
ნიადაგის და ნაკვეთის შერჩევა. ფორთოხლისათვის გამოსადეგია სამხრეთ–დასავლეთის ფერდობები, განლაგებული უშუალოდ სანაპიროს სიახლოვეს არა უმეტეს 150-350 მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან და ზღვისგან 35-40 კმ–ის დაშორებით. გამოუსადეგარია მდინარეთა დახურული ხეობები და ვაკე ადგილები, რომლებიც არ არიან უზრუნველყოფილი საჰაერო დრენაჟით. ნიადაგებიდან საუკეთესოა ჰუმუსით მდიდარი წითელმიწები, ნეშომპალა–კარბონატული, ყვითელმიწები და მათი სუსტად გაეწრებული სახესხვაობები. მელიორაციისა და გაკულტურების შემდეგ შესაძლოა ალუვიური ნიადაგების გამოყენება პლანტაციის გასშენებლად.
ტერიტორიის ორგანიზაციისათვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს რელიეფს. არჩევენ ვაკე და მცირე დაქანების (0-5°), საშუალო დაქანების (5-20°) ფერდობებს და ძლიერ დაქანებულ ფერდობებს, რომელთა კუთხეც 20-30 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს.
ფორთოხლის წარმოებისათვის საჭირო მჟავიანობის არე pH 5,5-დან 6,0-მდეა.
იმ შემთხვევაში, თუ ფორთოხლის გასაშენებლად შერჩეულ ფართობზე ნიადაგის არეს რეაქცია აღნიშნულ პარამეტრებზე მეტი ან ნაკლებია ანუ ნიადაგის ფორთოხლის წარმოებისათვის შეუთავსებლად მჟავე, ან პირიქით ტუტე რეაქციისაა, ამ დროს კულტურის გაშენებამდე საჭირო იქნება ნიადაგის მჟავიანობის არეს ხელოვნური რეგულირება შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით.
ფიზიოლოგიურად მჟავე ნიადაგებზე pH-ის რეგულირების მიზნით გამოიყენება ნიადაგის მოკირიანება, ხოლო ტუტე რეაქციის არეს მქონე ნიადაგებზე კი პH რეგულირდება მოთაბაშირების საშუალებით.
მოკირიანების ან მოთაბაშირების აუცილებლობის დადგენა და ზუსტი დოზების იდენტიფიცირება საჭიროა განხორციელდეს შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზის შედეგად, შერჩეული მელიორანტის სახეობის, ფომის და აგრეთვე, მისი ქიმიური და მექანიკური შემადგენლობის გათვალისწინებით.
ნიადაგის მომზადება პლანტაციის გასაშენებლად. ფორთოხლის გასაშენებლად ნიადაგი მზადდება დარგვამდე ერთი-ორი წლით ადრე.
შერჩეული ნაკვეთები უნდა განთავისუფლდეს ტყის და ბუჩქებისაგან, მათი ფესვები ამოიძირკვოს და ნაკვეთის ზედაპირი მოსწორდეს. შემდეგ საჭიროა ჩატარდეს ნიადაგის პლანტაჟი, ან მოხვნა. ნიადაგის დამუშავებისას უნდა შეტანილი იქნას ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქები, რომელთა ზუსტი დოზების განსაზღვრა ხდება ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის საფუძველზე.
15-30°-მდე დაქანებულ ფერდობებზე ეწყობა ტერასები. ტერასების მოწყობა აუცილებელია ჰორიზონტალების გამოყოფით. ტერასებს შორის ვარდნის სიმაღლე 20°-მდე დაქანებისას 1,25 მეტრია, ხოლო 20-30°-ის დაქანების ფერდობზე ტერასას შორის სიმაღლეთა სხვაობა 1,5 მეტრი. ტერასის ვარდნის სიმაღლის მატებასთან ერთად ტერასის სიფართე მცირდება.
