მსხვილი რქოსანი პირუტყვის ბრუცელოზი - სიმპტომები, მკურნალობა, პროფილაქტიკა
17 / 01 / 2019

ბრუცელოზი (Brucellosis) მსოფლიოში გავრცელებული ზოონოზური ინფექციურ-ალერგიული დაავადებაა. ხასიათდება ზოგადი ინტოქსიკაციით, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, ნერვული და სასქესო სისტემების დაზიანებით. ადამიანის დაინფიცირება ხდება დაავადებული ცხოველის პათოლოგიურ მასალასთან შეხებით (აბორტირებული ნაყოფი, სისხლი, სანაყოფე გარსები, საშოდან გამონადენი); დაინფიცირებული საკვები პროდუქტებით (აუდუღარი, არაპასტერიზებული რძე და რძის პროდუქტები, განსაკუთრებით – ყველი).

ეტიოლოგია. ცნობილია ბრუცელების 6 სახე. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს თხებისა და ცხვრების ბრუცელებს (Br. Melitensis), შემდეგ კი – მსხვილი რქოსანი პირუტყვისა (Br. Abortis bovis) და ღორების (Br. Abortis suis). გამომწვევი მდგრადია გარემოში, ასევე საკვებ პროდუქტებში (რძე, ბრინზა). დასნებოვნება ხდება ალიმეტური გზით ან კანის და ლორწოვანი გარსის მიკროდაიზანებით, სქესობრივი გზით. ბრუცელები საკმაოდ დიდხანს ინარჩუნებენ სიცოცხლეს გარემოში და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში. პირდაპირი მზის სხივები ბრუცელებს კლავს რამდენიმე წუთიდან 3-4 საათში, სადეზინფექციო საშუალებების (2%-იანი ფენოლი, 1%-იანი კრეოლინი, 0.5%-იანი ლიზოლი, 1%-იანი ქლორიანი კირი, 1-2%-იანი ფორმალინი) ბრუცელებს კლავს რამდენიმე წუთში.

დაავადების სიმპტომები. ინკუბაციური პერიოდი 2-3 კვირა ან უფრო მეტია. ბრუცელოზი მიმდინარეობს მწვავედ, ქრონიკულად და უმეტეს შემთხვევაში კლინიკური ნიშნების გარეშე. ახასიათებს: აბორტები, მომყოლის შეჩერება,  მეტრიტები, მასტიტი, ორქიტით და ეპიდიდიმიტითი, სახსრების ანთება, ლიმფური კვანძების გადიდებია, წველადობის შემცირება და ბერწად დარჩენა.

დაავადების მკურნალობა.  მკურნალობა არ ხდება, ყველა ბრუცელოზით დაავადებული ცხოველი უნდა დაიკლას.

პროფილაქტიკა და ბრძოლის ღონისძიებები. ვაქცინაცია ხორციელდება 4-დან 8 თვის მოზარდში და იმუნიტეტი გრძელდება 6 წელი. ბრუცელოზზე არაკეთილსაიმედო მეურნეობაში დასაშვებია 3-6 თვის ასაკის მოზარდის ვაქცინაცია: მდედრი ხბოების ბრუცელოზის საწინააღმდეგო B. abortus S19 და B. abortus RB51 შტამების ვაქცინით, ხოლო  მდედრი ბატკნების B. melitensis REV-1 ვაქცინით.

გეგმიურ პროფილაქტიკურ და დიაგნოსტიკურ გამოკვლევას, ვეტერინარი ექიმის დახმარებით, წელიწადში ერთხელ ექვემდებარება დაავადების მიმართ ამთვისებელი ყველა სახეობის ცხოველი. აუცილებელია ცხოველის მოძრაობზე კონტროლი, ვეტერინარულ-სანიტარიული და ზოოჰიგიენური ნორმების და წესების დაცვა. ცხოველთა ბრუცელოზის  მწვავე მიმდინარეობისას  ნახირის (ფერმის) მთელ სულადობას მოზარდთან ერთად კლავენ.

სადგომის სადეზინფექციოდ გამოიყენება 20%-იანი ახლად ჩამქრალი კირი, 2% აქტიური ქლორის შემცველი ქლორკირის, 2%-იანი ნატრიუმის ტუტის ხსნარები, 2%-იანი ფორმალდეჰიდის ხსნარი. ნაკელი ექვემდებარება ბიოთერმულ გაუვნებელყოფას. ნიადაგის ზედაპირული ფენის გაუვნებელყოფა ხდება 10%-იანი კრეოლინის ხსნარით (10ლ 1მ2-ზე) ან 3%-იანი ფორმალდეჰიდის ხსნარით (5ლ 1მ2-ზე).

დიფერენციალური დიაგნოზი. მსხვილ რქოსან პირუტყვში უნდა გამოითიშოს კამპილობაქტერიოზი, ლისტერიოზი, ეპიზოოტიური უნაყოფობა, ტრიქომონოზი. ცხვარში - სალმონელოზი, ლისტერიოზი,  კამპილობაქტერიოზი, მოწამვლა, ტრავმა და სხვ.

შემდგენელი: ანა ბოკუჩავა

ვეტერინარიის მეცნიერებათა კანდიდატი

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

მსგავსი სიახლეები