მარწყვი – დარგვა, ფორმირება, მოვლა, პლანტაციის გაშენება
17 / 01 / 2019

ადგილი თესლბრუნვაში. მარწყვის დარგვა სასურველი არაა იმ ნიადაგზე, სადაც მანამდე მოჰყავდათ: პომიდორი, კარტოფილი, წიწაკა, ბადრიჯანი, მარწყვი. ასეთ ნიადაგებზე საჭიროა ჩატარდეს ნიადაგის ფუმიგაცია და  მარწყვი 1 წლის შემდეგ დაირგოს.

ნიადაგის და ნაკვეთის შერჩევა. რელიეფი და ნიადაგის მჟავიანობის არე (პH). ნაკვეთის შესარჩევად აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს სწორი ან ოდნავ დახრილი, მზიანი ადგილი კარგი აერაციით. არ არის რეკომენდირებული ბაღის გაშენება ჩავარდნილ, ჭაობიან ნაკვეთზე, აგრეთვე ადგილზე, რომელიც საძოვრად გამოიყენებოდა.

არ უნდა შეირჩეს ნიადაგი მარილის მაღალი შემცველობით, რადგან მარწყვი ძალიან მგრძნობიარეა მის მიმართ. უხდება შავი, ოდნავ მჟავე, ხოლო ვნებს ტენიანი და ძალიან მჟავე ნიადაგი.

მარწყვის წარმოებისათვის საჭირო მჟავიანობის არე pH 6,0-დან 7,0-მდეა.

იმ შემთხვევაში, თუ მარწყვის გასაშენებლად შერჩეულ ფართობზე ნიადაგის არეს რეაქცია აღნიშნულ პარამეტრებზე მეტი ან ნაკლებია ანუ ნიადაგის მარწყვის წარმოებისათვის შეუთავსებლად მჟავე, ან პირიქით ტუტე რეაქციისაა, ამ დროს კულტურის გაშენებამდე საჭირო იქნება ნიადაგის მჟავიანობის არეს ხელოვნური რეგულირება შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით.

ფიზიოლოგიურად მჟავე ნიადაგებზე pH-ის რეგულირების მიზნით გამოიყენება ნიადაგის მოკირიანება, ხოლო ტუტე რეაქციის არეს მქონე ნიადაგებზე კი pH რეგულირდება მოთაბაშირების საშუალებით.

მოკირიანების ან მოთაბაშირების აუცილებლობის დადგენა და ზუსტი დოზების იდენტიფიცირება საჭიროა განხორციელდეს შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზის შედეგად, შერჩეული მელიორანტის სახეობის, ფორმის და აგრეთვე, მისი ქიმიური და მექანიკური შემადგენლობის გათვალისწინებით.

ნიადაგის მომზადება პლანტაციის გასაშენებლად. დასარგავი ნაკვეთი თავისუფლდება წინა წლის მცენარეული ნარჩენებისაგან, სარეველებისაგან, ჰექტარზე შეაქვთ 40-50 ტ. გადამწვარი ნაკელი ან კომპოსტი, 120 კგ. ფოსფორი და 90 კგ. კალიუმი. შემდეგ ნიადაგს ხნავენ 30-40 სმ-ის სიღრმეზე და ფარცხავენ.

სასუქების უფრო ზუსტი დოზების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ნიადაგის აგროქიმიური/ლაბორატორიული ანალიზით

დარგვის სქემა.  მარწყვის მოყვანის თანამედროვე მიდგომას წარმოადგენს მარწყვის გაშენება შემაღლებულ ბაზო-კვალზე ("ბედი") პოლიეთილენის სამულჩე მასალის გამოყენებით, Y წვეთოვანი სისტემისა და ფერტიგაციის აპარატით მცენარის  წყლითა და საკვები ნივთიერებების მიწოდების შესაძლებლობით. ტრადიციული სისტემისგან განსხვავებით, აღნიშნული ტექნოლოგია უზრუნველყოფს სარეველებისა და დაავადებების უკეთესს კონტროლს და რაც მთავარია იძლევა შესაძლებლობას დავიცვათ მარწყვის ფაქიზი ნაყოფები   მიწით და ტალახით დაბინძურებისაგან.

მოცემული სისტემის გამოყენებისას მცენარეები ირგვება ერთ ან უპირატესად ორ რიგად, (ზოგჯერ 4 რიგად) ერთ შემაღლებულ კვალზე. შემაღლებული კვალის სასურველი ზომებია სიმაღლე 20 - 30 სმ, სიგანე 30 -40 სმ, კვლების შუაწერტილებს შორის დაშორება 1,2 - 1,3 სმ.  მცენარეების დარგვის რეკომენდებული სქემაა: 25 - 30 სმ, ორმწკრივიანი სისტემის შემთხვევაში მწკრივებს შორის მანძილი 15- 20 სმ-ს შეადგენს და დარგვა ჭადრაკულად ხდება. ერთ მწკრივიან რიგში მცენარეებს შორის მანძილი შეადგენს  15 - 20 სმ-ს. ერთ გრძივ მეტრზე მოდის საშუალოდ 5 - 7 მცენარე.

დარგვის წესი. მარწყვის დარგვის ტექნიკა ძალიან მარტივია. ნიჩბით თხრიან ორმოს. მცენარეს ათავსებენ ორმოში ისე, რომ მისი გული იყოს ნიადაგის ზედაპირთან ერთ დონეზე. შემდეგ ფესვებს აყრიან მიწას და ხელით ტკეპნიან ნიადაგს. დარგვისთანავე კარგად რწყავენ (0,5 ლ ერთ ნარგავზე). მორწყვა უნდა გაგრძელდეს დარგვის შემდგომ პერიოდშიც და ჩატარდეს ყოველ 7-10 დღეში ერთხელ, მანამ, სანამ ნარგავი არ გამოცოცხლდება.

დარგვა. მარწყვის დარგვის საუკეთესო პერიოდი გვიანი ზაფხული (აგვისტოს ბოლო) - ადრე შემოდგომაა (სექტემბერი-ოქტომბერი), მისი გაშენება ასევე შესაძლებელია გაზაფხულზე, თუმცა საშემოდგომო გაშენება პროდუქტიულობას ზრდის. 

მარწყვის დარგვისას  გასათვალისწინებელია დარგვის შემდეგი თავისებურებები: დარგვის დროს მცენარის ფესვის ყელი უნდა იყოს ნიადაგის პარალელურად – მარწყვი ცუდად იტანს – როგორც ღრმა, ასევე ზედაპირულ დარგვას, ძველი და გამხმარი ფოთლები უნდა მოსცილდეს და ფესვები უნდა გაეშალოს. მცენარის ირგვლივ ნიადაგი მჭიდროდ უნდა დაიტკეპნოს.

ნიადაგის განოყიერება დარგვისას. 1-2 მეტრიან მონაკვეთზე შეაქვთ შემდეგი სასუქი:

  • ნეშომპალა- 8-10 კგ
  • სუპერფოსფატი- 80-100 გრ.
  • კალიუმის მარილი – 50-60 გრ.

მარწყვის გაზაფხულზე დარგვის შემთხვევაში სასუქი შეაქვთ წინა წლის შემოდგომით, ხოლო შემოდგომით დარგვის შემთხვევაში გაზაფხულზე.

სასუქების უფრო ზუსტი დოზების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ნიადაგის აგროქიმიური/ლაბორატორიული ანალიზით.

მსგავსი სიახლეები