დარგვა. ფორთოხლის ნერგებს რგავენ შემოდგომაზე – 20 სექტემბრიდან 20 ოქტომბრამდე ან გაზაფხულზე 25 მარტიდან აპრილის ბოლომდე. შემოდგომაზე დარგვა კარგ შედეგს იძლევა განსაკუთრებით იმ რაიონებში, სადაც თბილი და ხანგრძლივი შემოდგომა იცის. გაზაფხულზე დარგული მცენარეები კი, სუბტროპიკული რაიონებისათვის დამახასიათებელი გვალვების მავნე მოქმედებას განიცდიან. შემოდგომაზე რგვის უარყოფითი მხარე ის არის, რომ შესაძლებელია გამოზამთრების პირველსავე წელს მცენარე ყინვამ დააზიანოს. ყინვების შემთხვევაში დაზიანდება მიწისზედა ნაწილი, რაც პირველსავე წელს სწრაფად აღდგება.
ტერასებზე მცენარეთა მწკრივების განლაგება ხდება ტერასის კიდიდან ერთი მესამედი მანძილის დაცილებით. მცენარეთა შორის მანძილი უნდა შეადგენდეს 3-3,5 მეტრს, მწკრივთაშორის მანძილი კი 4-5 მეტრს. ნერგი არ უნდა დაირგოს ღრმად, ან ზერელედ, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს მცენარის მომავალი განვითარებისათვის. ნარგავის ფესვის ყელი 2-3 სმ-ით მაღლა უნდა იქნეს. დარგვის წინ – თუ ნერგი ღია გრუნტშია გამოყვანილი -ფესვებს წინასწარ ამოავლებენ წუნწუხში ასწორებენ ორმოში დასარგავად და მიწას მოაყრიან, თუ ნერგი პოლიეთილენის პარკებშია გამოყვანილი – დარგვის წინ ფრთხილად შემოაცილებენ აპკს, ნერგს მიწის კომით მოათავსებენ ორმოში შემოაყრიან მიწას, მოტკეპნიან და მორწყავენ, სასურველია მულჩირება.
დარგვის შემდეგ საჭიროა ახალგაზრდა მცენარე საიმედოდ მივაკრათ ჭიგოს, რადგან აუკვრელი ნერგი ქარის დროს ქანაობს, ფესვები ერყევა და ცუდად ვითარდება.
ნიადაგის განოყიერება და მცენარის კვება. ფორთოხლის პლანტაციაში შესატანი მინერალური ელემენტების ზუსტი დოზების დადგენა საჭიროა ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის შედეგების მიხედვით.
საორიენტაციოდ, ყოველწლიურად საჭიროა ფორთოხლის პლანტაციაში, თითოეულ ძირზე შეტანილი იქნას მინერალური და ორგანული საკვები ელემენტები შემდეგი რაოდენობებით:
1-დან 5 წლამდე ასაკის პლანტაციაში:
- აზოტი N: 30-80 გრ./თითოეულ ხეზე (სუფთა ნივთიერება).
- ფოსფორი P: 150 გრ./თითოეულ ხეზე (სუფთა ნივთიერება).
- კალიუმი K: 50 გრ./თითოეულ ხეზე (სუფთა ნივთიერება).
- ორგანული სასუქი: 25კგ./თითოეულ ხეზე (სუფთა ნივთიერება).
6-დან 10 წლამდე პლანტაციაში:
- აზოტი N: 100-150 გრ./თითოეულ ხეზე (სუფთა ნივთიერება).
- ფოსფორი P: 300 გრ./თითოეულ ხეზე (სუფთა ნივთიერება).
- კალიუმი K: 100-120 გრ./თითოეულ ხეზე (სუფთა ნივთიერება).
- ორგანული სასუქი: 40 კგ./თითოეულ ხეზე (სუფთა ნივთიერება).
10 წლის და მეტი ასაკის მქონე პლანტაციაში:
- აზოტი N: 200-250 გრ./თითოეულ ხეზე (სუფთა ნივთიერება).
- ფოსფორი P: 300 გრ./თითოეულ ხეზე (სუფთა ნივთიერება).
- კალიუმი K: 100-120 გრ./თითოეულ ხეზე (სუფთა ნივთიერება).
- ორგანული სასუქი: 60 კგ./თითოეულ ხეზე (სუფთა ნივთიერება).
