ვენახის გაშენების და მოვლის ძირითადი აგროწესები
17 / 01 / 2019

ნიადაგის მომზადება გასაშენებლად. ზაფხულის ბოლოს – შემოდგომაზე, სავენახე ნაკვეთზე ტარდება საპლანტაჟო მოხვნა 60-80 სმ-სიღრმეზე, ან ნახევრად საპლანტაჟო ხვნა 40-60 სმ. სიღრმეზე. გვიან შემოდგომით ან გაზაფხულზე ნიადაგი უნდა გადაიხნას 4 ფრთიანი გუთნით, შემდეგ ჩატარდეს მისი გაფხვიერება მძიმე დისკებით და ბოლოს საჭიროა როტაციული კულტივატორით ნაკვეთის „ფრეზირება“.

დარგვის წესები და ნორმები. ნამყენი მოკლდება 1-2 კვირტამდე, ირგვება 20-30X20-30 სმ. სიდიდის ორმოებში, ნამყენი ადგილი უნდა იყოს 2-4 სმ-ით მაღლა მიწის ზედაპირიდან, დაუპარაფინებელი ნერგს უნდა გაუკეთდეს კოკოლა, 3-5 სმ-იანი მიწის ფენით.

დარგვის სქემები. ადგილის და საძირის მიხედვით, დარგვის გავრცელებული სქემაა: 2,0-2,4X1,0-1,30 მეტრი.

სხვლა-ფორმირება. ძირითადად გამოიყენება ქართული ცალმხრივი, ქართული ორმხრივი, ორმხრივი მოკლე კორდონი, ცალმხრივი კორდონი.

მსხმოიარობის დაწყება: დარგვიდან 3-4 წლის შემდეგ

მორწყვა. ვენახი შესაძლებელია მოირწყას როგორც წვეთოვანი სისტემით, ასევე მოღვარვით/კვლებში მიშვებით. ყველაზე მეტად კულტურა ტენისადმი მომთხოვნია შეთვალებისას და სიმწიფის დასაწყისში. მორწყვის საორიენტაციო ჯერადობა დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე, ნიადაგის ტენიანობაზე ნაყოფის განვითარების ფაზების გათვალისწინებით, ვენახი უნდა მოირწყოს წვეთოვანი მორწყვით საშუალოდ: 16-20-ჯერ სეზონის განმავლობაში, ხოლო მოღვარვით მორწყვის შემთხვევაში კი საჭიროა მორწყვის 5-6-ჯერ ჩატარება სავეგეტაციო სეზონის მანძილზე.

წვეთოვანი მორწყვის პირობებში თითოეული მორწყვის საორიენტაციო ნორმა არის 50-70 კუბ./მ 1 ჰა-ზე, ხოლო მოღვარვით მორწყვის შემთხვევაში  – 500-600 კუბ./მ 1 ჰა-ზე.

ნიადაგის განოყიერება. ვენახში შესატანი მინერალური ელემენტების ზუსტი დოზების დადგენა საჭიროა ნიადაგის აგროქიმიური და ფოთლის ანალიზის შედეგების მიხედვით.

ფოთლებში საკვები ელემენტების ოპტიმალური შემცველობებია:

  • აზოტი N-1,9-2,6%/მშრალ ნივთიერებაზე.
  • ფოსფორი P-0,16-0,25%/მშრალ ნივთიერებაზე.
  • კალიუმი K- 1,0-1,5%/მშრალ ნივთიერებაზე.
  • მაგნიუმი Mg-0,22-0,42%/მშრალ ნივთიერებაზე.
  • კალციუმი Ca-1,6-2,6%/მშრალ ნივთიერებაზე.

საორიენტაციოდ, ყოველწლიურად საჭიროა ვენახში შეტანილი იქნას 90-120 კგ. აზოტი, 80-100 კგ. ფოსფორი და 80-100 კგ. კალიუმი (სუფთა ნივთიერებები). გარდა ამისა, ორგანული სასუქების სახით საჭიროა 20-30 ტ. კომპოსტის შეტანა შემოდგომაზე, ან ადრე გაზაფხულზე.

მინერალური სასუქების შეტანის ოპტიმალური პერიოდებია:

  • აზოტი— ვეგეტაციის პერიოდში: პირველი შეტანა ხდება კვირტების დაბერვის პერიოდში. ხოლო მეორე შეტანა კი მოსავლის აღების შემდეგ.
  • ფოსფორი— ხსნადი ფორმის შეტანა საჭიროა ვეგეტაციის პერიოდში, უხსნადი ფორმა კი შეტანილი უნდა იქნას შემოდგომაზე, ან გვიან ზამთარში.
  • კალიუმი— ხსნადი ფორმის შეტანა საჭიროა ვეგეტაციის პერიოდში, უხსნადი ფორმა კი შეტანილი უნდა იქნას შემოდგომაზე, ან გვიან ზამთარში.

 

მოსავლის აღება-შენახვა. მოსავლის აღება ჯიშების მიხედვით ხდება, კონკრეტული ჯიშისათვის დამახასიათებელი ფერის, ზომის და გემოს მიღწევის შემდეგ.

შენახვის პირობები:

შენახვის ოპტიმალური ტენიანობა: 85-90%.

შენახვის ოპტიმალური ტემპერატურა: 0-1°С.

შენახვის ვადა მოცემულ პირობებში: 2-6 თვე.

მსგავსი სიახლეები