კომბოსტოს ლორწოვანი ბაქტერიოზი, ანუ სველი სიდამპლე
18 / 01 / 2019

გამომწვევი – დაავადების გამომწვევებია სხვადასხვა სახეობის ბაქტერიები: Erwvinia carotovora Holl.(jon.), Erwvinia aroideae (Town) Holl., Pseudomonas Sp.

სველი სიდამპლის გავრცელებისათვის ხელსაყრელ პირობებს წარმოადგენს თბილი ამინდები (20-25ºC) da ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა 50%ის ფარგლებში. დაავადება ადვილად ხვდება მცენარეში სხვადასხვა მავნებლების (კომბოსტოს ბუზი, კომბოსტოს ბაღლინჯოები და სხვ.) და პათოგენების მიერ მიყენებული დაზიანებების მეშვეობით. ინფექციის წყაროს ძირითადად წარმოადგენს მცენარეული ნარჩენები.

დაავადების სიმპტომები – დაავადების პირველი სიმპტომები მცენარეზე შესაძლოა დაფიქსირდეს ლებანფოთლის ფაზაში. ამ დროს ლებანფოთლებზე ჩნდება ზეთოვანი ლაქები, რის შედეგადაც ხდება მცენარის განვითარების შეფერხება ან მისი დაღუპვა. დაავადების მასობრივი გავრცელება ხდება ვეგეტაციის მეორე ნახევარში. ამ დროს დაავადებული კომბოსტოს თავების გარე ფურცლები მუქდება, ტენიან ამინდებში ხდება ლორწოვანი და ლპება. დროთა განმავლობაში დაავადება მთლიანად ვრცელდება კომბოსტოს თავზე, რომელიც სრულად ლპება და სცილდება ღეროს. ამ პროცესს თან ახლავს უსიამოვნო სუნი. აღსანიშნავია რომ თუ კომბოსტოს თავის ზედა ფურცლები დაზიანებულია დაავადებით და ამ პერიოდს მშრალი ამინდები დაემთხვა, ამ შემთხვევაში დაზიანებული უბნები ხმება, თხელდება და ხდება გამჭირვალე. ასეთ დროს დაავადების გავრცელება კომბოსტოს თავზე შესაძლებელია იქნას ლოკალიზებული. ხანდახან დაავადების განვითარება იწყება კომბოსტოს მურკიდან, ამ დროს ის რბილდება, წყდება კომბოსტოს თავის ფორმირების პროცესი და ხდება თავების დაცვენა.
კომბოსტო, რომელიც დაავადებულია, მაგრამ დათვალიერებისას არ აღენიშნება სიმპტომები, შენახვისას თუ ტემპერატურა საწყობში იქნება 3-4ºC-ზე მეტი, იწყებს ლპობას. დაავადება ადვილად გადადის დაავადებული კომბოსტოდან საღ კომბოსტოზე და მასაც აავადებს.

ბრძოლის ღონისძიებები:

  • წარმოების სწორი აგროტექნიკა.
  • კულტურათა მონაცვლეობის დაცვა; (ოპტიმალურ ვარიანტს წარმოადგენს კომბოსტოს წარმოება ჭარხლის და პარკოსნების შემდგომ).
  • შესაბამისი ქიმიური წამლობების დროული და ხარისხიანი განხორციელება მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ. (განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომბოსტოს ბუზის წინააღმდეგ ბრძოლა).
  • შენახვისას ტემპერატურა უნდა იყოს 0ºC -თან მიახლოებული (საწყობში დაავადების განვითარება იწყება 40ºC – ზე მაღალი ტემპერატურის არსებობისას).
  • მცენარეული ნარჩენების, ასევე დაავადებული მცენარეებისა და თავების მოცილება და განადგურება.
  • მცენარის ნორმალური კვება (აზოტის ნაკლებობა იწვევს მცენარის დასუსტებას, რის შემდეგაც მასზე ადვილად ვრცელდება დაავადება).
მსგავსი სიახლეები