კარტოფილი – კარტოფილის მოვლა-მოყვანის აგროწესები
18 / 01 / 2019

ნიადაგის დამუშავებაკარტოფილის დასარგავად  იდეალურია ნიადაგი, რომელიც გაზაფხულზე ადრე და კარგად თბება, კარგად ატარებს ჰაერსა და წყალს, აქვს ფხვიერი სტრუქტურა და მდიდარია საკვებით.

დასარგავად განკუთვნილი ნიადაგი აღმოსავლეთ საქართველოში საჭიროა მოიხნას შემოდგომაზე, 25-30 სმ. სიღრმეზე. ხოლო დასავლეთ საქართველოში კი მოხვნა შესაძლებელია გვიან შემოდგომაზე, ზამთარში, ან გაზაფხულზე.

გაზაფხულზე ხდება მზრალის თესვისწინა დამუშავება. დათესვამდე ტარდება 2 კულტივაცია 10-12 სმ სიღრმეზე, თანმიყოლებული დაფარცხვით.

კარგად გაფხვიერების მიზნით შესაძლებელია ნიადაგს დასჭირდეს დაფრეზვა.

სარგავი მასალის მომზადება-იაროვიზაცია. კარტოფილის სარგავი მასალის იაროვიზაცია საკმაოდ მარტივი ოპერაციაა და არ მოითხოვს განსაკუთრებულ ტექნიკურ აღჭურვილობას, ან პირობებს. იაროვიზაციისათვის განკუთვნილი სათავსო უნდა იყოს ნათელი. კარგია ისეთი შენობა, რომელსაც ბევრი ფანჯარა აქვს, განსაკუთრებით სამხრეთის მხრიდან. შენობაში ტემპერატურა უნდა იყოს 12-150C-მდე. ასეთ გარემოში იაროვიზაცია შესაძლებელია ჩატარდეს იატაკზე ან სხვადასხვა ფორმის ყუთებსა და თაროებზე.

ერთი ტონა კარტოფილის სარგავი მასალის იაროვიზაციისათვის, თუ ეს პროცესი იატაკზე წარმოებს, საჭიროა 35-50 მ² ფართობი.

თაროებზე კარტოფილის ტუბერების იაროვიზაციის შემთხვევაში, თაროებს აკეთებენ ვიწრო თავით სინათლისკენ, თაროებს აწყობენ იარუსებად, სიგანით ერთი მეტრი და სიგრძით შენიბის სიგრძის მიხედვით. თაროებს შორის ვერტიკალური მანძილი უნდა იყოს 50 სმ, ხოლო მათ შორის გასავლელი 60 სმ.

გაზაფხულზე დასარგავი კარტოფილის იაროვიზაციას იწყებენ 30-40 დღით ადრე, კარტოფილის დარგვის ჩვეულებრივ ვადამდე. იაროვიზაციისათვის განკუთვნილ კარტოფილს გადაარჩევენ, მოაცილებენ სარგავად უვარგის ტუბერებს და გადარჩეულ სარგავ მასალას ათავსებენ წინასწარ მომზადებული სათავსოს იატაკზე, ან თაროებზე. იაროვიზაციის პროცესში საჭიროა კარტოფილის ტუბერების სისტემატური გადაბრუნება გადაბრუნება საჭიროა ჩატარდეს 5-10 დღეში ერთხელ. იმ შემთხვევაში თუ ტემპერატურა მოიმატებს და გადააჭარბებს 15⁰C-ს, საჭიროა შენობის განიავება. ტემპერატურის გასაკონტროლებლად შესაძლებელია გამოყენებული იქნას ჩვეულებრივი თერმომეტრი.

იაროვიზაცია დასრულებულად ითვლება როგორც კი ტუბერებზე გაჩნდება მოკლე და მძლავრი ღივები ფესვების ბურთულებით. ამისათვის საჭიროა 30-40 დღე. იაროვიზირებული კარტოფილი ირგვება კარტოფილის დარგვის ჩვეულებრივი ვადების დაცვით.

თუკი იაროვიზაცია დასრულებულია და დარგვის დაწყება რაღაც მიზეზის გამო შეუძლებელია, იაროვიზირებულ სარგავ მასალას ტოვებენ იმავე შენობაში და ამცირებენ შენობაში არსებულ ტემპერატურას, განიავების საშუალებით, რათა შენელდეს იაროვიზაციის პროცესი.

დარგვის წესები და ნორმებიკარტოფილი ხელით, ან სპეციალური დასარგავი მანქანით ირგვება. გავრცელებულია მწკრივად დარგვა: 70-75 სმ. მწკრივებს და 25-35 სმ ტუბერებს შორის დაშორებით. მცირე ფართობებზე მიღებულია ბუდობრივი რგვა, 50-50 სმ-ის დაშორებით რიგებს და მცენარეებს შორის. დარგვის სიღრმე მშრალ მსუბუქ ნიადაგებზე 12-14 სმ-ია, ხოლო ტენიან და შედარებით მძიმე ნიადაგებზე  – 10-12 სმ.

