პომიდორის დაავადებები - ვერტიცელიოზური ჭკნობა
18 / 01 / 2019

გამომწვევი – Verticillium dahliae

დაავადების სიმპტომები – ხშირად დაავადების თვალსაჩინო სიმპტომები არ შეინიშნება მანამ, სანამ მცენარე არ გაიზრდება ან ცხელი ამინდები არ დადგება. სოკო მცენარეში ბლოკავს წყლისა და საკვები მინერალების მოძრაობას. მცენარის ჭკნობა იწყება ქვედა იარუსის ფოთლებიდან, სადაც ყალიბდება მსხვილი ყვითელი ლაქები, რომლებიც დროთა განმავლობაში იწვევს ფოთლის სრულ გაყვითლებას და ხმობას.
დაზიანებული მცენარე, როგორც წესი, სეზონის განმავლობაში ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას, მაგრამ განუვითარებელია.

ნაყოფი იფერება დროულად, მაგრამ რჩება პატარა და განუვითარებელი.

ღეროს გადანაჭერის გამტარ ჭურჭლებზე შესაძლებელია ყავისფერი ზოლების დანახვა. მიუხედავად იმისა, რომ დაავადების სიმპტომები მაღალ ტემპერატურაზე სუსტდება, თვალსაჩინო სიმპტომები შესაძლოა უფრო ინტენსიურად აღინიშნებოდეს მაღალი ტემპერატურის პირობებში იქიდან გამომდინარე, რომ დაავადებისას წყლის მოძრაობა მცენარეში ფერხდება გამტარი ჭურჭლების ადრეული ზრდის პერიოდში დაზიანების შედეგად.

ბრძოლის ღონისძიებები:

  • კულტურათა მონაცვლეობა (ფართობზე ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წარმომადგენლები არ უნდა იწარმოებოდეს მინიმუმ 4-6 წლის განმავლობაში).
  • დაავადებული მცენარეული ნარჩენების მოცილება ნაკვეთებიდან და მათი განადგურება.
  • შესაბამისი წამლობების დროული და ხარისხიანი განხორციელება.
  • მორწყვის სწორი რეჟიმი.
მსგავსი სიახლეები