წიწაკის ანთრაქნოზი – სიმპტომები და ბრძოლის მეთოდები
18 / 01 / 2019

გამომწვევი –  Colletotrichum capsisi.

დაზიანების მასშტაბებისა და კულტურის რაოდენობრივ-ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუარესების მიხედვით, ანთრაქნოზი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო დაავადებად. პათოგენი მცენარეულ ნარჩენებსა და თესლებში იზამთრებს. იგი ვრცელდება სპორებით, ქარის, წყლის, ცხოველების, სასოფლო-სამეურნეო ინვენტარისა და სხვა. პათოგენის განვითარებას ხელს უწყობს ჰაერის მაღალი, 90%-ზე მეტი ფარდობითი ტენიანობა და 28ºC-ზე მაღალი ტემპერატურა.

ანთრაქნოზი შესაძლებელია გაჩნდეს როგორც წიწაკის ნაყოფების სიმწიფის დასაწყისში (უმეტესად გრუნტში) ასევე მოსავლის შენახვა-ტრანსპორტირების პერიოდში.

დაავადების სიმპტომები – ნაყოფზე ვითარდება მრგვალი ან კუთხოვანი ფორმის ჩაზნექილი დაზიანებები. ხშირად ერთ ნაყოფზე ჩნდება რამდენიმე დაზიანება. როდესაც დაავადება მწვავდება, დაზიანებული უბნები შესაძლოა შეერწყას ერთმანეთს. დაზიანებული უბნების ზედაპირზე ხშირად წარმოიქმნება სოკოს სპორების ვარდისფერი ან ნარინჯისფერი რგოლები.

უფრო ძველ დაზიანებებზე შესაძლოა გამოჩნდეს შავი სოკოვანი ნაყოფსხეულები. გამადიდებელი შუშით დაკვირვებისას ისინი მცირე ზომის შავ წერტილებია, ხოლო მიკროსკოპით დაკვირვების შემთხვევაში აღნიშნულ სტრუქტურებს შავი წვრილი თმის ღერის ფორმა აქვს. პათოგენი სწრაფად წარმოშობს სპორებს და შეუძლია სწრაფად გავრცელდეს წიწაკის ნათესებზე, რაც იწვევს მოსავლის 100%-მდე დაკარგვას.
დაზიანებები შესაძლოა ასევე გაჩნდეს ღეროებსა და ფოთლებზე არასწორი ფორმის ყავისფერი ლაქების სახით, რომლებსაც მუქი ყავისფერი კიდეები აქვს.

ბრძოლის მექანიკური და აგროტექნიკური ღონისძიებები:

  • მცენარეული ნარჩენების მოცილება და განადგურება.
  • საღი სათესლე მასალის გამოყენება.
  • მოსავლის დროული აღება, სასურველია მშრალ ამინდში.
  • წიწაკის შენახვა საჭიროა 3-4ºC ტემპერატურაზე და 90%-ზე მეტი ტენიანობის პირობებში.

ბრძოლის ქიმიური მეთოდი. წიწაკის ანთრაქნოზის წინააღმდეგ გამოიყენება სპილენძის ჰიდროქსიდის,მეტალაქსილი+მანკოცების პროპიკონაზოლის და სხვა მოქმედ ნივთიერებათა ბაზაზე დამზადებული ფუნგიციდები.

მსგავსი სიახლეები