სატაცური – თესვა, ჩითილის გამოყვანა, მოვლის წესები
18 / 01 / 2019

ჩითილის გამოზრდა. სატაცური ძირითადად ჩითილების გადარგვით მოიყვანება. ჩითილების მისაღებად თესლს ზრდიან ღია საჩითილეებში. იმისათვის რომ თესლი უკეთ აღმოცენდეს, საჭიროა დათესვამდე, მისი 25-30°С-მდე შემთბარ თბილ წყალში დალბობა 5-6 საათის განმავლობაში. რის შემდეგაც მას იღებენ წყლიდან და 5-6 დღე აჩერებენ სველ-ტენიან გარემოში. ამის შემდეგ საჭიროა თესლის შეშრობა და ამ სახით მომზადებული სათესლე მასალა მზადაა დასათესად.

საჩითილეში თესლი ხელით ითესება, რიგებად 25X10 სმ. კვების არეზე (ანუ რიგებს შორის 25 სმ-ის, ხოლო რიგში მცენარეებს შორის 10 სმ-ის დაცილებით).

ჩითილების შემდგომი მოვლა გულისხმობს: გამარგვლას, მორწყვას, ნიადაგის გაფხვიერებას და გამოკვებას. შემოდგომაზე ყლორტები 3-4 სმ-ის სიმაღლეზე უნდა გადაიჭრას. ჩითილის გადარგვა მოხდება მეორე წლის გაზაფხულზე.

ნიადაგის მომზადება-განოყიერება. სარეველებისა და ანარჩენებისაგან წინასწარ გასუფთავებული ნიადაგი შემოდგომაზე იხვნება 30-40 სმ. სიღრმეზე. მოხვნის წინ საჭიროა ორგანული სასუქების შეტანა, გადამწვარი ნაკელის სახით, 80-100 ტ/ჰა-ზე. გაზაფხულზე უნდა განხორციელდეს მზრალის გადარგვისწინა დამუშავება და ჩატარდეს 2 კულტივაცია 10-12 სმ. სიღრმეზე, თანმიყოლებული დაფარცხვით. კარგად გაფხვიერების მიზნით შესაძლებელია ნიადაგს დაფრეზვა დასჭირდეს.

სატაცურის მოსავლიანობას მნიშვნელოვნად ზრდის ნიადაგის განოყიერება მინერალური სასუქებით: 8-10 წლის ასაკის პლანტაციაში 1 მ2 ფართობიდან 8 კგ მოსავლის მისაღებად წვეთოვანი მორწყვით და შეთვისების კოეფიციენტის გათვალისწინებით, საჭიროა ნიადაგში შეტანილი იქნას აზოტი 105,6 გრმ²-ზე, ფოსფორი 40მ²-ზე, კალიუმი 109,2მ²-ზე (სუფთა ნივთიერებები). მზრალად მოხვნის წინ, 1 ჰა-ზე 100 ტონა გადამწვარი ნაკელის შეტანის შემთხვევაში კი საჭიროა: აზოტი 556კგ, ფოსფორი 150კგ, კალიუმი 496 კგ. (სუფთა ნივთიერებები). კონკრეტული ნაკვეთისათვის სასუქების ზუსტი დოზების დადგენა უნდა განხორციელდეს ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის საფუძველზე.

ჩითილის დარგვა და მოვლა - I წლის ღონისძიებებისატაცურის ჩითილები ირგვება გაზაფხულზე. გადარგვამდე ნიადაგი კარგად უნდა მოსწორდეს და ერთმანეთისაგან 1,5 მ. დაშორებით გაიჭრას 35 სმ. სიგანის 30-35 სმ. სიღრმის თხრილები. თხრილში ჩაიყრება 15 სმ. სისქის გადამწვარი ნაკელი და 10-12 სმ. სიღრმეზე ჩაკეთდება. ჩითილები თხრილებში ირგვება ერთმანეთისგან 40 სმ-ის დაშორებით. ჩითილი 5-7 სმ-ით უფრო ღრმად უნდა დაირგოს ვიდრე იგი საჩითილეში იზრდებოდა. თუ ნიადაგი მშრალია, ჩითილი დარგვისთანავე უნდა მოირწყას. გადარგვის შემდეგ მთელი სეზონის განმავლობაში საჭიროა ჩითილების რეგულარული მორწყვა, სარეველების მოცილება და თხრილებში ნიადაგის პერიოდული გაფხვიერება.
შემოდგომის პერიოდში მცენარეები უნდა გადაიჭრას ფესვის ყელიდან 5-6 სმ-ის სიმაღლეზე, ხოლო თხრილში კი კვლავ მიწა უნდა ჩაემატოს. მიწის ჩამატება უნდა მოხდეს ისე, რომ თხრილი მთად არ ამოივსოს – მიწის ზედაპირამდე 8-10 სმ. უნდა დარჩეს.

II წლის ღონისძიებები.მეორე წლის გაზაფხულიდანვე ტარდება მთლიანი კულტივაცია. ხოლო შემდგომი მოვლის ღონისძიებები კი იგივეა რაც პირველ წელს. შემოდგომაზე ღეროები ისევ უნდა გადაიჭრას და თხრილი კი ამჯერად პირამდე უნდა ამოივსოს მიწით.

მოსავლის აღება. სატაცურის მოსავლის აღება იწყება დარგვიდან მესამე წელს. საშუალოდ ერთი მცენარე 50-60 გრამიან 10-15, ზოგჯერ კი 20-30 ყლორტს იძლევა. იკრიფება 20-25 სმ-იანი სატაცურის ყლორტები. მოსავლის აღების პერიოდი 40-45 დღე გრძელდება.

მოკრეფა საჭიროა განხორციელდეს მხოლოდ დილის, ან საღამოს საათებში. ყლორტები 15-25 ცალიან კონებად იკვრება და დანიშნულების ადგილზე იგზავნება.

პირველი მოსავლის აღებიდან შემდგომი 3-4 წლის განმავლობაში სატაცურის მოსავალი ყოველწლიურად მოიმატებს და დაახლოებით 8-12 წლის განმავლობაში იგი სტაბილურად მოსავლიანი იქნება. შემდეგ კი დაიწყება მოსავლიანობის თანდათანობითი კლება, რადგან ყლორტები და ღეროები წვრილდება და მოსავალიც ნელნელა იკლებს. თუმცა როგორც ზემოთ აღინიშნა, კარგი მოვლის პირობებში სატაცურის პლანტაცია 15-20 წლის განმავლობაში მოგვცემს მოსავალს.

მსგავსი სიახლეები