მსხლის ქეცი – სიმპტომები და ბრძოლის მეთოდები
18 / 01 / 2019

გამომწვევი სოკო –  Venturia pirina Ader.

დაავადების გამომწვევი იზამთრებს დაავადებულ ფოთლებში  და ტოტებში. ვრცელდება ძირითადად ქარის, წყლის წვეთების და სხვადასხვა სახეობის მწერების საშუალებით.

დაავადების გამომწვევი ინახება ნიადაგში და მცენარეულ ნარჩენებში.

დაავადების განვითარების ოპტიმალური პირობები:  

  • ტემპერატურა: 20-25°C.
  • ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: 90%-ზე მეტი.

დაავადების სიმპტომები. როგორც აღინიშნა, მსხლის ქეცის მიერ გამოვლენილი სიმპტომები ერთმანეთს ჰგავს, თუმცა ვაშლის ქეცისაგან განსხვავებით მსხლის ქეცი უფრო ხშირად და ინტენსიურად აზიანებს კულტურის ტოტებს. ასევე მსხლის ქეცის მიერ გაჩენილი ლაქები მოწენგოსფრო – შავია, ტოტებზე თავდაპირველად ჩნდება ლაქები. დროთა განმავლობაში ლაქები ამოიბურცება და სკდება. დამსკდარ ადგილებში ფორმირდება ჯერ წენგოსფერი, შემდეგ კი შავი ხავერდოვანი ფიფქი. დაზიანების ადგილებში ჩნდება კიბოსებრი წარმონაქმნები. ძლიერი დაზიანების შემთხვევაში ტოტები დეფორმირდება და ხმება.

ფოთლებზე მუქი ფერის ლაქები ჩნდება. ლაქების ზედაპირზე შეინიშნება მუქი-წენგოსფერი, ან შავი ფერის ფიფქი. ასეთივე შავი ფერის ლაქები შესაძლოა განვითარდეს ყვავილის გვირგვინის ფურცლებზე, ხოლო ნასკვებზე კი შესაძლოა შეინიშნებოდეს შავი ფერის ფიფქი. ძლიერმა დაზიანებამ შესაძლოა გამოიწვიოს როგორც ფოთლების, ასევე ყვავილის გვირგვინის ფურცლებისა და ნასკვების დაცვენა.

ნაყოფებზე ჩნდება შავი ფიფქით დაფარული ზედაპირული ლაქები, რომლებიც შემდგომ იქერცლება, ნაყოფი კი დეფორმირდება.

აღსანიშნავია, რომ ქეცით განსაკუთრებით ძლიერ ავადდება ნაზი ჯიშები (მაგ. ზაფხულის გულაბები).

სიმპტომების გამოვლენის ძირითადი პერიოდები: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა.

ბრძოლის/პრევენციის ღონისძიებები:

  • შემოდგომის პერიოდში მცენარეული ნარჩენების სისტემატური მოგროვება და გატანა ფართობიდან.
  • ნიადაგის და მცენარეთა მოვლითი ღონისძიებების (სარეველებისაგან გაწმენდა, გასხვლა) დროული და ხარისხიანი განხორციელება.
  • კულტურის დაავადებული ნაწილების მოცილება და განადგურება (დაწვა).
  • დაავადებისადმი გამძლე სანერგე მასალის გამოყენება.

ქიმიური კონტროლი. მსხლის ქეცის  წინააღმდეგ კულტურის ვეგეტაციის განსაზღვრულ ეტაპებზე, შესაძლებელია გამოყენებული იქნას კაპტანის, მანკოცების, პროპინების, ტრიფლოქსისტრობინის, დიფენოკონაზოლის, დითიანონის და პათოგენის წინააღმდეგ ეფექტის მქონე სხვა მოქმედ ნივთიერებათა ბაზაზე წარმოებული ფუნგიციდები.

მსგავსი სიახლეები