სატაცური - ბოტანიკური და აგრობიოლოგიური დახასიათება
18 / 01 / 2019

წარმოშობა და დახასიათება. სატაცური (ლათ. Asparagus oficinalis L.) მრავალწლიანი მცენარეა, ეკუთვნის შროშანისებრთა ოჯახს. მისი ფოთლები ითვლებიან ცრუფოთლებად და წარმოადგენენ ნემსისმაგვარ ძლიერ პატარა თხელ ტოტებს, რომლებიც შეკრებილია კონებად, 6-9 ცალის რაოდენობით.
ღერო მაღალია (1 მეტრზე მეტი), სწორმდგომი და დატოტვილი.

ყვავილები წვრილია მომწვანო-თეთრი ფერის, იზრდებიან მარტოულად ან წყვილ-წყვილად.
ნაყოფი მომწიფების შემდეგ წითელია, მრგბალი ფორმის, სიდიდით მინდვრის ბარდისოდენა. იგი სამი კამერისაგან შედგება, რომელთაგან თითოეულში 1-2 ცალი თესლია.

სატაცურის თესლი შავია, სფეროსებრი, შედარებით მსხვილი. მას მაგარი კანი აქვს, რის გამოც ნელა ღივდება და 10-12 დღის შემდეგ ამოდის. მისი გაღივებისათვის 20-25°С-ია საჭირო.
სატაცურს ძლიერ ფესვთა სისტემა აქვს, ის ღრმად ვრცელდება ნიადაგში – საშუალოდ 135 სმ-მდე. მისი ცალკეული ფესვები კი 2,5-3,0 მეტრამდეც ჩადიან ნიადაგში. თუმცა ფესვთა მთავარი მასა მაინც ნიადაგის ზედა ფენაში, 30 სმ-ის სიღრმემდე ვრცელდება.

ძლიერი ფესვთა სისტემის წყალობით სატაცური საკმაოდ გვალვაამტანი მცენარეა, თუმცა მისი ხარისხიანი მოსავლის მისაღებად აუცილებელია ტენით უზრუნველყოფა. ნიადაგის ტენიანობის ოპტიმალური მაჩვენებელი სატაცურისათვის 70-75%-ის ფარგლებშია, ნიადაგის მჟავიანობის არეს ოპტიმალური მაჩვენებელი pH შეადგენს 6,5-7,5-ს. სატაცურისთვის კრიტიკული ტემპერატურული მინიმუმი არის 10-12°С, ხოლო კრიტიკული ტემპერატურული მაქსიმუმი კი 26-28°С.

სატაცური მაღალი კვებითი ღირებულების მქონე ბოსტნეულია. საკვებად გამოიყენება მისი ახალგაზრდა ყლორტები. ამჟამად სატაცური ნაკლებად იწარმოება ფერმერულ მეურნეობებში. ამავე დროს, აღსანიშნავია რომ სხვა ბოსტნეულთან შედარებით სატაცური საკმაოდ ძვირია – ერთი კილოგრამის ფასი 20-დან 25 ლარამდეა. აქედან გამომდინარე, მისი წარმოების დაწყება შესაძლოა მომგებიანი აღმოჩნდეს ფერმერისათვის, თუ იმ ფაქტსაც გავითვალისწინებთ, რომ სატაცურის მოვლა-მოყვანა არ მოითხოვს განსაკუთრებულ ტექნიკურ აღჭურვილობას და იგი ნაკლებად ზიანდება სხვადასხვა სახის მავნებელ-დაავადებებისაგან.

სატაცურის პლანტაციის გაშენება დროს მოითხოვს. მოსავლის აღება შესაძლებელია გაშენებიდან მხოლოდ 3 წლის შემდეგ. სამაგიეროდ, ერთხელ გაშენებული პლანტაცია კარგი მოვლის შემთხვევაში 15-20 წლის განმავლობაში მოგვცემს ხარისხიან მოსავალს.

დამოკიდებულება აგროკლიმატური პირობებისადმი. სატაცურის ზრდა-განვითარებისათვის ოპტიმალური ტემპერატურა არის 12 – 26°С. მისი თესლის გაღივებიის პროცესი ყველაზე სწრაფად 25°С-ის პირობებში მიმდინარეობს. მისი ყლორტები ზრდას იწყებენ 12-15°С-ის პირობებში. იგი ყინვაგამძლე მცენარეა – უძლებს ტემპერატურის დაცემას -10°С-მდე. შედარებით ნაკლები გამძლეობით ხასიათდება გაზაფხულის წაყინვებისადმი.

ჰაერის ოპტიმალური ტენიანობა სატაცურის ზრდა-განვითარებისათვის არის 60-65%, ხოლო ნიადაგის ოპტიმალური ტენიანობა კი – 70-75%.

სატაცურისათვის საუკეთესოა ქვიშნარები და მსუბუქი ნიადაგები, ან ნიადაგი რომელიც კარგად ატარებს ჰაერს და წყალს, აქვს კარგი სტრუქტურა და მდიდარია საკვები ელემენტებით. ნიადაგის არეს ოპტიმალური რეაქცია (pH) კი სატაცურისათვის იდეალურია 6,5-7,5-ის ფარგლებში.

მსგავსი სიახლეები