სასუქების უფრო ზუსტი დოზების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ნიადაგის აგროქიმიური/ლაბორატორიული ანალიზით.
ნიადაგის დამუშავება. ნარგაობის ორმეტრიანი ზოლი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში მუშავდება 3-4-ჯერ და იმულჩება მცენარეული მასით. რიგთაშორის 2-3 მ-იან ზოლებში თესავენ სიდერატებს ან ტოვებენ ბალახს. ახალგაზრდა ბაღში რიგთაშორისებს ბარავენ 10-15სმ. სიღრმეზე. ზრდასრულ პლანტაციაში რეკომენდებულია 4-5 წელიწადში ერთხელ ნიადაგის მსუბუქი დამუშავება.
მორწყვა. ფორთოხლის მორწყვის საორიენტაციო ჯერადობა დამოკიდებულია უშუალოდ ნაკვეთში არსებულ კლიმატურ პირობებზე და ნიადაგის ტენიანობაზე. ზოგადად, უნდა აღინიშნოს რომ ფორთოხალი ვერ ეგუება ტენის ნაკლებობას, მისთვის აუცილებელია რომ ნიადაგში შენარჩუნებული იქნას 60%-მდე ტენიანობა. ამიტომ აუცილებელია შეფარდებითი ტენიანობის ამაღლება, რისთვისაც ზაფხულში, ყვავილების წარმოქმნისას და ნასკვების განვითარებისას აუცილებელია და მაღალეფექტურია დაწვიმებითი, გამაგრილებელი და წვეთობრივი მორწყვა. იქ, სადაც მორწყვის გამოყენებისათვის პირობები არ არსებობს, გვალვების პერიოდში ციტრუსოვანთა ბაღებში რეკომენდირებულია ორგანული და მცენარეული მულჩის გამოყენება და ნიადაგის ფხვიერ მდგომარეობაში ყოფნა.
სხვლა–ფორმირება. ფორმირებას იწყებენ სანერგეში ნერგების გამოყვანისას და აგრძელებენ პირველი 3-4 წლის განმავლობაში პლანტაციის გაშენების შემდეგ. ვარჯის სიმეჩხერისას გაშიშვლებულ ადგილებში ტოვებენ განვითარებულ ტოტებს და მოზვერა ყლორტებს. აშორებენ მხოლოდ გამხმარ და მოტეხილ, ყინვებისაგან დაზიანებულ ტოტებს, რომლებსაც სხლავენ ჯანსაღი ადგილიდან 1-2 სმ–ით ქვემოთ. გამოჩენის მიხედვით აცლიან საძირის ამონაყარს. ტანი და მსხვილი ტოტები იწმინდება ხავსის, ლიქენებისა და გამხმარი ქერქისაგან. ჭრილებს უსვავენ ბაღის საგოზავს ან ბიტუმის მალამოს. ნაგალა ჯიშები განსაკუთრებულ ფორმირებას არ საჭიროებს. პირველ წლებში პლანტაციაში შესაბამისი წაწყვეტების გზით გამოყავთ მეორე რიგის ტოტები. შემდგომში აცილებენ დაავადებულ, დაზიანებულ ტოტებს, ან ზედმეტად შეხშირებულ ვარჯს.
ფორთოხლის სწორად ჩამოყალიბებულ ნერგს უნდა ჰქონდეს შტამბი არა ნაკლებ 20-25 მმ სისქის, ხოლო ხეს 1-4 რიგის დატოტვიანების ჩონჩხის ტოტები. მიმდინარე გასხვლას ატარებენ ყოველწლიურად გაზაფხულზე ზრდის დაწყების წინ (აშორებენ ხმელ და ვარჯის შეხშირებულ ტოტებს). ვარჯის გაახალგაზრდავებისას ტოვებენ მე–4-5 რიგის ჩონჩხის ტოტებს, რაც იძლევა ნაყოფების მოსავლის ადრე მიღების საშუალებას.
