ლიჩი - თესვა, გამრავლება და მოვლა სახლის პირობებში
17 / 01 / 2019

ღია გრუნტში, ანუ ნაკვეთებზე კომერციული მიზნებისათვის ლიჩის წარმოებისას მისი გამრავლება ხდება კალმების მეშვეობით – მხოლოდ ასე ინარჩუნებს მცენარე მემკვიდრულ ნიშან-თვისებებს. ხოლო დეკორატიული მიზნებისათვის ლიჩის სახლის პირობებში გასამრავლებლად კი შესაძლებელია ლიჩის კურკების გამოყენება.

ლიჩის კურკებით გამრავლებისათვის საჭიროა კურკები, ანუ სათესლე მასალა აღებული იქნას ისეთი ნაყოფიდან, რომელიც სრულადაა დამწიფებული, კანი გამაგრებული აქვს და ახასიათებს ძლიერი არომატი.  ასეთ ნაყოფს ექნება წვნიანი, ნახევრად-გამჭვირვალე რბილობი.

კულტურის თითოეული ნაყოფი შეიცავს არასწორი-არასიმეტრიული ფორმის და მცირე ზომის კურკებს. ასეთი კურკები დასათესად არ გამოდგება – საჭიროა კარგად განვითარებული, საღი და მომრგვალო ფორმის კურკების შერჩევა, რომელთაც ასევე არ უნდა გააჩნდეთ მექანიკური დაზიანებები (დაკაწრული-დამსკდარი კანი და ა.შ.).

ლიჩის დასათესი კურკის შერჩევისას ასევე გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: ნაყოფიდან გამოცლის შემდეგ ლიჩის კურკები სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებენ მხოლოდ 4-5 დღის განმავლობაში. ამიტომ საჭიროა კურკები მალევე დაითესოს რბილობიდან ამოღების შემდეგ, რათა გაიზარდოს გაღვივების და აღმოცენების შანსები.

სახლის პირობებში დეკორატიული მცენარის მისაღებად ლიჩის კურკები ირგვება შესაბამისი ზომის ქოთანში, რომელსაც ძირი გახვრეტილი ექნება, დრენაჟის უზრუნველყოფისათვის. ასევე დრენაჟისათვის ქოთნის ძირზე საჭიროა ერთ ფენად თიხის ან კენჭების ჩაყრა, რომელსაც შემდგომ ზემოდან აყრიან ყვავილებისათვის განკუთვნილ ნოყიერ მიწას, რომელიც იყიდება შესაბამის მაღაზიებში ან ლიჩისათვის შესაფერისი მიწის მომზადება შესაძლებელია სახლის პირობებშიც – ამისათვის ერთმანეთში ურევენ ჩვეულებრივ ბაღის მიწას და ტირფს 2:1-ზე პროპორციით (ანუ ორი წილი ბაღის მიწა და ერთი წილი ტორფი).

დარგვის შემდეგ საჭიროა უზრუნველყოფილი იქნას მცენარის თესლის (ანუ კურკის) გაღვივებისათვის ოპტიმალური პირობები რაც გულისხმობს ქოთნის სითბოში მოთავსებას და მის რეგულარულ რწყვას.

აღნიშნული წესით მომზადებულ ქოთანში ითესება ლიჩის კურკა, საშუალოდ 2-3 სმ-ის სიღრმეზე. ლიჩის აღმოცენების შემდეგ ჰაერის ტემპერატურა შენარჩუნებული უნდა იქნას 25-34°C-ის ფარგლებში და ამავე დროს ნიადაგი მუდმივად ტენიანი უნდა იყოს.

ლიჩის სიცოცხლისუნარიანი თესლები როგორც წესი, აღმოცენებას იწყებენ დარგვიდან 1-4 კვირის შემდეგ. თუმცა ლიჩის ზოგიერთი ჯიშის თესლი შესაძლებელია უფრო დაგვიანებითაც აღმოცენდეს.

აღმოცენების შემდეგ სასურველია თუ ზრდის პირველ პერიოდში, ფოთლების განვითარებამდე, ლიჩს ქოთანში შევუქმნით თბილ მიკროკლიმატს, რისი მიღწევაც შესაძლებელია მცენარის თავზე შუშის ან პოლიეთილენის ჭურჭლის გადაფარებით. მას შემდეგ რაც მცენარეს განუვითარდება პირველი მოწითალო ფერის ფოთოლი, საჭიროა მცენარის მოთავსება განათებულ და მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ ადგილზე.

აღმოცენების შემდგომი მოვლა. აღმოცენების შემდეგ, პირველ ხანებში ლიჩის ნერგი სწრაფად იზრდება და რამდენიმე კვირაში მისი სიგრძე 20 სმ-მდე აღწევს. თუმცა შემდეგ მისი ზრდა სახლის პირობებში შესამჩნევად ნელდება და შემდგომი ორი წლის განმავლობაში იგი სიგრძეში მხოლოდ 10 სმ-ს მოიმატებს. ამ პერიოდში მცენარის მთავარი ენერგია იხარჯება ძლიერი ფესვთა სისტემის შექმნაზე. ამიტომ, იმისათვის რომ არ შეფერხდეს ფესვთა სისტემის ზრდა, საჭიროა ლიჩის გადარგვა უფრო დიდი ზომის ქოთნებში.

გადარგვისათვის შესაბამისი პერიოდია გაზაფხული, როდესაც მცენარე აქტიური ზრდის ფაზაში იმყოფება.

აღმოცენებიდან პირველი-მეორე წლის განმავლობაში, სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ლიჩის გასხვლაც, რათა მიეცეს სასურველი ფორმები.

მცენარის განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს მის გამოკვებას შესაბამისი მინერალური ნივთიერებებით. ამისათვის შესაძლებელია როგორც გადამწვარი ნაკელის, ასევე სხვადასხვა მიკრო და მაკრო-ელემენტების შემცველი სასუქების წყალხსნარების გამოყენება.

გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ლიჩი ტროპიკული ზონის კულტურაა, აუცილებელია მისი რეგულარული, თითქმის ყოველდღიური რწყვა და ამავე დროს კარგი დრენაჟის უზრუნველყოფა, რათა ზედმეტი წყალი შეუფერხებლად გამოიდევნოს ქოთნიდან.

 

მსგავსი სიახლეები