ერთ ჰა-ზე საშუალოდ საჭიროა 2,5-3,5 ტონა ტუბერი, თითოეული ტუბერის ოპტიმალური მასა 50-70 გრამია. 50 გრ-ზე უფრო მცირე ტუბერების დარგვა არ არის მიზანშეწონილი, ხოლო 70 გრ-ზე მეტი მასის ტუბერები შესაძლოა გაიჭრას. ტუბერები აუცილებლად სიგრძეზე უნდა გაიჭრას,რათა ორივე ნაჭერზე მოხვდეს კვირტების თანაბარი ოდენობა.

მორწყვა. კარტოფილის მორწყვის ჯერადობა და ნორმები დამოკიდებულია ნიადაგის ტენიანობის მაჩვენებელსა და მცენარის განვითარების ცალკეულ ფაზებზე. ზოგადად, ვეგეტაციის განმავლობაში კარტოფილი 3-5-ჯერ უნდა მოირწყას. თითოეული მორწყვის საორიენტაციო ნორმა ერთ ჰა-ზე არის 700-800 კუბ./მ.

მორწყვა შესაძლებელია როგორც კვალში მიშვებით, ასევე მორწყვის წვეთოვანი სისტემის გამოყენებით.

ნიადაგის განოყიერება. კარტოფილის ნაკვეთში შესატანი მინერალური ელემენტების ზუსტი დოზების დადგენა საჭიროა ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის შედეგების მიხედვით.

საორიენტაციოდ, 1ჰა-ზე 40 ტონა მოსავლის მისაღებად საჭიროა ნაკვეთში შეტანილი იქნას:

  • აზოტი N – 192 კგ. (სუფთა ნივთიერება).
  • ფოსფორი P  – 180 კგ.(სუფთა ნივთიერება).
  • კალიუმი K – 404 კგ. (სუფთა ნივთიერება).

მინერალური სასუქების შეტანის ოპტიმალური პერიოდები:

  • აზოტი — ვეგეტაციის პერიოდში რამდენიმეჯერ შეტანა, გამოკვების სახით;
  • ფოსფორი P — 2/3 მზრალად მოხვნის წინ, დანარჩენი გამოკვების სახით, ვეგეტაციისას.
  • კალიუმი K — 2/3 მზრალად მოხვნის წინ, დანარჩენი გამოკვების სახით, ვეგეტაციისას.

მზრალად მოხვნის წინ 1 ჰა-ზე 30 ტონა გადამწვარი ნაკელის შეტანის შემთხვევაში საჭიროა: აზოტი 42კგ, ფოსფორი 65კგ, კალიუმი 224 კგ. (სუფთა ნივთიერებები).

ნათესის მოვლაკარტოფილის ნაკვეთში კულტურის ვეგეტაციის განმავლობაში აუცილებელია ნიადაგის მუდამ ფხვიერი და სარეველებისაგან სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნება. ამ მიზნით კარტოფილი აღმოცენების შემდეგ იფარცხება მწკრივების გარდიგარდმო, შემდეგ მწკრივთშორისები ფხვიერდება კულტივატორებით, ხოლო მიწის შემოყრა წარმოებს მიწის შემომყრელი მანქანებით.

კარტოფილისდამარხვა“. კარტოფილის ნათესის მოვლის მნიშვნელოვანი ღონისძიებაა მიწის შემოყრა, ე.წ. „დამარხვა“ როდესაც მცენარე 15-20 სმ სიმაღლეს მიაღწევს. ეს ღონისძიება უმჯობესია ჩატარდეს ყვავილობამდე და იგი უზრუნველყოფს მეტი რაოდენობით და უკეთესი ხარისხის ტუბერების განვითარებას.

გარდა ამისა, აუცილებელია კარტოფილის მავნებელ-დაავადებების და სარეველების წინააღმდეგ წამლობების დროული და ხარისხიანი განხორციელება.

მოსავლის აღება-შენახვა. კარტოფილის მოსავლის აღება ტუბერების შემოსვლის მიხედვით ხდება. კარტოფილის ტუბერი ასაღებად მზადაა, როცა მას კანი კარგად აქვს გამგრებული და ხელით ადვილად არ სცილდება. აღება უმჯობესია დაწყებული იქნას მწვანე მასის შეხმობიდან 3-5 დღის შემდეგ. ზოგჯერ კარტოფილის ფოთლები გვანობამდე მწვანედ რჩება. ამ შემთხვევაში მიმართავენ გადათიბვას.
ახლად აღებული ტუბერები მზეზე გაშრობის, გადარჩევა-დახარისხების შემდეგ საცავში შეინახება შენახვის ოპტიმალური პირობებია; ტემპერატურა 2-60C, ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა კი 85-90%-ის ფარგლებში.

მსგავსი სიახლეები