წიწაკის ალტერნარიოზი – სიმპტომები და ბრძოლის მეთოდები
18 / 01 / 2019

გამომწვევი სოკო – Alternaria solani Sor.

დაავადება ჩნდება ვეგეტაციის მეორე ნახევარში. იგი ინახება მცენარეული ნარჩენებში სადაც სოკო ვითარდება საპროტროფულად და დაზიანებულ თესლებში, მიცელიუმის სახით.

დაავადების სიმპტომები – დაავადება შეინიშნება ფოთლის ფირფიტებსა და ნაყოფებზე. დაზიანებულ ფოთლებზე ვითარდება მცირე ზომის მუქი-ნაცრისფერი ლაქები, რომლებიც დაავადების განვითარების შემდეგ ზომაში იზრდებიან და ხდება მათი შეერთება. ყალიბდება ნეკროზული უბნები, რის შედეგადაც ხდება ფოთლების ჭკნობა და დაღუპვა.

ნაყოფებზე პირველი სიმპტომებია წყლით გაჟღენთილი ლაქების ჩამოყალიბება. დაავადების შემდგომი განვითარების შედეგად დაზიანებული უბნები იფარება ნათელი ფერის სოკოს მიცელიუმებით, რომლებიც დროთა განმავლობაში ხდებიან მუქი წენგოსფერი შეფერილობის. ჰაერის მაღალი ტენიანობის პირობებში მიცელიუმები სწრაფად ვრცელდებიან ნაყოფის ზედაპირზე და ქმნიან მომრგვალო კონფიგურაციის ფორმის დაზიანებულ უბნებს. დროთა განმავლობაში ხდება დაზიანებული ნაყოფების მუმიფიკაცია – მუქი-წენგოსფერი ნადებით მათი დაფარვა.

უნდა აღინიშნოს რომ დაავადების ნაყოფის ზედაპირზე უმნიშვნელო გამოვლენის გამოვლენის შემთხვევაშიც კი, პათოგენი აღწევს ნაყოფში, სადაც ვითარდება და აზიანებს თესლს.
გარდა ნაყოფებსა და ფოთლებზე განვითარებისა, პათოგენს გააჩნია განვითარების უნარი მოსავლის აღებისშემდგომ პერიოდშიც.

დაავადების გამომწვევი ვეგეტაციის პერიოდში დაავადებულიდან საღ მცენარეებზე კონიდიების საშუალებით ვრცელდება.

ბრძოლის ღონისძიებები:  

  • ნაკვეთის გაწმენდა მცენარეული ნარჩენებისაგან.
  • სათბურების შემთხვევაში საჭიროა გრუნტის თერმული ან ქიმიური დეზინფექცია.
  • ნიადაგის ბალანსირებული განოყიერება მინერალური სასუქებით.
  • კულტურის წარმოებისათვის საჭირო აგროტექნიკური ღონისძიებების დროული განხორციელება.
  • დაზიანებული მცენარეების და ნაყოფების მოცილება ვეგეტაციისა და მოსავლის დახარისხების პერიოდებში.
მსგავსი სიახლეები