გასხვლა არეგულირებს მეწლეულობას. როგორც წესი უხვი მსხმოიარეობის დროს მცენარეზე ახალგაზრდა ყლორტები არ წარმოიქმნება ან, უმნიშვნელო რაოდენობით ვითარდება, რის გამოც მომდევნო წელს ვღებულობთ მცირე რაოდენობის მოსავალს და ადგილი აქვს დიდი რაოდენობის ნაზარდების წარმოქმნას, მომდევნო წლებში კი უხვმოსავლიანობის საფუძველია. სწორმა გასხვლამ შესაძლოა 30–35%–ით გაზარდოს მსხმოიარობა და შეამციროს მეწლეულობა, რისთვისაც ფორთოხლის ხეს უნდა შეუმცირდეს გასული წლის ნაზრდების გარკვეული რაოდენობა, დაბალი მოსავლიანობის წლის შემდეგ. ე.ი მოსალოდნელი მაღალი მოსავლის წლის გაზაფხულზე.
დამულჩვა. მოსავლიანობის დამულჩვით გადიდების ეფექტურ საშუალებას დიდი ხანია იცნობენ სოფლის მეურნეობაში, თუმცა იგი ფართოდ არ გამოიყენება. დაადგენილია, რომ დამულჩვის შემდეგ აღარ არის საჭირო ნიადაგის ოთხჯერადი გათოხნა, ვინაიდან მას უკვე შენარჩუნებული აქვს საკმარისი ტენი და შესაბამისი ტემპერატურა. ამ პირობებში მცენარე გაცილებით მეტ ნასკვს ინარჩუნებს და მოსავლის ნამატი 30%-ს აღწევს. მან დამტკიცებულია, რომ დამულჩვა გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე ნიადაგის ჩვეულებრივი მოვლა.
ცნობილია, რომ ზაფხულის გვალვა ფორთოხლის ნარგაობათა განვითარებას აფერხებს, შემოდგომაზე ტენიანობის მომატება კი აძლიერებს მცენარეთა ზრდას. სწორედ ეს გარემოება წარმოადგენს ციტრუსოვანთა ყინვაგამძლეობის შესუსტების ერთ-ერთ მიზეზს. მცენარეები თბილი შემოდგომის შემდეგ, ზამთარში ზიანდებიან. მაშასადამე, მულჩი არეგულირებს ტემპერატურის მკვეთრ ცვალებადობას, ამცირებს მის ამპლიტუდას, ზაფხულში ინახავს ტენს, ნარგავი ზომიერად და რიტმულად ღებულობს წყალს, ნორმალურად ვითარდება. თუ იგი საღი და ძლიერია, არახელსაყრელ პირობებს ად-ვილად იტანს.
მულჩმასალად გამოიყენება მწვანე ორგანული მასა, ტორფი, ტოლი, სიდე-რატები და შავი პოლიეთილენის აფსკი. აპრილ-მაისში პოლიეთილენის აფსკით დამულჩულ ნიადაგში 5-20 სმ – ის სიღრმეზე ტემპერატურა 2,8 გრადუსით იმატებს.
მოსავლის აღება-შენახვა. საქართველოს სუბტროპიკებში ფორთოხლის ნაყოფები გვიან მწიფდება, ყველაზე ადრეული ჯიშები – მხოლოდ დეკემბერში. ნაყოფებს ტოვებენ ხეზე, რაც შეიძლება ხანგრძლივად (წაყინვების დაწყებამდე), უკეთ დასამწიფებლად. სიმწიფის ნიშანი კანის სრული გაყვითლებაა. ნაყოფები იკრიფება შერჩევითად. დახარისხებულ ნაყოფებს აკალიბრებენ ზომების მიხედვით ანუ განივკვეთში დიამეტრის მიხედვით 5 ჯგუფად:
- 77 მმ და მეტი.
- 77-71 მმ.
- 71-63 მმ.
- 63-55 მმ.
- 55-50მმ.
ნაყოფებს აწყობენ ყუთებში მჭიდროდ, დაწოლის გარეშე.
-
ლეღვის ჯიშები - ადრიატიკული თეთრი 18.01.2019 3245 ნახვა
-
იმუნიტეტის ასამაღლებელი 10 საკვები პროდუქტი 21.03.2020 5581 ნახვა
-
სოიას ჯიშები - გურული სოია 17.01.2019 2927 ნახვა