზე და მსხალზე, კერძოდ, ავადდება ნაყოფები, რომლებიც გათუთქულს ემსგავსება, ყავისფერდება და მასზე კონცენტრულად განლაგებული მოთეთრო-ხორცისფერი მეჭეჭები ვითარდება. ზოგჯერ მთელი ნაყოფი გამოივსება მიცელიუმით, მუმიფიცირდება, გარედან შავია, კრიალა, შემდეგ იჭმუჭნება – დაავადების ამ სტადიას შავ სიდამპლეს უწოდებენ. ნაყოფების დაზიანება შესაძლებელია მოხდეს როგორც ვეგეტაციისას, ასევე მათი შენახვის პერიოდში.

სიმპტომების გამოვლენის ძირითადი პერიოდები: ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი.

ბრძოლის/პრევენციის ღონისძიებები:

  • ნაკვეთის გაწმენდა დაზიანებული მცენარეული ნარჩენებისაგან.
  • შენახვის ოპტიმალური პირობების დაცვა.

ქიმიური კონტროლი. კომშის ნაყოფების სიდამპლის წინააღმდეგ კულტურის ვეგეტაციის სხვადასხვა ეტაპებზე, შესაძლებელია ფენჰექსამიდის, კრეზოქსიმ-მეთილის და პათოგენის წინააღმდეგ ეფექტის მქონე სხვა მოქმედ ნივთიერებათა ბაზაზე წარმოებული ფუნგიციდების გამოყენება.

მსგავსი სიახლეები